"ხატზე დავიფიცეთ და თუნდაც ჩვენი სიცოცხლე შეეწიროს, ხუდონჰესის მშენებლობას არ დავთანხმდებით"

"ხატზე დავიფიცეთ და თუნდაც ჩვენი სიცოცხლე შეეწიროს, ხუდონჰესის მშენებლობას არ დავთანხმდებით"

ხუდონჰესის გარშემო პერიპეტიები არ ცხრება. მთავრობა ნაციონალების მიერ განახლებულ პროექტს აგრძელებს და უკანდახევას არ აპირებს. ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს შედეგი არ მოჰყვება. გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი საჯარო განხილვის საგანია.

ჰესის მშენებლობა ადგილობრივ კლიმატზე გარკვეულ ზემოქმედებას მოახდენს. კომპანია "ტრანსელექტრიკა ჯორჯიაში" აცხადებენ - შეფასებამ კლიმატური პირობების მოდელირების საფუძველზე აჩვენა, რომ ხუდონჰესის წყალსაცავის შექმნის შემდეგ, რეგიონში კლიმატის რაიმე არსებითი ცვლილება არ მოხდება, თუმცა წყალსაცავი, უშუალოდ მასთან მიმდებარე ტერიტორიის ვიწრო ზოლის (1-5 კმ) კლიმატზე მოახდენს უმნიშვნელო გამაგრილებელ ზემოქმედებას თბილ სეზონზე და დამათბობელ გავლენას ცივ პერიოდში. წყალსაცავის მშენებლობისას, 2 მ სიმაღლეზე კი - მხოლოდ 10%-ით. დამატებითი ნალექის რაოდენობა კი შეიძლება იყოს 38 მმ, თუ მოხდა წყალსაცავის მიერ წარმოქმნილი წყლის ორთქლის ნახევრის ნალექად გადაქცევა (3%-იანი მატება). კომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივ კლიმატზე უმნიშვნელო ზემოქმედებათა მიზეზით მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.

სოფელ ხაიშში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით, ხმაურიანი შეხვედრა გაიმართა. საჯარო განხილვა თბილისშიც მოხდა. მოეწყო საპროტესტო აქციაც. უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი მთავრობას წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს: "ხუდონჰესისა და სხვა დიდი ჰესების მშენებლობა, მით უფრო, როცა ეს ელექტროენერგიის თურქეთში გასაყიდად იგეგმება, მიუღებელია. ამით "ოცნება" და მისი ლიდერი არღვევენ ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამით მიცემულ პირობას, რომ დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობა აიკრძალებოდა. მცირე რაოდენობის საბიუჯეტო გადასახადებს ეწირება სოფლები, ეკლესიები და სხვა ძეგლები... ამ ვანდალიზმის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს ყველამ, ვისაც უყვარს სამშობლო. ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე, მიწისძვრის, სამხედრო ან დივერსიული შეტევის შედეგად, გიგანტური ჰესის ნგრევის შემთხვევაში, რეალური რისკის ქვეშ დადგება. დიდი ჰესი, მისი მასშტაბისა და წყლის კოლოსალური მოცულობის გამო, თავად სეისმური აქტივობის მაპროვოცირებელ ფაქტორად მოგვევლინება. ასეთი კოლოსალური ზარალი ყოვლად მიუღებელია. მით უფრო, არც შემცირებულ ტარიფებს ვიღებთ. ერთად ვიბრძოლოთ სვანეთისა და საქართველოს სხვა კუთხეების დატბორვის მასშტაბური გეგმის წინააღმდეგ".

ხაიშის თემის მოსახლეობის ნაწილმა რამდენიმე თვის წინ ფიცი დადო, რომლის მიხედვით, ისინი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას არ დაუშვებენ. ფიცის ტექსტი, რომელიც სოფლის წმინდა გიორგის ტაძარში ინახება, ასეთია: "დამხობაი ბოროტმსახურთა, ეგრეცა ღმრთისმოძულეთა დაქცევისათვის. 1) არსენ იყალთოელის თარგმანი, შესულია შიო მღვიმელის ტიპიკონში. 2) არის ძეგლის წერაშიც. 3) ექვთიმე ათონელის თარგმანი კონსტანტინოპოლის კრებებიდან, რომელიც I და II საუკუნეებიდან იღებს სათავეს. იკითხება მართლმადიდებლობის ზეიმზე… ...რომელნი უკუე ჯუარსა უფლისასა, ძელსა ცხოველსმყოფელსა, რომელსა ზედა ქრისტემან მეუფემან დიდებისამან ხელნი განიპყრა, არა თაყუანის-სცემენ და არცა პატივს მიაგებენ მას, შეჩუენებულ უიყუნედ! ...რომელნი ეკლესიისა მტერნი, მოღალატენი, ორგულნი, შინა გამცემელნი და ყოველნი, რომელთა ურთიერთარს გარდასცნეს ბოროტნი წმიდისა ეკლესიისათვის და სხუათა მონაცვლეთ ექმნეს ბოროტადმსახურებასაშეჩუენებული იყუნედ! ...რომელნი მტერნი სამშობლოისა ჩუენისანი და ყოველნი წინააღმდგომნი, ბოროტად მებრძოლნი, გამცემელნი, ორგულნი და მოღალატენი, დაამხუნეს იგინი ღმერთმან ჩუენმან საკვირველებამათან სილაღეი მათი მიწად დააკუეთეს, შეჩუენებულ იყუნედ!

