"კოალიციაში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ბევრს გაუხარდება"

"კოალიციაში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ბევრს გაუხარდება"

ხელისუფლების შეცვლიდან ერთი წლის შემდეგ მოსახლეობის უკმაყოფილებამ დაგროვება დაიწყო. მიზეზი ბევრია - დაპირებები ნელი ტემპით ან საერთოდ არ სრულდება, მთავრობას ორგანიზებულობა აშკარად აკლია, ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი თვითდინებაზეა მიშვებული და ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საზოგადოებაში მომავლის შიშს აჩენს. თუმცა, უკმაყოფილების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკვე ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურებაა. არადა, ფაქტია, რომ კანონიერება თითქმის ყველა სფეროშია აღსადგენი. ამ საკითხებთან დაკავშირებით გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა.

"რასაკვირველია, სჯობს, ივანიშვილი პრემიერის პოსტზე დარჩეს, მაგრამ პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, პრემიერი გადაწყვეტილებას არ გადათქვამს. სხვათა შორის, კოალიციაში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ბევრს გაუხარდება. პრემიერს მართვის საკმაოდ მკაცრი ფორმა აქვს, მისი წასვლის შემდეგ კი კოალიციის წევრებს ხელს არავინ შეუშლის და ყველა შეეცდება, საბანი თავის მხარეს გადაქაჩოს. ამიტომ კარგი იქნება, კოალიცია მაისამდე მაინც თუ არ დაიშლება, თუმცა ერთიანობას მხოლოდ ფორმალური სახე ექნება. სამწუხაროდ, ამას ისევ საქართველოს ინტერესები შეეწირება - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება მწვავე პოლიტიკური ბრძოლა, რაც უფრო გააღრმავებს სამეურნეო ქაოსს.

მთელი ეს ბრძოლა კი გაიმართება გაცოფებული მაყურებლის თვალწინ - იმ ხალხს ვგულისხმობ, რომელიც ამაოდ ელის სამართლიანობის აღსრულებას. ამან კი შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგები მოიტანოს", - აღნიშნა არეშიძემ.

ექსერტი ახალ ხელისუფლებასთან "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრის გარიგების შესახებ საუბრობს და კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც ასახელებს.

"ნაციონალური მოძრაობის" საკმაოდ ბევრმა წევრმა, განსაკუთრებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულმა, თავისი დანაშაულის მიჩქმალვა "იყიდა" თანაპარტიელებისა და მეგობრების ჩაშვებით.

ზოგიერთმა ფაილებით სავსე ჩემოდნები გადასცა ახალ ხელისუფლებას, ზოგმა თავისი აუცილებლობა "დაუმტკიცა" მთავრობას და ა. შ.

კუდ-ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა "ბავშვია" ისეთ პირებთან შედარებით, როგორიცაა, მაგალითად, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ვაჟა ლელუაშვილი, მისი ყოფილი მარჯვენა ხელი, დეპუტატი გიორგი ფეიქრიშვილი, კახა ბუცხრიკიძე და ბევრი სხვა. ასეთივე პირები არიან მოკალათებული შს და თავდაცვის სამინისტროებში.

თავდაცვის სამინისტროში დღემდე მუშაობენ ის პირები, რომელთაც უზარმაზარ თანხად უვარგისი იარაღი აყიდვინეს სახელმწიფოს და შემდეგ ამ იარაღის გარემონტებაში ისევ ფული გააკეთეს.

ასეთი ადამიანები სიმბიოზის რეჟიმში არიან ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან. შესაბამისად, ხალხის კითხვა: რატომ? გაოცებას კი არა, უკვე გაბრაზებას გამოხატავს. ამიტომაც საქმეს ვეღარ უშველის განცხადებები, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ კოაბიტაცია დასრულდება, ისე არიან გადაჯაჭვული ერთმანეთზე ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. "ნაციონალური მოძრაობის" ბევრმა წარმომადგენელმა თავი იმით გადაირჩინა, რომ კოალიციაში შემავალ პარტიაში გაერთიანდა. მაგალითად, კონსერვატიული პარტია გადავსებულია ყოფილი "ნაციონალებით" და მკითხველს ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს - ყველა გარდაბნელი "ზონდერი" ამ პარტიაში გაწევრდა. სწორედ ამას ჰქვია სიმბიოზი და ასე ცხოვრობს დღევანდელი ხელისუფლება", - აცხადებს ექსპერტი.

არეშიძის თქმით, პრემიერს ბევრ ინფორმაციას უმალავენ, რის გამოც პრობლემები მოუგვარებელი რჩება.

"ბიძინა ივანიშვილი ის კაცი არ არის, რომელიც პრობლემას ვერ მოერევა. პრემიერმა რომ მოინდომოს, ქვას ქვაზე არ დატოვებს. საქმე ის არის, რომ ივანიშვილს მართლაც არა აქვს ინფორმაცია და ხშირად სპეციალურადაც უმალავენ. მას ვატყობ, რომ ვერც კი წარმოედგინა, თუ ასეთ კონტინგენტთან ექნებოდა საქმე", - აღნიშნა ექსპერტმა.

იხილეთ ბმული

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა