ლევან დავითაშვილი - მზად ვართ, რუსი ექსპერტები ჩამოვიდნენ და დაათვალიერონ ლუგარის ლაბორატორია

ლევან დავითაშვილი - მზად ვართ, რუსი ექსპერტები ჩამოვიდნენ და დაათვალიერონ ლუგარის ლაბორატორია

მზად ვართ,  რუსი ექსპერტები ჩამოვიდნენ და დაათვალიერონ ლუგარის ლაბორატორია, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე  ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში საიდუმლო არაფერი არ ხდება.

"ჩვენ სრულიად ღია ვართ და მზად ვართ, რუსი ექსპერტები, "როსპოტრებნადზორის" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და დაათვალიერონ ლაბორატორია, რადგან შიგნით არაფერი საიდუმლო არ ხდება", - განაცხადა დავითაშვილმა გენადი ონიშენკოს განცხადების კომენტირებისას.

რაც შეეხება ღვინის ქართულ ბაზარზე დაბრუნებას, როგორც დავითაშვილი აცხადებს, ეს პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

"ეს პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ნორმალური კომუნიკაციის რეჟიმი გვაქვს რუსულ მხარესთან", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

"როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა, გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული შემოწმება საერთო ჯამში დამაკმაყოფილებელია, თუმცა აღმოჩენილი ხარვეზების გამო ყველა საწარმოს არ მიეცემა რუსულ ბაზარზე შესვლის უფლება.

მისივე თქმით, საქართველოდან რუსეთის ბაზარზე შესული პროდუქციის კონტროლი ახალ საფეხურზე გადადის.

"საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის ფუნქციონირება და მისი გაურკვეველი მიზნები სერიოზულად აფერხებს საქართველოსთან, როგორც პარტნიორთან ნდობის დამყარებას", - განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარმა.

რუსეთის სანიტარული სამსახურის ექსპერტები საქართველოში შემოწმების მიზნით წინა კვირას იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ 30-მდე ქართული კომპანია შეამოწმეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა