”კონსტიტუციის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მომავალ მემკვიდრეს თავად ვერ დაასახელებს”

”კონსტიტუციის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მომავალ მემკვიდრეს თავად ვერ დაასახელებს”

რა იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ვის დატოვებას აპირებს მოქმედი პრემიერი თავის პოსტზე, ვის რჩება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რეალური ძალაუფლება, როგორ არეგულირებს ახალი კონსტიტუცია პრემიერ-პრეზიდენტის ურთიერთობას... ეს ის კითხვებია, რასაც დაბნეული ამომრჩეველი ყველაზე ხშირად სვამს და, როგორც წესი, კომპეტენტურ პასუხებსაც ვერ იღებს. ყველა ეს კითხვა კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს დავუსვით, რომელიც "ვერსიისთვის" საინტერესო ანალიზს აკეთებს:

- ხალხი დღეს ერთადერთ პოლიტიკურ კითხვას სვამს: რა იქნება ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ და რას ნიშნავს მისი ფრაზა - კარგ პრემიერს დაგიტოვებთ. კონსტიტუციურად, ახალი პრემიერის "დატოვების" პროცედურა როგორ რეგულირდება?

- კონსტიტუციის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მომავალ მემკვიდრეს თავად ვერ დაასახელებს. მას შემდეგ, რაც ახალი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გიორგი მარგველაშვილი, ფიცს დადებს, ივანიშვილი უფლებამოსილებას მოიხსნის და მთავრობაც გადადგება. ამის შემდეგ, წინა არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი, ასეთი კი კოალიცია ქართული ოცნებაა, პრეზიდენტს ეუბნება, პრემიერ-მინისტრად ესა და ეს დაასახელეო. დიახ, ხალხი სწორად ფიქრობს - ამ დროს, კოალიციის ხელმძღვანელი ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი იქნება. სწორედ ივანიშვილი სთხოვს მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრად კონკრეტული პიროვნების დასახელებას, თუმცა ამ პიროვნების ვინაობა მხოლოდ ბიძინას კი არა, კოალიციაში შემავალი მინიმუმ 4 პარტიის გადასაწყვეტია. თანაც საუბარი იმაზე, როდის წავა პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან პრემიერი უნდა გადადგეს! თუ ივანიშვილი ფიქრობს, გადავდგები, მერე ისევ პრემიერად ამირჩევენ, რაღაც დროის მერე კი მეორედ გადავდგებიო, ეს არარაციონალური მიდგომაა.

- მარტივად აგვიხსენით, არჩევნების შემდეგ, ქვეყნის პირველი პირი ვინ არის - პრეზიდენტი თუ პრემიერი და რა უფლებები რჩება ახალ პრეზიდენტს?

- ვინ იქნება რეალური პირველი პირი ქვეყანაში, ამას სხვადასხვა პოლიტიკური კონფიგურაცია გადაწყვეტს. კონსტიტუციით, პრეზიდენტი ხელისუფლების წყარო და წამყვანი ფიგურა აღარ არის. მოკლედ, პრეზიდენტი რჩება არბიტრად მშვიდობიან პერიოდში, კრიზისის დროს კი ის კვლავ ერთმმართველი, ასე ვთქვათ, დიქტატორი ხდება. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტი ეროვნული დამოუკიდებლობისა და მთლიანობის გარანტი და სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირების უზრუნველმყოფი ინსტიტუტია. სხვა თემაა, რა უფლებამოსილებები გააჩნია მას რეალურად: მაგალითად, პრეზიდენტს აღარ შეუძლია მინისტრების გადაყენება, ვერ დაითხოვს მთავრობას, მაგრამ თუ მთავრობის პოლიტიკა არ მოეწონა, შეუძლია პრემიერს მთავრობის სხდომის მოწვევა მოსთხოვოს, სადაც მისი და უშიშროების საბჭოს წევრების თანდასწრებით იმ საკითხს განიხილავს, რომელიც არ მოსწონს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი პრემიერსა და მთავრობას ხალხის სახელით დაელაპარაკება და ასე მოახდენს ზეგავლენას მთავრობის გადაწყვეტილებებზე.

ნინო კომახიძე

(შემოკლებული ვერსია)

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა