ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკაში ბრუნდება?

ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკაში ბრუნდება?

კოჰაბიტაცია ახალ ფაზაში შედის... მალე საქართველოში არასამთავრობოებისა და მოძრაობების ბუმი დაიწყება, ზოგი ახალი შეიქმნება, ზოგიც გაცოცხლდება... როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ამ სფეროშიც მოუწევს რაღაც-რაღაცების დალაგება. "სახალხო კრების" წევრის, ლაშა ამირეჯიბის თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ უახლოეს ხანში გაცოცხლდება ლევან გაჩეჩილაძის "დაიცავი საქართველო".

- ჯერ კოჰაბიტაციის პროცესი არ დამთავრებულა, პირიქით, ახალ ფაზაში შედის, ჯერ გოგორიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი აქეთ ჰყავთ გადმოსაყვანი. ნუ გავიწყდებათ, რომ ეგენი არჩევნების გაყალბების დიდოსტატები არიან. "ნაციონალებმა" გამგეობები და საკრებულოები უკვე დაიბევეს... არჩევნების შემდეგ ისევ გაგრძელდება ორხელისუფლებიანობა. "რესპუბლიკელები" ცხენებზე არიან ამხედრებულები, ცდილობენ, რაღაც პოლიტიკური ჯგუფები შეიწოვონ, საწყის ეტაპზე, სავარაუდოდ, ირაკლი ალასანიას პარტია და უკვე ჩანს კონტურები "ნაციონალებთან" გარიგებისა. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს ამერიკელებისგან მიღებული აქვს რეკომენდაცია: თქვენ იქნებით პირველები, ხოლო მეორე ადგილზე გავლენ "ნაციონალები", შემდეგ - ნინო ბურჯანაძე და დანარჩენები. ალბათ, ყველამ ნახა დათო ბაქრაძის ვოიაჟი ამერიკაში: უკვე აშკარად გამოჩნდა და მე ამას ადრეც ვამბობდი, რომ ესენი ამერიკელებს სჭირდებათ, მაგათი პროექტი ჯერ არ დამთავრებულა... შარშან ოქტომბერში ხალხის წინააღმდეგ ვერ წავიდნენ, ხალხმა ხელი აუწია ბიძინას და ყველაფერი მოხდა იძულებით. ივანიშვილს იმ პერიოდში ჰქონდა 70 პროცენტამდე, შეიძლება მეტიც, მაგრამ ამერიკელებმა გადაწყვიტეს, ამდენი "ნაციონალებს", ამდენი თქვენო. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ხმების რაოდენობა გაყვეს ამერიკელებმა, თორემ "ქართულ ოცნებას" უნდა ჰქონოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა.

- ფაქტია, "ნაციონალებს" პარლამენტში ამდენი დეპუტატი არ უნდა ჰყავდეთ.

- გეუბნები, ივანიშვილთან ამერიკელების დელეგაცია მივიდა და უთხრა: მართალია, თქვენ ამდენი აიღეთ, მაგრამ "ნაციონალებს" გარეთ ვერ დავტოვებთო. სააკაშვილის პარტიას საშუალება მისცეს, რომ ისევ პოლიტიკის ზედაპირზე ეტივტივა.

ეს თავიდანვე იყო ჩადებული და ახლა რატომ გიკვირთ, რომ დათო ბაქრაძეს 25 პროცენტს დაუწერენ? შეიძლება 30 პროცენტიც აიღოს.

- ესე იგი, შენ ამბობ, რომ არჩევნები ისევ გაყალბდება?

- ბიჭო, რაც ხათუნა გოგორიშვილი დაიბადა, არჩევნებს აყალბებს... დღეს მიშა მაჭავარიანის ძმა, ვანიკო მაჭავარიანი არის ივანიშვილის მრჩეველი. გამაგებინეთ, რა უნდა ვანიკოს ბიძინასთან, რომელიც "ნაციონალების" ხელში გაიზარდა? თუ არ ვცდები, ეს ვანიკო გიორგი მარგველაშვილის კლასელია, მაგრამ ძალიან მიკვირს, მიშა მაჭავარიანის ძმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რანაირად უნდა იყოს?

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ იქ არიან ხუხაშვილები, მელაშვილები, ყანდიაშვილები, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ივანიშვილს ერთი ნორმალური მრჩეველი, ან თანაშემწე არ ჰყავს. ერთ მაგალითს გეტყვი: ჩემი ახლობელი მიყვება ამას წინათ, ირაკლი მელაშვილს შევხვდი შემთხვვით და არჩევნებზე რომ დავიწყეთ ლაპარაკი, მეუბნება, არჩევნები და საარჩევნო შტაბები საერთოდ არ მაინტერესებსო.

აქ თამაშდება ამერიკული მოდელი, ბიძინა ივანიშვილი წავა და ხელისუფლებაში ხან "რესპუბლიკელები" იქნებიან, ხან "ნაციონალები", დანარჩენი პარტიები ნელ-ნელა გაქრებიან.

აი, ამის საპირისპიროდ უნდა შეიქმნას სამოქალაქო მოძრაობა, სწორედ ის, რასაც აკეთებენ გია კორკოტაშვილი და ირაკლი კაკაბაძე. ეს იქნება მესამე პოლუსი, მესამე ჯგუფი.

- კაკაბაძე რა ძალას წარმოადგენს, ქუჩა-ქუჩა უნდა იაროს და ვინც არ მოეწონება, ფუნა ესროლოს?

- აქ ძალაზე არ არის ლაპარაკი, ირაკლი მართალი კაცია, საქართველოს მოყვარული კაცია. მე ვლაპარაკობ სამოქალაქო ძალაზე...

ახლა ლევან გაჩეჩილაძეს უნდა "დაიცავი საქართველოს" წამოტივტივება და წამოწევა. თავის დროზე ეს მოძრაობა შევქმენით მე, "გრეჩიხამ", კორკოტამ, კოკა გუნცაძემ და სხვებმა... საპატიო თავმჯდომარე იყო მამაჩემი, ჭაბუა ამირეჯიბი. იქ მაშინ ნონა გაფრინდაშვილიც იყო, რეზო ესაძეც, ჯანსუღიც. არ დაგავიწყდეთ, "დაიცავი საქართველო" ჭაბუას სლოგანია, მაგრამ რა მოხდა? ამ მოძრაობამ დაიძინა და საქართველოც ვერავინ ვერ დაიცვა.

- ახლა ამ "დაიცავი საქართველოს" რატომ აღვიძებთ? თუ აღვიძებთ, მაშინ კორკოტას "სოლიდარობა" რაღა საჭირო იყო, "გრეჩიხებთან" ერთად ვერ დაიწყებდით ბრძოლას?

- ლევანმა ახლა მოინდომა ამისი გაკეთება.

- ამ მოძრაობის იდეა რა არის, "ნაციონალების" ნარჩენები უნდა გახვეტოთ?

- ახლა ჩვენ დავინახეთ ერთი რაღაცა, არავინ არ ცდილობს "ნაციონალების" შევიწროებას და განეიტრალებას. თავის დროზე ივანიშვილი გვპირდებოდა, "ნაციონალური მოძრაობა" აღარ იარსებებსო, მაგრამ ასე არ მოხდა.

- მოდი, ახლა ცოტა ჩვენი მეხსიერება გავავარჯიშოთ: საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა "ამომრჩეველთა ლიგა", სადაც იყვნენ ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე...

- არა, გაჩეჩილაძე იქ არ ყოფილა, იქ იყვნენ გუნცაძე და ლევან ჩიკვაიძე.

- დღეს ერთი რკინიგზის უფროსია, მეორე – ფოსტის უფროსი... ამათ თავიანთი გაინაღდეს, მაგრამ ლევან გაჩეჩილაძეც იქ იყო.

- კარგი, "გრეჩიხებს" მისვლა-მოსვლა ჰქონდათ, შიგნით რა ხდებოდა, მე არ ვიცი, არც ერთხელ არ მივსულვარ.

- ახლა "ამომრჩეველთა ლიგა" აღარ არის საჭირო და ამიტომ დაიცავი საქართველოს" გაცოცხლება ხომ არ შედის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში, როცა არასამთავრობო სექტორში აპირებს გადასვლას?

