გალის თხილის პლანტაციებში სამეგრელოდან ჩასულები 25 ლარად მუშაობენ

გალის თხილის პლანტაციებში სამეგრელოდან ჩასულები 25 ლარად მუშაობენ

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსახლეობამ თხილის მოსავალი უკვე აიღო და რეალიზაციისთვის სამზადისსაც შეუდგა. მთელი ქვეყნის მასშტაბით წლეულს უხვი მოსავალია, თუმცა თხილის ფასით გლეხები უკმაყოფილო არიან. ერთადერთი, რამაც შეიძლება თხილი გააძვიროს, მოსავლის რუსეთში ექსპორტია.

ამ ეტაპზე 1 კგ თხილის ფასი 2,40-2,50 ლარია. ამდენივე იყო შარშანაც, თუმცა 2 წლის წინათ თხილის ფასი ფასი 3 ლარსაც აჭარბებდა. მოსახლეობას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ჩასაბარებელი ფასი აიწევს.

მოსავლის რაოდენობასთან ერთად, ქართულ სოფლებში იმატა დაქირავებულ მუშახელზე მოთხოვნამაც. ეს ტენდენცია განსაკუთრებით სამეგრელოშია, სადაც დაქირავებული მუშის დღიური შემოსავალი 20 ლარს შეადგენს. გალის ტერიტორიაზე გადაადგილების პრობლემის მიუხედავად, იქ მოთხოვნა კიდევ უფრო დიდია. დღიური გასამრჯელო კი თითო მუშისთვის 30 ლარს აღწევს. ამ მიზნით გალში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ადამიანი რისკის ფასად გადადის.

ზოგმა აფხაზურ ადმინისტრაციასთან საერთო ენის გამონახვა შეძლო და ნებართვის "5-ლარიანი ქაღალდიც" მოიპოვა, მაგრამ რუსებთან ვერას გახდნენ- აფხაზების მიერ გაცემულ "ნებართვას" რუსი სამხედროები არ ცნობენ.

"საზღვრის" გადაკვეთის შემთხვევაში, მათ მინიმუმ 300-ლარიანი ჯარიმის გადახდა უწევთ.

გალის ქვედა ზონის სოფელ ოტობაიასა და ზიგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიას გამყოფ ხიდთან იაფი მუშახელის მოძრაობა შარშან თვალში საცემი იყო. ახლა მათ განმუხურის ხიდთან გადაინაცვლეს, რომ გეზი გალის სხვა სოფლებისკენ აიღონ. ახლაც კი, როდესაც მიმოსვლა საშიში გახდა, ხალხი ენგურსგადაღმა თხილის პლანტაციებში მუშაობით ცდილობს ოჯახის შენახვას. ყოველდღიური ლუკმაპურისთვის საშოვარს ამ მონაკვეთის გავლით დაეძებს ზუგდიდელი, ხობელი, სენაკელი, წალენჯიხელი და ჩხოროწყუელი გლეხების ნაწილი.

გალის ყანებსა და თხილნარებში მომუშავეებს დუხჭირმა ცხოვრებამ სხვა გზა არ დაუტოვა. ამ საბედისწერო გზაზეც ამიტომ გადიან. აფხაზეთში სამუშაოდ გადასულთა შორის არიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მათ შორის, სტუდენტები, რომლებიც ოკუპირებულ ზონაში დაგროვილ გასამრჯელოს სწავლის საფასურად აკოწიწებენ.

დღეს გალის რაიონის ოჯახში ყველა წევრს ერთად თავმოყრილს იშვიათად ნახავთ. უფრო უფროსი თაობა ცხოვრობს. ამბობენ, რომ ოჯახს უვლიან და დროებით მიმოფანტულ შვილებს კერას უნახავენ. საგაზაფხულო თუ საშემოდგომო სამუშაოებში სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულები ეხმარებიან. მათ 20, იშვიათად კი 25-30 ლარსაც უხდიან. ხდება ხოლმე, როდესაც ოჯახს ყოველწლიურად ერთი და იგივე ადამიანები "სტუმრობენ".

"მე და მოხუცი მეუღლე ვცხოვრობთ, შვილები თბილისში არიან - ერთი ჯარშია, მეორე სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს. სახლს ვუნახავთ, დაგვიწვეს, მაგრამ ახალი ავაშენეთ. მართალია, პატარაა, მაგრამ საცხოვრებლად გვყოფნის და სტუმრის მიღებაც შეგვიძლია.

სიმინდისა და თხილის მოსავლის აღებაში სამეგრელოდან გადმოსული ადამიანები გვეხმარებიან. 20 ლარს ვუხდი სიმინდის თესვისა და აღების სეზონზე, 30 ლარს - თხილის შეგროვებაში. ადრე ამაში 10-15 ლარსაც იღებდნენ, მაგრამ მიმოსვლა გამკაცრდა, თანაც ძნელი სამუშაოა. როცა კარგი დრო იყო, ერთმანეთთან საქეიფოდ დავდიოდით, ახლა ხალხი ლუკმაპურის საშოვნელად დადის, ცხოვრება აქაც ჭირს და იქაც",- ამბობს ზურაბ ეხვაია, სოფელ ნაბაკევის მკვიდრი.

ვისაც მცირე შესაძლებლობა მაინც აქვს, თხილის რეალიზაციითაა დაკავებული. ეს ბიზნესი გალის მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მომგებიან საქმიანობად ითვლება. თუმცა, რისკი სამაოდ მაღალია და შემსყიდველის მხრიდანაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

დრო გადის, თხილის ბიზნესში აქამდე მოქმედი წესები, მოთამაშეებთან ერთად, იცვლება. გალში დაბრუნებულ მოსახლეობას კარგად ახსოვს ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე თხილის ბიზნესს განკარგავდნენ. მათი უმეტესობა კლანურ დაპირისპირებას შეეწირა.

"თხილის ბიზნესში აფხაზური წარმომავლობის სხვადასხვა გვარი და რამდენიმე რუსი ჩინოვნიკი ფიგურირებს. ამ მხრივ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში პოზიციას არ თმობდნენ ტურნაბები, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ ქართველების მიმართ არნახული სისასტკითა და სიძულვილით. ერთ-ერთი, აფხაზური მილიციის უფროსის მოადგილე ოთარ ტურნაბა 2006 წელს საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. რამდენადაც ვიცით, კლანებს შორის დაპირისპირებას შეეწირა.

გალისა და ოჩამჩირის რაიონში თხილის ბიზნესს ახლაც ამ გვარის კლანი კურირებს და დირექტივებს რუსეთიდან იღებენ. გასულ წელს ერთ-ერთმა ტურნაბამ, რომელიც გალის მილიციის უფროსია, ზუგდიდიდან თხილის ქარხნის თანამედროვე ტექნიკა ჩამოატანინა და გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში უახლესი ტიპის ქარხანა ააშენა. მას წილში რუსი სამხედროები, კერძოდ, რუსეთის სამშვიდობო ჯარების მაიორი ნიკოლაი მაიროვიც ჰყავს",- ამბობს ადგილობრივი მკვიდრი თხილის ბიზნესში მონაწილე ცნობილი კლანის შესახებ.

გალელებს თხილის რეალიზაცია წელსაც უჭირთ, ადგან ადგილობრივ საზღვარზე რუსულ-აფხაზური შენაერთების, მკაცრი კონტროლის პირობებში პროდუქციის ენგურსგადაღმა გატანა ეკრძალებათ.

რა შეეხება იმერეთსა და გურიას, იქ თხილის მოსავალი სრულად აიღეს. ადგილობრივებმა შრომა თავად გასწიეს, რადგან დღიური მუშახელის დასაქირავებლად თანხა არ აქვთ, ხოლო მოსავალი არც ისე დიდია, რომ ოჯახსაც ეყოს და მუშის დაქირავებასაც მოხმარდეს.

საჩხერის რაიონის, სოფელ ივანწმინდას მკვიდრი რამაზ გულიაშვილი "რეზონასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად 1 ტონა თხილის მოსავალს იწევს და ამისთვის დამხმარეების დაქირავება საჭირო არ არის.

"ოჯახში ორი შრომისუნარიანი მამაკაცი ვართ. მოსავალიც ჩვენი შესაძლებლობებით მოგვყავს. დრო თუ დაგვრჩება, არც სხვის ოჯახში მუშაობას ვთაკილობთ. დღიური გასამრჯელო 15 ლარამდეა. სამაგრელოში ორი ამდენია და ბევი აქაური სამუშაოდ სამეგრელოს სოფლებში გადადის. ბევრია ოჯახი, საიდანაც თვეობით მოდიან სამუშაოდ, რომ შეგროვილი თანხით შემდეგ ოჯახი არჩინონ.

ჩვენები გალშიც კი გადადიან, მაგრამ ახლა მიმოსვლა გამკაცრდა და იქ უკვე იშვიათად დადიან. დაქირავებული მუშებისთვის იმერეთში სამუშაო ნაკლებადაა. ყველა დამოუკიდებლად ცდილობს მოსავლის მოყვანას, თუ ოდნავ მაინც შესწევთ ღონე. ხალხს არ აქვს იმდენი, რომ თავიც არჩინონ და მუშის ხელფასიც გაისტუმრონ",- ამბობს საჩხერელი გლეხი.

"საკუთარ ოჯახს თავად ვუძღვები, დამხმარე არც მიძებნია, რადგან ამისთვის არც შსაძლებლობა მაქვს და არც სურვილი. მირჩევნია, ცოტა დიდხანს ვიმუშაო და შემოსავალი ოჯახს მოვახმარო. ყველაზე მთავარი ახლა თხილის ფასია. ბოლო 2 წელია, გაიაფდა და ოჯახის სარჩენად არ გვყოფნის. ცოტათი ციტრუსიც წაეშველება, ყურძენიც რაღაც გამოგვივა, რომ კარგად გამოვიზამთროთ და სხვა ხარჯსაც გავწვდეთ",-ამბობს ლალი გოთუა, ოზურგეთის მკვიდრი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია