მიხეილ სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, რუსეთთან "კუდის ქიცინს" თავი დაანებოს

 მიხეილ სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, რუსეთთან "კუდის ქიცინს" თავი დაანებოს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, რუსეთთან "კუდის ქიცინს" თავი დაანებოს და შიდა ქართლში მიმდინარე პროცესების საპროტესტოდ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება მოახდინოს.

როგორც სააკაშვილმა სოფელ დვანში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთად უნდა დაიცვას ქვეყნის ინტერესი.

"ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ დავკარგეთ კონტროლი უფრო მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, ვიდრე იყო ქურთაში და თამარაშენში და თან ამის შესახებ, პრაქტიკულად, ვერავინ გაიგო, ეს გაკეთდა ისე, რომ რუსეთმა არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა. ხშირად ამბობდნენ - ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ პუტინი ვერ მიტანდა. ახლა ხომ დავრწმუნდით, რომ გეგმაზომიერ შეტევას აქვს ადგილი საქართველოს სუვერენიტეტულ საზღვრებზე, მიუხედავად იმისა, ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ საკუთარი პოზიციების დაცვის ერთადერთი შანსი საერთაშორისო მხარდაჭერის შენარჩუნებაა. "პატარა ქვეყნისთვის ერთადერთი შანსი საკუთარი პოზიციების დაცვისა, არის საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბოლო თვეებში დასავლურ გამომცემლებთან ინტერვიუებში ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ამბობს იმასაც, რომ ჩვენს ქვეყანას თურმე არ უნდა ჰქონდეს არც მსოფლიო და არც რეგიონული ამბიციები. თუ არანაირი ამბიციები არ გვაქვს და ყველაფერი ჩვენი ბრალი იყო, ვინ მოვა ჩვენს დასაცავად?! ჩვენი ოფიციალური პირებიდან გაქრა სიტყვა "ოკუპაცია", ამერიკელებმა და ევროპელებმაც შეწყვიტეს ოკუპაციაზე ლაპარაკი. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი საქართველოს ისტორიაში", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

ამასთან, სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთისადმი ბოლო პერიოდში ბევრი "გაუგებარი რევერანსი გაკეთდა".

"საქართველოს პრემიერი არ ყოფილა ოფიციალური ვიზიტით მიწვეული არც ამერიკაში და არც დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ამასობაში კი, ჩვენი პროკურორი ერთი კვირა იმყოფებოდა ოკუპანტის დედაქალაქ მოსკოვში. ამას გარდა ბევრი სხვა გაუგებარი რევერანსი გაკეთდა. ახლა კუდის ქიცინის და წაწოლის დრო არ არის - რაც უფრო წავწვებით, მით უფრო ადვილად გადაგვივლიან. ახლა საერთაშორისო საზოგადოების პოზიციების მობილიზაციის და ამ კუთხით ჩვენი ერთიანობის დემონსტრირების დროა. რუსეთს ცბიერებით და ეშმაკობით ვერავინ მოუგებს ამ საკითხებში. რუსეთის ოკუპაციის უკან დახევა შესაძლებელია მხოლოდ მწყობრი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების პირობებში და არა იმ პირობებში, როდესაც ამერიკის კონგრესი საქართველოში დემოკრატიის შესახებ იღებს რეზოლუციას. ადრე იღებდნენ რეზოლუციას, რომ საქართველოს დეოკუპაცია უნდა მოხდეს, ახლა კი მზადდება რეზოლუციები დემოკრატიასა და სხვადასხვა ასეთ თემებზე. ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა გაეროში - უნდა ვილაპარაკებთ ამ საკითხზე, მაგრამ მხოლოდ ჩემი ლაპარაკი არ არის საკმარისი. ყველა ქართულმა პოლიტიკურმა ძალამ და მეც - ყველამ ერთად უნდა გამოვიჩინოთ ერთიანობა და სიმტკიცე და გამოვავლინოთ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და მზად ვართ ვიბრძოლოთ მისთვის", - დასძინა პრეზიდენტმა.

აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა