რატომ ატანს წყალს შიდა ქართლის მოსახლეობა ატმის უხვ მოსავალს

რატომ ატანს წყალს შიდა ქართლის მოსახლეობა ატმის უხვ მოსავალს

წელს შიდა ქართლში განსაკუთრებით უხვი ატმის მოსავალი მოვიდა. ამის მიზეზად მოსახლეობა მთავრობის მიერ დარიგებულ ვაუჩერებს ასახელებს, რომლითაც შეძლეს ბაღის მოვლის საშუალებების შეძენა. მოწეული ატმის რეალიზება იმდენად ჭირს, რომ ხალხი კრეფს და წყალში ყრის. გორის ბაზარში ერთი ვედრო ატმის შეძენა 1 ლარად შეგიძლიათ.

ინფორმაციის დასაზუსტებლად გორის რაიონ სოფელ ტირძნისში მცხოვრებ ქალბატონ თინათინს დავუკავშირდით, რომელიც ატმის მოსავლიანობასა და მისი რეალიზაციის სავალალო შედეგებზე გვესაუბრება.

- როგორც ვიცი, ატმის მოსავალი კარგი გქონდათ. მოახერხეთ მისი რეალიზება?

- წელს შიდა ქართლში ატმის ძალიან დიდი მოსავალი მოვიდა. ატამი ძნელი მოსაყვანია. ხეებს გასხვლა, მოვლა, სასუქის დაყრა, მოწამვლა სჭირდება. ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, შარშან ბევრ ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, ნაკვეთები შეეწამლა, წელს კი მთავრობის მიერ დარიგებული ვაუჩერებით თითქმის ყველამ ისარგებლა. აქედან გამომდინარე, ატმის კარგი მოსავალი მოვიდა, მაგრამ რად გინდათ?! რეალიზაცია ისე ჭირს, რომ ხალხი კრეფს და წყალში ყრის. ერთი ვედრო ატამი შეგიძლიათ გორის ან თბილისის ბაზარში ერთ ლარად შეიძინოთ. ჩემს მეუღლეს "მარშრუტკა" ჰყავს. ზაფხულობით სოფლიდან მოსახლეობა ბაზარში ხილის გასაყიდად დაჰყავს ხოლმე. ხან თბილისში, ხანაც გარდაბანში მიდიან. იმ შემთხვევაში, თუ ხილს ვერ ჰყიდიან, აზერბაიჯანელები ყველში ან მატყლში უცლიან. წელს სავალალო მდგომარეობაში არიან გლეხები, აღარც აზერბაიჯანელები ცვლიან ატამს ყველზე და არც ყიდულობენ. მოსახლეობა ლამის მშიერი დარჩა.

- როგორც თავად თქვით, მთავრობის მიერ დარიგებულმა ვაუჩერებმა უხვი მოსავალი მოიყვანა. ატმის გატანა ექსპორტზე რატომ ვერ ხერხდება?

