საგამოძიებო სამსახური ცეზარ ჩოჩელთან და დავით გიორგაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგამოძიებო სამსახური ცეზარ ჩოჩელთან და დავით გიორგაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, ცეზარ ჩოჩელი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით გიორგაძე, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის 29 ივნისს, შპს "საქართველოს რკინიგზის" მიერ გამოცხადებული იქნა ტენდერი 76 798 074 ლარის ღირებულების 474 000 ერთეული რკინაბეტონის შპალის შესყიდვის თაობაზე. საქართველოში აღნიშნული სახეობის შპალების ერთადერთი მწარმოებელი კომპანია იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხანა". ხსენებულ ტენდერში ამავე ქარხნის წერილით უსაფუძვლოდ გაზრდილი იყო ერთეული შპალის ღირებულება 27,3 ლარით 163,8 ლარამდე, რაც იძლეოდა ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის დამატებით 12 000 000 ლარის შემოსავლის მიღების საშუალებას.

აღნიშნული ტენდერით და შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნით" დაინტერესდა ცეზარ ჩოჩელი, რომელმაც მოსალოდნელი მაღალი შემოსავლის მიღების მიზნით, განიზრახა დაუფლებოდა ქარხანას, რაც შეიძლება დაბალ ფასად. ცეზარ ჩოჩელის მიერ სატენდერო ღირებულების გაკონტროლების მიზნით, მასთან დაკავშირებული კომპანიების შპს "ნიუ ენერჯი"-ს და შპს "მიქსორი"-ს ტენდერში ფორმალური მონაწილეობით, 2010 წლის 20 ივლისს გამარჯვებულად გამოცხადა შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხანა".

პარალელურად, ცეზარ ჩოჩელი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელ მოადგილეს დავით გიორგაძეს, რომელსაც შეუთანხმდა შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნის" მაქსიმალურად დაბალ ფასად შეძენაზე.

2010 წლის 25 აგვისტოს, დავით გიორგაძის ბრძანებით, გამოცხადდა საჯარო აუქციონი შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნის" პრივატიზების შესახებ 12 409 040 ლარად, რასაც საფუძვლად დაედო მის მიერვე მოწვეული კერძო აუდიტორის მიერ შედგენილი ყალბი დასკვნა, რომელშიც დ.გიორგაძის მითითებით არ იქნა გათვალისწინებული ქარხნის უძრავი ქონების რეალური ღირებულება და საქართველოს რკინიგზასთან 2010 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება 76 798 074 ლარის მომსახურების გაწევაზე, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში ქარხნის საბაზრო ღირებულება იქნებოდა 19 696 764,33 ლარი. ამავდროულად, დ.გიორგაძის ინიციატივით, 2010 წლის 25 აგვისტოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხანას" ეპატია საქართველოს რკინიგზის მიმართ არსებული დავალიანება 6 278 012 ლარის ოდენობით.

2010 წლის 9 სექტემბერს, შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნის" შესაძენად გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ცეზარ ჩოჩელის გამგებლობაში არსებულმა შპს "მიქსორმა", რომელმაც ქარხანა შეიძინა 7 416 364 ლარით შემცირებულ ფასად - 12 679 350 ლარად, რითაც დავით გიორგაძის დახმარებით, ცეზარ ჩოჩელი თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 19 696 764,33 ლარის ღირებულების ქონებას, რომელიც დღემდე მის საკუთრებაშია.

შპს "მიქსორი"-ს მიერ შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნის" შეძენის შემდგომ, 2010-2013 წლებში ცეზარ ჩოჩელის მიერ შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნის" უკანონოდ ფლობით, ამ უკანასკნელის გამგებლობაში მოექცა 49 000 000 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი, რომლისთვისაც კანონიერი სახის მიცემის მიზნით, შპს "რკინა ბეტონის შპალის ქარხნის" მიერ 30 347 018 ლარად შეძენილი იქნა ლუდსახარში "ზედაზენი"- ს 70% წილი. შპს "ბარამბოსათვის " შეძენილი იქნა 6 331 705 ლარის, ხოლო შპს "ბერტასთვის " - 1 189 061 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტექნიკა-დანადგარები, ასევე, შპს "მიქსორმა," როგორც შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნი"-ს დამფუძნებელმა ქარხნიდან დივიდენდის სახით გაიტანა 12 000 000 ლარი.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