ხაიშის თემის მცხოვრებნი ვიფიცებით, რომ გამოხვატავთ ნებას ხუდონჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს მშენებლობა მიმართულია არა მხოლოდ ხაიშის, არამედ სვანეთისა და, შესაბამისად, საქართველოს საზიანოდ და ყველა, ფიცის ქვეშ მყოფნი ერთიანად მივიღებთ გადაწყვეტილებას ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით... ვფიცავ, არ დავიშურებ ძალ-ღონესა და ჭკუა-გონებას, რომ ხაიშის წმინდა გიორგის მოქმედი ტაძარი, სასაფლაოები, ხაიშის თემი და მასში შემავალი სოფლები არ მოექცნენ წყალქვეშ. ფიცის სინამდვილეს ხელმოწერით ამჟამად 70-ზე მეტი ოჯახი ადასტურებს და მოსახლეობის ნაწილი შეფიცულებთან შეერთებას აპირებს".

ხაიშის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ზურაბ ნიჟარაძე ამბობს, რომ სვანები ხუდონჰესის აშენებას არ დაუშვებენ. "მასობრივად ხატზე დაფიცება სვანეთში დიდი ხანია არ ყოფილა, მაგრამ გვაიძულეს, ასე მოვქცეულიყავით. ვერანაირი კომპენსაციის საფუძველზე და ვერანაირი პირობებით ვერ დავთანხმდებით, ხუდონჰესის მშენებლობას იქ და იმ მასშტაბებით, სადაც ესენი გეგმავენ და აპირებენ, თუნდაც ჩვენი სიცოცხლე შეეწიროს ამას. ეს ჩვენი საბოლოო სიტყვაა, რასაც არ გადავალთ. ჯერ არის უფალი და მერე იწყება სხვა დანარჩენი".

სხვათა შორის, ზურაბ ნიჟარაძემ, შარშან ზაფხულში, სვანეთში ასულ ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფ ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა აზრი ხუდონჰესის მშენებლობის განახლებაზე და ასეთი პასუხი მიიღო: "სოფლის აყრის ხარჯზე როგორ შეიძლება, ენერგეტიკა მივიღოთ?! ხალხის და სახლების განადგურების ხარჯზე წამოსული ენერგეტიკა არაფერში გვჭირდება!"

ხუდონჰესის მშენებლობის განახლებას, მესტიის რაიონის სოფლების - ხაიშის, გაღმა ხაიშის, ტობარის, დაკარის დატბორვა და 2000-ზე მეტი ადამიანის გასახლება მოჰყვება. საპირწონედ, ერთ მხარეს საბიუჯეტო ინტერესებია, მეორე მხარეს კი - ათასობით ადამიანის ბედი, მშობლიური მიწა, წინაპართა საძვალეები, სარიტუალო სიწმინდეები. ცნობილია, რომ ბუნებრივი სტიქიების შედეგად გადასახლებული პირველი თაობის მთიელები ბარს ძნელად ეგუებოდნენ. მთაში გაკაჟებულნი, დროთა განმავლობაში გულის ავადმყოფობებით იღუპებოდნენ. ეს მწარე რეალობა აუცილებლად გასათვალისწინებელია. ძნელია იმაში დარწმუნება, რომ ხაზინის შევსების ინტერესი, ისტორიული სოფლების გაქრობის პერსპექტივას აღემატება. საჯარო განხილვებში ქართული საზოგადოება უნდა ჩაერთოს და პრობლემა საერთო კონსენსუსის საფუძველზე გადაწყდეს. ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეზე, მის უნიკალურ ეკოსისტემაზე ზრუნვა ერის პირდაპირი მოვალეობაა.

მერაბ ბერიძე

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია