"არჩევნების წინ კომპრომატების ომი გაჩაღდება. ამან კი შეიძლება წყალი "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე დაასხას!" - ამბობს მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე. რა კომპრომატებზეა ლაპარაკი და რომელი ფირების ასლებია გატანილი საზღვარგარეთ, სანდრო ბრეგაძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:
- გასული არჩევნების წინ ნაჩვენებმა პატიმართა წამების ამსახველმა სკანდალურმა ვიდეოფირმა დიდი გავლენა მოახდინა მოსახლეობის განწყობაზე. ამჟამად ამბობენ, რომ ახალი ხელისუფლების დროს პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოქვეყნდება.
შესაძლოა, ეს მართალიც არის, რადგან წელიწადი გავიდა და ვერ მოხერხდა სასჯელაღსრულების სისტემისა და სამართალდამცავი ორგანოების გაწმენდა "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერებისა და ახალაიას კადრებისგან. ისინი დღესაც მუშაობენ "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ. მათი კომპრომატებით მართვის ბერკეტები ისევ აქვთ ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას, სოსო თოფურიძეს.
- ლაპარაკია იმაზეც, რომ ასეთი ვიდეოფირის გავრცელება საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძის შანსს უფრო გაზრდის.
- მარგველაშვილი-ბურჯანაძის ორთაბრძოლა უპირველესად "ნაცმოძრაობას" აძლევს ხელს, რომელიც უკან არაფერზე დაიხევს. მე რესპუბლიკური პარტიის პოზიცია უფრო მაკვირვებს. ისინი დეკლარირებულად აცხადებენ, რომ ურჩევნიათ, მარგველაშვილის შემდეგ მეორე ადგილზე დავით ბაქრაძე გავიდეს. აშკარაა, პარტია "ნაცმოძრაობის" ლოიალურ ფრთასთან სულიერად ახლოს არის. ჩემი ინფორმაციით, ასეთი განცხადებები მათი გეგმიდან გამომდინარეობს, - კერძოდ, ეს ორი პოლიტიკური ძალა გაერთიანების შედეგად შექმნის პროდასავლურ კოალიციას. ეს კი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, ძალიან მალე მოხდება