- პირადად მე, 520-ლარიანი ვაუჩერი მერგო. მაზარალეს მაღაზიის მეპატრონეებმა, რომლებთანაც ნაკვეთის დამუშავებისთვის საჭირო წამლები უნდა შემეძინა. ყველაფერი ძვირად მომყიდეს, მაგრამ მაინც მთავრობის მადლიერი ვარ. ისე არ გაიგოთ, რომ ვაუჩერი ყველას შეხვდა. უამრავი დარღვევა იყო. ჩემმა მეზობელმა საერთოდ ვერ აიღო, ბევრი ირბინა, თუმცა ბოდიშით გამოისტუმრეს - შეგვეშალაო. ატმის ექსპორტზე მკითხეთ. შარშან მაგალითად, აზერბაიჯანელები ჩამოდიოდნენ, ადგილობრივი მოსახლეობისგან ატამს საკმაოდ ძვირად ყიდულობდნენ და ბაქოში მიჰქონდათ. ჩვენც კმაყოფილები ვიყავით და ისინიც. ზოგმა 10 ათასი დოლარის ატამიც კი გაყიდა. ახალმა მთავრობამ კი საბაჟოზე ძალიან დიდი გადასახადი დააწესა და საქართველოდან ატმის გატანა აღარ უღირთ. ამიტომ აღარ მიაქვთ. ქართველებსაც ვეღარ გააქვთ ბაქოში, რადგან ექსპორტზე გატანა ძვირი ჯდება და გლეხი მოგებას ვერ ნახულობს. გლეხს რა უნდა მთავრობისგან? მხოლოდ ბაზარი, მოწეული პროდუქტის რეალიზაცია რომ მოახდინოს. ჩვენ კი ბაზარი არ გვაქვს. შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობაა. წარმოიდგინეთ, ხალხი ატამს კრეფს და ყრის. ჩემმა მაზლმაც ატმის კარგი მოსავალი მიიღო. აქ რომ ვერ გაყიდა, ბაქოში გადაწყვიტა წაღება. საზღვარზე ერთი ტონის განბაჟება 400 დოლარი ღირებულა. ამას საწვავის ფული და სხვა ხარჯებიც დაემატა. თანაც, ადგილობრივი ატამიც დამწიფებული ყოფილა და ამან კონკურენცია ვერ გაუწია. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ 2.000 ლარი ვალი დაედო.

- ადგილობრივი ქარხნები არ იბარებენ ატამს?

- გორში "კულას" ქარხანა ფუნქციონირებს და ტონობით ატამი რად უნდათ?! სხვა არც ქარხანა მუშაობს და არც არაფერი. ახლა ხალხმა ვაშლის კრეფა დაიწყო. ატმის მსგავსად, ვაშლის მოსავალიც კარგია. ჩემი ვარაუდით, ხალხი მასაც წყალს გაატანს. ექსპორტზე გატანა იმდენი ჯდება, მოგებას ვერ ნახულობენ და სად წაიღონ? შარშან ძირს ნაყარი, გაფუჭებული ვაშლი, ერთი ყუთი 5 ლარი ღირდა. წარმოიდგინეთ, ხალხი გაფუჭებულსაც კი ყიდდა. წელს 5 ლარის მაგივრად, 1 ლარი ღირს.

- მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო სოფელში რა არის? არც სხვა ხილს აქვს ფასი?

- შვილო, რაც მოსახლეობას ბევრი ჰქონდა, იმას ფასი არ აქვს და რა ხილი უნდა გაყიდონ იმდენი, რომ მოგება ნახონ? მოსახლეობის ძირითად შემოსავლის წყაროს მესაქონლეობა წარმოადგენს. ძროხები ჰყავთ და ყველს ყიდიან. ახლა აქ, გლეხის ოჯახში რომ შეხვიდეთ, 5 ლარიც არავის ექნება. ყოველდღე დადიან ბაზარში იმ იმედით, რომ რაიმეს გაყიდიან და "ორ კაპიკს" იშოვიან, მაგრამ - ამაოდ. თავის სარჩენად მოსავლის ფული არ ჰყოფნით და ბანკიდან ვალებს იღებენ. საშინელი მდგომარეობაა, ზამთარში რაღა ეშველება ხალხს, ის "ორი კაპიკიც" რომ აღარ ექნება? ვისაც ოჯახში პენსიონერი ჰყავს, მდიდარ ადამიანად ითვლება. 100 ლარი აქვს ოჯახს შემოსავალი და ეს უკვე სოფელში დიდი ფულია. ჩვენთან ერგნეთის ბაზრობა ძალიან ახლოს იყო და მოსახლეობა იქ ვაჭრობდა ხოლმე, მოყვანილ პროდუქციასაც ასაღებდა და ხალხს არაფერი უჭირდა. ახლა უფლის იმედად ვართ დარჩენილები.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია