რატომ აუგორეს ჭორი ბადრი პატარკაციშვილის ძმას

რატომ აუგორეს ჭორი ბადრი პატარკაციშვილის ძმას

"ამჟამად ბიზნესში სხვადასხვა მიმართულებით ვარ დაკავებული", - ამბობს ბადრი პატარკაციშვილის უმცროსი ძმა - კობა პატარკაციშვილი, რომლის სახელიც ბოლო დროს მისთვის არცთუ ისე სასიამოვნო კონტექსტში ახსენეს და როგორც ჩანს, კობას ეს ამბავი ცოტა არ იყოს, აწუხებს...

- როგორც ჩანს, ბიზნესის სფერო თქვენი ოჯახისთვის ძალზე ახლობელია...

- ასეა! მამა, ძმა, ბაბუა, დიდი ბაბუა - ყველანი ბიზნესმენები იყვნენ...

- ბიზნესი მარტივი საკეთებელი არ არის. ამას შესაბამისი განათლება და გამოცდილება სჭირდება... თქვენ რა განათლება გაქვთ?

- ამერიკაში 7 წელი ვსწავლობდი არა მარტო ბიზნესის განხრით, არამედ პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებითაც... ძალიან მიყვარს ზოგადად, ხალხი და მათი ფსიქოლოგიის შესწავლა. ამიტომ ბევრ დროს ვუთმობდი ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიას. ბაკალავრიატი საერთაშორისო პოლიტიკაში, საერთაშორისო ურთიერთობებსა და სოციოლოგიაში მაქვს დამთავრებული, მაგისტრატურის კურსი კი საერთაშორისო ბიზნესსა და მარკეტინგში გავიარე.

- სკოლა ხომ თბილისში დაამთავრეთ?

- კი და სკოლა დავამთავრე თუ არა, სასწავლებლად მაშინვე უცხოეთში წავედი. მაშინ საქართველოში რთული პერიოდი იყო...

- უცხოეთში თქვენი გამგზავრება, დაბინავება და სწავლა ალბათ ძმამ - ბადრი პატარკაციშვილმა დაგიფინანსა, არა?

- ბადრი, რა თქმა უნდა, მეხმარებოდა, რადგან უცხოეთში სწავლა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, თუმცა იქ მოსახვედრად, სადაც ვსწავლობდი, ბევრი შრომა დამჭირდა: ჯერ ბოსტონში ვსწავლობდი, შემდეგ - ნიუ-იორკში. თბილისის შემდეგ, ნიუ-იორკი ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ქალაქია. როცა იქ პირველად ჩავედი (მანამდე ბევრ ქვეყანაში გახლდით ნამყოფი), საოცარი ემოცია და გრძნობა დამეუფლა. ნიუ-იორკში სამი წელი ვცხოვრობდი. სხვათა შორის, ამ ქალაქის მიმართ დღემდე საოცარი გრძნობა მაქვს და შეიძლება, სამომავლოდ საცხოვრებლად მაინც იქ წავიდე.

- ვიცი, რომ აქ ყოფნაც გიყვართ...

- საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი მეუღლე ამერიკიდან არის, ჩვენი შვილიც იქ დაიბადა...

- შევიტყვე, რომ შვილი მართლმადიდებელ ქრისტიანად მოგინათლავთ. რატომ?

- ბავშვი მამით ებრაელია, დედით - ამერიკელი (ვანესა ლათინოამერიკელია, დომინიკის რესპუბლიკიდან), სარწმუნოებით კი მართლმადიდებელი ქრისტიანი გახლავთ. პრინციპში, არც მე და არც ვანესა მართლმადიდებლები არ ვიყავით (ვანესა კათოლიკეა), ამიტომ გადავწყვიტეთ, ბავშვი მართლმადიდებელი გვყოლოდა.

- შვილმა მომავალში თქვენი ეს გადაწყვეტილება რომ გააპროტესტოს, როგორ მოიქცევით?

- არ არის პრობლემა: თუ მომავალში გადაწყვეტს, რომ სხვა რელიგიის მიმდევარი უნდა იყოს, კი, ბატონო. პატარას ორი სახელი ნიკოლას-შალომი ჰქვია. შალომი მამაჩემის პატივსაცემად დავარქვი. მამას ქართულად შალვას კი ეძახდნენ, მაგრამ ებრაულად შალომი იყო. ჩემი შვილის ნათლია საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გახლავთ და ასევე, ჩემი უახლოესი მეგობარი. პატრიარქს ჩვენი შვილის მონათვლის ამბავი ძალიან გაუხარდა, დალოცა, ოქროს ჯვარი აჩუქა. ჩვენც გაგვიხარდა, რომ მისი უწმინდესობა დაგვთანხმდა, ნიკოლასის ნათლია ყოფილიყო. ზოგადად, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი რომელი რელიგიის მიმდევარია. ადამიანებს არა რელიგიური მრწამსის, არამედ ადამიანური თვისებების გამო ვცემ პატივს. სინაგოგაშიც დავდივარ და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც. თუ უცხოეთში ვარ, კათოლიკურ ტაძარსაც ვსტუმრობ.

- ებრაული ენა იცით?

- ებრაული უკეთესად ვიცოდი, მაგრამ პრაქტიკა რომ არ მაქვს, ცოტა არ იყოს, დამავიწყდა...

- ძმის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ თქვენი დიდი ოჯახი როგორ ცხოვრობს?

- მის გარეშე ძალიან ძნელია ცხოვრება. ის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო. დღე ისე არ გავა, რომ არ გამახსენდეს...

- მამა პატარამ დაკარგეთ, არა?

- მამა 61 წლისა გარდაიცვალა, მაშინ 9 წლის ვიყავი... პატარა კი გახლდით, მაგრამ მახსოვს მისი ცხოვრების ბოლო წლები, როგორ ავადმყოფობდა, როგორ ვუყვარდი... გულდასაწყვეტია, რომ ასე ადრე დაიღუპა ჯერ მამა და მერე - ბადრიც... ეს შოკი იყო ყველასთვის...

- თქვენს ურთიერთობაში ხელი არ შეუშლია იმას, რომ მისი ნახევარძმა იყავით?

- მასთან არა მარტო ძმური, არამედ მამაშვილური ურთიერთობა მქონდა - 9 წლიდან ის მზრდიდა. ყოველთვის უნდოდა, რომ ვყოფილიყავი განათლებული, კარგი ადამიანი, სამართლიანი, ასევე - ქველმოქმედი. ის ყველას გვასწავლიდა, რომ სიკეთე უნდა დაგვეთესა და თვითონ არა მარტო ჩვენი ოჯახისთვის, ალბათ საზოგადოებისთვისაც ამის საუკეთესო მაგალითი იყო.

- თქვენს ოჯახს ტელეკომპანია "იმედი" დაუბრუნდა... მოგწონთ დღეს ამ არხის მუშაობა?

- ბადრის გარეშე მგონია, რომ "იმედი" "იმედი" აღარ არის. ჩვენთვის ძალიან ემოციური და ამაღელვებელი გახლდათ ის დღე, როდესაც ტელევიზია დაგვიბრუნეს; თითქოს, ამით ბადრი დავიბრუნეთ.

- პირადად თქვენ, ახალ ხელისუფლებასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ჩემთვის არც იმას აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის მიმდევარია. მთავარია, იყოს კარგი ადამიანი და ასეთი ადამიანები ყველა პოლიტიკურ ძალაში მოიძებნებიან...

- ცხოვრების ბოლო წლებში თქვენი ძმა პოლიტიკაში აქტიურად ჩაება. თქვენც ხომ არ აპირებთ ამ სფეროში გადაბარგებას?

- საქართველოში საზოგადოება იმაზე მეტად პოლიტიზებულია, ვიდრე უნდა იყოს. ამ ეტაპზე პოლიტიკაში ჩაბმაზე არ ვფიქრობ, მაგრამ გამორიცხულიც არაფერია. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. არც ბადრი და არც ბატონი ბიძინა არ გეგმავდა თავის დროზე პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ მოვიდნენ...

- ფრთხილი ხართ?

- გააჩნია საკითხებს, მის მნიშვნელობას და ამის მიხედვით აწონ-დაწონილ რისკებს... ისე, სიფრთხილითა და შიშით რომ იცხოვრო, ცხოვრებას აზრი აღარ ექნება.

- ე.ი. რისკი გიყვართ?

- რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვრისკავ და მომავალშიც გავრისკავ. ამით ბევრიც მომიგია და ბევრიც დამიკარგავს...

- საქმის გარდა, დროს რას უთმობთ?

- დროს ვუთმობ ახალი რაღაცების შესწავლას, ოჯახს, გართობას, კითხვას, მოგზაურობას...

- ბოლო დროს ჭორის ობიექტიც აღმოჩნდით... თქვენზე თქვეს - დასასვენებლად მომღერალ ნინა წკრიალაშვილთან ერთად წავიდაო... როგორც ვიცი, საქართველოდან "იურმალის" კონკურსზე, სალომე ქათამაძის საგულშემატკივროდ გამგზავრებულ 30-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში, თქვენთან ერთად, ნინაც იყო და ამის დამადასტურებელი არაერთი ფოტო არსებობს. ეს ხომ არ გახდა ჭორის მიზეზი?

- ამ ზაფხულს უცხოეთში ბევრი ვიმოგზაურე: ზოგი საქმიანი ვიზიტი იყო, ზოგიც - არა. იურმალაში, სალომეს საგულშემატკივროდ ჩემი დისშვილი თამუნა (მზიას უფროსი გოგო), მისი მეუღლე, მათი შვილი და მე ვიყავით. ასევე, იქ იყო ბევრი სხვა ადამიანი, ძირითადად - ქართველი გულშემატკივრები. მათგან უმეტესობას არ ვიცნობდი და ერთმანეთი იურმალაში გავიცანით, დავმეგობრდით. სიმართლე გითხრათ, წასვლას არც ვაპირებდი, მაგრამ თამუნამ მითხრა: თუ არაფერს გეგმავ, იურმალაში მივდივართ და წამოდიო.