- სხვათა შორის, არის ასეთი იდეაც, რომ "სოლიდარობის" წევრები დამკვირვებლები იქნებიან საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს ნამდვილად არ იქნება ცუდი.

- დაფინანსება საიდან?

- მე არ გამოვრიცხავ, რომ "დაიცავი საქართველოს" აღორძინების იდეა გია ხუხაშვილს ეკუთვნოდეს. ჩვენ გვქონდა ამაზე ლაპარაკი, ხომ არ უმზადებს ხუხაშვილი ბატონ ბიძინას არასამთავრობო სექტორს?

დაზუსტებით ვერ გეტყვი, მაგრამ შესაძლებელია, "დაიცავი საქართველო" ივანიშვილმა რაღაცაში გამოიყენოს, ეს მოძრაობა მას დასჭიდრება აუცილებლად.

- დღეს საქართველოს ვისგან ვიცავთ, ისევ "ნაციონალებისგან"?

- დიახ, ჩვენი მტრებისგან და "ნაციონალებისგან"... შენ გაინტერესებს, საიდან მოიძიებენ ფულს? თუ იდეა ხუხაშვილს ეკუთვნის, ის ფულს იშოვის. არც ლევანს გაუჭირდება ამის გაკეთება, შენ მაგაზე არ იდარდო.

- მე არ ვდარდობ, ლევან გაჩეჩილაძე რაღაც კომბინაციას ჩაატარებს და ბოლოს დაიწყებს წუწუნს, რამდენიმე მილიონი ვალი მაქვს, თუ დამიფარავთ, ჩუმად ვიქნები, თუ არა და ჩაქუჩით გამოვვარდები ქუჩაშიო?!

- არ ვიცი, ლევანი რას იზამს, მაგრამ ამ ფულს იშოვიან.

- ჩვენ ადრეც ვწერდით, რომ როგორც კი ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოებაში გადმოვა, უცებ შეიქმნება უამრავი არასამთავრობო, რომელთა წევრებიც დაიწყებენ ივანიშვილის ფულზე ნადირობას.

- კაკაბაძის, კორკოტასი და არეშიძის მოძრაობა "სოლიდარობა" მაგისთვის არ შექმნილა, ამას პირდაპირ გეუბნები. თუ თვითონ ბიძინა დაინტერესდება, ეს სხვა საკითხია. რაც შეეხება სხვა არასამთავრობოებს, ქართულ პოლიტიკაში სულ ასე ხდებოდა, იქმნებოდა იმიტომ, რომ ფული ეშოვათ, ვიღაცები მალე დაუწყებენ ღრეჭვას ბიძინას, ფული მოგვეციო. ქართველებმა პოლიტიკა ბიზნესად გადავაქციეთ, ეს არ მიკვირს.

- მაშინ ასე მივუდგეთ საკითხს: შეიქმნა "სოლიდარობა", რომელიც ამბობს... იცით, რა, ბატონო ბიძინა, თქვენ რაღაც საკითხებში სუსტობთ, "ნაციონალებს" არ სჯით, დაზარალებულ ხალხს ქონებას არ უბრუნებთ, სამართლიანობის აღდგენასაც აჭიანურებთ, ამიტომ, მე მინდა, თქვენ გაიძულოთ, რომ დაპირებები შეასრულოთ. ამ დროს შენ ამბობ, თუ ბიძინა ივანიშვილი ფულს გაიღებს, ამაზე უარს არც "სოლიდარობა" იტყვის და არც "დაიცავი საქართველოო". აქ როგორ გამოდის, თან ფული გინდათ, თან ხელისუფლება უნდა აიძულოთ, რაღაცები აკეთოს?

- მოდი, "სოლიდარობაზე" ნუ ვილაპარაკებთ, ეს მოძრაობა არ არის ჩემი დაფუძნებული... მე ვიცი, რომ ჩემი მამიდაშვილი ირაკლი კაკაბაძე იქ არის, ჩემი კორკოტაც იქ არის, ამათი იმედი მაქვს. არ არის გამორიცხული, "სოლიდარობაში" სულაც გაიყოს აზრი, შეიძლება ნაწილმა თქვას, წავიდეთ, ბიძინას ფული მოვთხოვოთო. მე ვიმეორებ, ირაკლი ამას არ იკადრებს ასი წელი. ხელისუფლება არ სჯის დამნაშავეებს, ვერ აკეთებს ამას, ამიტომაა აუცილებელი რაღაც ჯგუფების შექმნა, ხელისუფლებას უნდა ვუთხრათ, რომ ეს გასაკეთებელია.

- ლაშა, ხელისუფლებას ეს უკვე უთხრეს, აგერ, ნანა კაკაბაძემ ჩაატარა სპორტის სასახლეში რაღაც ღონისძიება, რეჟიმი უნდა გასამართლდესო და ბატონ ბიძინას არ მოეწონა. რატომ გგონია, მამუკა არეშიძის მიერ შექმნილი მოძრაობა მოეწონება? სხვათა შორის, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილის გარემოცვაში ამაზე ძალიან უარყოფითი რეაქციაა.

- მე არ ვიცი, მოეწონება თუ არა, მაგრამ ერთი რამე ვიცი, ეს ადამიანები ალალი ქართველები არიან, ისინი ცდილობენ, გაჭირვებულებს გვერდით დაუდგნენ. მათ უნდათ, რომ სამართლიანობა აღდგეს. შეიძლება ბატონ ბიძინას ძალიანაც მოეწონოს, ამას პირდაპირ გეუბნები.

- მაშინ გამოდის, რომ ივანიშვილი რასაც ვერ აკეთებს პრემიერის პირობებში, გააკეთებს არასამთავრობოების დახმარებით. თუმცა, ჩემი აზრით, აქაც მოხდება იგივე, რაც მოხდა პოლიტიკაში, უცებ გამოაქვეყნებს წერილს, მავანი მომწონს, მავანი არ მომწონს, ის სააკაშვილთანაა შეკრული, ეს "ნაციონალებთან" დაძვრებოდაო და მორჩა, ერთ კვირაში გასუფთავდება არასამთავრობო მოედანი.

- მე ერთი-ორჯერ მაქვს ნათქვამი: ბატონო ბიძინა, თქვენ დაიწყეთ და ჩვენ დაგვაბრალეთ, მოსახლეობას... უთხარით ამერიკელებს, განა მე მინდა ამის გაკეთება, მაგრამ ხალხი ითხოვს. ჩემი დაკვირვებით, ივანიშვილი ამ კუთხით უფრო ნაყოფიერი იქნება... ვიმეორებ, "დაიცავი საქართველოს" გაცოცხლება დიდი "ხუხას" იდეა მგონია.

- გამოდის, დიდი "ხუხა" ჭკვიანი ყოფილა, აღიარე ახლა.

- (იცინის) როცა ამის რესურსი გაქვს, ამ მოძრაობის ამუშავება მართლაც საინტერესოა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ლევანი ქართულ საქმეს გააკეთებს "დაიცავი საქართველოსთან" ერთად.

- ლევან გაჩეჩილაძემ იცის, როდის დაიმალოს და როდის გამოჩნდეს... როგორც ჩანს, საინტერესო ეტაპი იწყება ქართულ პოლიტიკაში, "გრეჩიხების" გარეშე ირგვლივ მოწყენილობაა. კიდევ ხომ არავინ გვყავს გასაცოცხლებელი?

- (იცინის) არ ვიცი, ჯერ ვერ ვიხსენებ... ალბათ, უახლოეს ხანში კიდევ შეიქმნება 7-8 არასამთავრობო. მე უფრო ის მადარდებს, რომ "რესპუბლიკელებმა", რომელსაც ივანიშვილი ხელისუფლებაში ტოვებს, დღემდე ვერ მოიპოვეს მოსახლეობაში სიმპათიები. აი, ეს არის პრობლემა და სამომავლოდ სერიოზულად გასარჩევი. ვნახოთ, დაველოდოთ, წინ საინტერესო მოვლენები გველოდება.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა