შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ყალბი ფულადი კუპიურების დამზადებისა და რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან 1985 წელს დაბადებული ლევან ვ. და 1962 წელს დაბადებული ომარ ხ. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები სპეციალური ტექნიკური საშუალების გამოყენებით, გასაღების მიზნით, სხვადასხვა ნომინალის მქონე ყალბ ეროვნულ ვალუტას ამზადებდნენ და მის რეალიზაციას ახდენდნენ კომერციული სახის დაწესებულებებსა და კერძო პირებზე.
სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული ყალბი ეროვნული ვალუტა, 3 ფერადი ასლგადამღები სპეციალური დანადგარი და სხვა მოწყობილობები ამოიღეს.
გამოძიება ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადების ან გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით), რაც 7- დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.