- ნინა წკრიალაშვილიც იქ გაიცანით?

- ასეა! ნინას მანამდე არ ვიცნობდი. მისი არც ერთი სიმღერა არ მქონდა მოსმენილი... ჯგუფის წევრები ყველანი ერთად ვიყავით, ვგულშემატკივრობდით სალომე ქათამაძეს და თან, ვერთობოდით...

- მაგრამ იურმალაში ნინასთან ერთად გადაღებული ერთ-ერთი ფოტო მითქმა-მოთქმის ობიექტი გახდა...

- იქ ძალიან ბევრი ფოტო გადავიღე, როგორც აღნიშნული ჯგუფის წევრებთან, ასევე სხვებთან. სასაცილოა, რომ ის ფოტოსურათი ხმაურის მიზეზი გახდა. მომავალში შეიძლება, ნებისმიერ ქალბატონთან გადაღებულ ჩემს ფოტოზე იჭორაონ და ილაპარაკონ. ჩემთვის მიუღებელია, რომ ეს ფოტო ასეთი ბინძური ფორმით გამოიყენეს, მით უმეტეს, რომ ყველამ იცის, დაოჯახებული ვარ. უბრალოდ, იმაში გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდა, უფრო მეტიც - დამამშვიდა, ნუ ნერვიულობო. ჩვენ 8 წელია, ერთად ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი...

- ვანესა ვინ არის პროფესიით და რას საქმიანობს?

- ის მოდის სამყაროში საქმიანობს. ერთი პერიოდი მოდელიც იყო და ამერიკაში სხვადასხვა ცნობილ დიზაინერთან მუშაობდა. ახლაც ნიუ-იორკშია და იქაურ "ფეშენ ვიკს" ესწრება. გარდა იმისა, რომ დიზაინერების პიარითა და მარკეტინგით იყო დაკავებული, მათ კოლექციების გაყიდვებშიც ეხმარებოდა. უნდა, რომ ამ საქმით უფრო მეტად დაკავდეს.

- ნინას თუ ელაპარაკეთ მას შემდეგ, რაც ჭორი აგორდა?

- კი და ბევრი ვიცინეთ. თავიდან თვითონაც ინერვიულა, მეც ვინერვიულე. არ მინდა, ჭორების გამო რაიმე დაუშავდეს: როგორც იცით, მონაწილეობს პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები". ნინას წარმატებები მინდა, ვუსურვო.

- ისე, ამ ყველაფრის გამო ძალიან ცნობილი გახდით...

- ცნობილი აქამდეც ვიყავი, უბრალოდ, ზედმეტ ყურადღებას ყოველთვის ვარიდებდი თავს, რადგანაც მიყვარს თავისუფლად ცხოვრება და რაღაცებისგან თავის შეზღუდვა ნამდვილად არ მინდა...

- თქვენი ოჯახის წევრებზე ვილაპარაკეთ, მაგრამ არაფერი გითქვამთ დედაზე. ვინ არის ის და რას გვეტყვით მასზე?

- დედას ელზა ჰქვია და ვფიქრობ, ის ყველაზე კარგი დედაა მთელ დედამიწაზე. უსაყვარლესი ადამიანია, რომელთანაც მთელი ცხოვრება ვალში ვიქნები. მან ბევრი რამ მასწავლა და ჩემზე ბევრს ნერვიულობს, განიცდის. წლებია, აღარ მუშაობს, პენსიაზეა. თავის დროზე ისიც ბიზნესში იყო ჩართული.

- კობა, წლების წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვენზე თქვა: ბადრი პატარკაციშვილის ძმა კანონიერი ქურდიაო...

- ეს დაახლოებით, 3-4 წლის წინ იყო. სწორედ მაშინ ნიუ-იორკში გახლდით: დილის 7 საათზე ტელეფონი მირეკავს. ვიღებ ყურმილს. ჩემთვის უცხო გოგონა მეუბნება: გამარჯობა, მე ჟურნალისტი თეა სიჭინავა (მაშინ "მაესტროში" მუშაობდა) ვარ. რა კომენტარს გააკეთებთ პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელიც თქვენ შესახებ გააკეთაო? ახალი გაღვიძებული ვიყავი და ვერც კი მივხვდი, საერთოდ რაზე იყო ლაპარაკი, ამიტომ ვკითხე: - რაზე გააკეთა პრეზიდენტმა განცხადება-მეთქი? - მან განაცხადა, რომ თქვენ ხართ კანონიერი ქურდიო, - მითხრა თეამ. ამის გაგონებაზე სიცილით მოვკვდი. ყველაფერს ველოდი, ამას კი არა. ჩემი პასუხი მაშინაც და ახლაც არის ასეთი: თითქმის ნახევარი ცხოვრება ამერიკაში გავატარე. როგორც გითხარით, იქ ვსწავლობდი. ამიტომ თუ ამერიკის უნივერსიტეტებში სტუდენტებს ასწავლიან, როგორ უნდა გახდნენ კანონიერი ქურდები, მაშინ პრეზიდენტმაც იგივე სკოლა გაიარა და ორივე კანონიერი ქურდები გამოვდივართ-მეთქი.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია