რაზე შეთანხმდნენ ივანიშვილი და კბილაშვილი საიდუმლო შეხვედრაზე

რაზე შეთანხმდნენ ივანიშვილი და კბილაშვილი საიდუმლო შეხვედრაზე

ამ დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავის საპარლამენტო გუნდის წევრებს შეხვდა, სადაც საუბარი იყო სწორედ იმ საკითხებზე, რომელთა შესახებაც "ალიას" ფურცლებზე ძალიან ხშირად ვწერთ. როგორც ჩანს, ივანიშვილი დღეს უკვე ცდილობს, მავანთა მიერ დაშვებული შეცდომები გამოასწოროს და არჩევნების წინ შესაბამის დავალებებსაც იძლევა. კონკრეტულად რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე, ამის შესახებ "ალიას" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ომარ ნიშნიანიძე ესაუბრება.

- ბატონო ომარ, 21 სექტემბერს, ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს შეხვდით. როგორც გავიგე, დეპუტატები ეხვეწებოდით, არ წახვიდეო... რა ქენით, ბოლოს და ბოლოს, ვერ დაარწმუნეთ პრემიერ-მინისტრი, რომ არ უნდა წავიდეს?..

- კი, იქ იყო ლაპარაკი, ზოგიერთი გამოვიდა, მაგალითად, გუგული მაღრაძე და სხვებიც, რომლებმაც დაუწყეს მტკიცება, არ უნდა წახვიდეთო, მაგრამ ბატონი ბიძინა ასაბუთებს, რომ თანამდებობიდან უნდა გადადგეს. პრინციპში, ის არსად არ მიდის, იქნება ჩვენ გვერდში. ესე იგი, ის გვაძლევს შანსს, რომ გამოვავლინოთ ჩვენი სიყოჩაღე, ნიჭი და უნარი, თუ გნებავთ, პოლიტიკური ალღო, შეიძლება არ გვაქვს იმდენი გამოცდილება, მაგრამ მაინც წინ უნდა ვიაროთ. ფაქტობრივად, ივანიშვილმა მოასუფთავა პოლიტიკური ველი, მოსპო მონსტრი პარტიები, აქ უპირველესად "ნაცმოძრაობაზეა" ლაპარაკი და ყველა ჩაგვაყენა ერთ რეჟიმში. ახლა გვეუბნება – ივარგებთ, გაიმარჯვებთ, არ ივარგებთ და, არც ყოფილხართ ღირსიო. სხვათა შორის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხრივ, მისი ნაბიჯი არის გამართლებული, ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ ხელისუფლება აკონტროლოს მუდმივ რეჟიმში. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გვეშველება, აი, ამ საკითხებზე იყო საუბარი შეხვედრისას.

- ეგ გასაგებია, ბატონო ომარ, მაგრამ არსებობს დაპირებები, სამართლიანობის აღდგენა და ხალხისთვის წართმეული ქონების დაბრუნება. მოდით, გვერდს ნუ ავუვლით იმ ფაქტორს, რომ კოალიციაში შემავალი "რესპუბლიკელები" შემჩნეულები არიან "ნაციონალებთან" ჩახუტებაში. როგორ გგონიათ, ბიძინა ივანიშვილი რომ წავა, თქვენ "ქართული ოცნების" წევრები, შეძლებთ დაპირებების შესრულებას?

- ჩვენ სამართლიანობა უნდა აღვადგინოთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა, ეს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების მოვალეობაცაა, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ვეთანხმები საქართველოს მოსახლეობას, სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაჭიანურდა, მაგრამ ჩვენ ამ პროცესს არ შევაჩერებთ. სააკაშვილის წასვლა ამ პროცესს უფრო დააჩქარებს, "ნაციონალების" საბოლოო დასასრული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამაში დარწმუნებული ვარ. შეიძლება კოალიციაში შემავალმა ზოგიერთმა პარტიამ "ნაციონალებს" თანაგრძნობა გაუწიოს, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვათ. ჩვენ რომ ახლა ერთმანეთს დავერიოთ, ეს ქვეყანას ნამდვილად არ წაადგება. ამიტომ, ცოტა უნდა მოვითმინოთ, რათა ყველაფერი გაკეთდეს სტაბილურობის პირობებში. აი, ამას ცდილობს ბატონი ბიძინა, მას უნდა, რაც შეიძლება დაბლა დასწიოს პოლიტიკური ტემპერატურა, რათა არ გამწვავდეს სიტუაცია და არ დაიწყოს სისხლისღვრა. ივანიშვილს სჭირდება სტაბილურობა, რათა ეკონომიკა წამოსწიოს და ინვესტორები მოიზიდოს.

- კი მაგრამ, პროკურატურაში 22 ათასი საჩივარია შეტანილი, დღემდე არც ერთი საქმე არ არის განხილული, არც ვინმეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანია სასამართლოს...

- დიახ, მაგაზეც იყო ლაპარაკი, ამაზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს.

- სად მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა?

- ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ, "ქართული ოცნების" წევრებს, ექსკლუზიურად გვითხრა, მაგ საკითხზე ძალიან სერიოზულად ვფიქრობო. მან არჩილ კბილაშვილის ინიციატივაც კი გაამჟღავნა. ის შესულა პრემიერ-მინისტრთან წინადადებით და უახლოეს ხანში დაიწყება ამ საქმეების გამოძიებაც, განხილვაც და სასამართლოში გაგზავნაც. ეს იქნება ეტაპობრივად, რადგან სააკაშვილის რეჟიმმა ხალხს 6 მილიარდი ლარის ქონება წაართვა. ბუნებრივია, ხელისუფლება ამას ვერ დაფარავს, მაგრამ ის თახსირები, რომლებმაც ეს გააკეთეს, უნდა დაისაჯონ და ფულიც უნდა დააბრუნონ. ამ ყველაფერს აკეთებენ სახელმწიფოს სახელით, მაგრამ დღეს ძალიან ძნელია ვალდებულების აღება. ასე რომ, როგორც ბატონმა ბიძინამ გაგვიმხილა, მალე დაიწყება სასამართლო პროცესები. ყველაფერი უნდა გადავახდევინოთ იმათ, ვინც ასეთი სიბინძურე და უკანონობა ჩაიდინა. "ნაციონალებს" არ უშველით, რომ ძალიან ბევრი ქონება თავიანთ ნათესავებზე გადააფორმეს, ძალიან ძნელია იმის გარკვევა, კიდევ რომელ ოხრებსა და მუდრეგებზე აქვთ გადაფორმებული, მაგრამ გამოძიება ყველაფერს დაადგენს. აი, ამაზე ვილაპარაკეთ. მე გამოვედი სიტყვით შეხვედრაზე და პირდაპირ ვთქვი, რომ არავის არ უნდა გადავუსვათ თავზე ხელი. დღეს ქართული ეკონომიკის 80%-ს ისევ "ნაციონალები" ფლობენ, ახლა კეთილი ინებონ და სასამართლოში ანგარიშები გაასწორონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფო ამათ პარპაშს ვერ გაუძლებს.

- შეხვედრაზე საუბარი იყო თუ არა იმაზეც, რომ ქონების ნაწილი სახელმწიფომ დააბრუნოს?... ჩემი აზრით, თუ ასე მოხდება, კიდევ ერთ დიდ უსამართლობას ჩაიდენთ. მე და ჩემისთანები არ ვართ ვალდებული, ვიღაცის მიერ მითვისებული ქონება ჩვენი ჯიბიდან ავანაზღაუროთ.

- აი, მეც სწორედ მაგ აზრზე ვარ, რატომ უნდა გადავიხადოთ ჩვენი ჯიბიდან, როცა "ნაციონალები" არიან ვალდებულნი, ყველაფერი დააბრუნონ...

- ესე იგი, არჩილ კბილაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ არჩევნების შემდეგ, ქონების დაბრუნების პროცესი გააქტიურდება?

- დიახ, ამ მხრივ შეხვედრაზე ძალიან კარგი რამ ითქვა, ეს პროცესები არჩევნების შემდეგ დაიწყება. ამას რომ ვამბობ, მეშინია, ყველას ერთდროულად არ გაუჩნდეს აზრი, თითქოს, მთელი ქონება ერთდროულად დაბრუნდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მოხდება ეტაპობრივად... პროცესის დაწყებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

- ბატონო ომარ, ბიძინა ივანიშვილს თქვენთვის უთქვამს, აქტიურად ჩაებით საარჩევნო პროცესშიო. რა გამოდის, ფაქტობრივად, საგანელიძეს დაუპირისპირდა?

- მაგ თემაზე საკმაოდ მკაცრად გამოვედი და მერე საგანელიძემ "მიკბინა" კიდეც... მე ვთქვი, თავის დროზე პარტიულ მშენებლობაში არ ჩაგვრიეს, მერე იყო და, საარჩევნო შტაბებს არ გაგვაკარეს, ანუ ჩაფიქრებული იყო ჩვენი ნელ-ნელა ჩაჩოჩება, ეს ბატონ ბიძინასთან ვთქვი, ამ მხრივ, მან დაგვიჭირა მხარი. ძალიან მკაცრად თქვა ივანიშვილმა იმაზეც, რომ ჩვენი მომხრეები პრაქტიკულად, "გადააგდეს". ბატონმა ბიძინამ საგანელიძეს პირდაპირ უთხრა, - მე ხომ გითხარი, პირველ რიგში, ის ხალხი ჩასვით შტაბებში, ვინც ჩვენ მხარი დაგვიჭირა, ვინც ჩვენთან ერთად ბრძოლა გაბედა და რისკზე წამოვიდაო. გააკეთე ეს, ახლაც არ არის გვიან, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოსო. ვიმეორებ, ეს ძალიან მკაცრად მიუთითა. საგანელიძემ თავის მართლება დაიწყო, მაგრამ არ გამოუვა, ის მუდმივად ცდილობს, ჩვენი თანამებრძოლები გვერდზე გასწიოს და თავის კადრები მოიყვანოს. მერე თქვა, - ოთხი დეპუტატის ჭკუაზე ვერ გავივლიო. არ ვართ ჩვენ ოთხი დეპუტატი, ჩვენი ფრაქციის უდიდესი ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს, ყოველთვის ამ აზრზე ვიყავით. ხომ იცით, ჩვენში ჩამშვებიც ბევრია. საგანელიძეს მიუვიდა ხმები, რომ ჩვენ ივანიშვილთან შეხვედრაზე ასეთ საკითხებს დავაყენებდით და ცოტა არ იყოს, მომზადებული მოვიდა. როდესაც ამ ძირითად საკითხებზე დავაპირებდით ხოლმე საუბარს, ვიღაცები სიტყვას ბანზე აგდებდნენ, თუმცა სათქმელი მაინც ითქვა. ახლა ჩვენ გვაქვს უფლება ყველასთან და ყველგან გვქონდეს კონტაქტი. მან გვითხრა, პირიქით, ძალიან აქტიურად ჩაებით საარჩევნო პროცესში და გამოიყენეთ თქვენი ავტორიტეტიო.

- სხვათა შორის, საგანელიძე ამბობს, - უშიშროებამ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ჩვენს შტაბებში მოღალატეები იყვნენო.

- ეგ მე არ მიმაჩნია სწორად. ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მან ძალიან ცუდი რაღაცები იკადრა, დაიწყო ლაპარაკი, თითქოს ჩვენ შტაბების უფროსობა გვინდოდა, თურმე ერთ-ერთი მათგანი მეც ვიყავი, არადა მე, მსგავსი სურვილი საერთოდ არ გამჩენია. ჩვენ გვინდოდა, რომ დეპუტატებთან კონსულტაციების შემდეგ დაკომპლექტებულიყო შტაბები, სხვას არაფერს ვითხოვდით. ეს საგანელიძემ მოიგონა, თითქოს, შტაბების უფროსობა მინდოდა. ისიც კი თქვა, ნიშნიანიძეს ქუთაისში პორტის მშენებლობა უნდა, მე არ დავეთანხმე და ამიტომ გადამეკიდაო. ეს საკითხი სერიოზულად მე არასოდეს დამიყენებია, თუმცა თავის დროზე არსებობდა გეგმა. მას გაგონილიც კი არ აქვს ამ გეგმების შესახებ, ამიტომ გეოგრაფიის სახელმძღვანელოს მე კი არა, თვითონ ჩახედოს. ბოლოს და ბოლოს, მაგის წონა წიგნები დამიწერია. თუ ადამიანს შენი გუნდის წევრად თვლი, ასეთი რამეები არ უნდა აკადრო, მით უმეტეს, ტყუილი. აბსოლუტურ სიცრუეს ავრცელებს, - ომარ ნიშნიანიძეს შევხვდი და პორტის გეგმაზე უარი ვუთხარიო. სად შემხვდა, როდის შემხვდა?

- რომელ პორტზეა ლაპარაკი, სად ქუთაისი და სად ზღვა?

- დიდი ხნის წინ ტელევიზიით ვთქვი, ქუთაისისთვის, თუნდაც ფანტაზიის დონეზე ძალიან კარგი იქნება პორტის აშენება-მეთქი. ვიმეორებ, ასეთი პროექტი არსებობდა, თუ რიონს გავაფართოებთ და სიღრმესაც გავზრდით, მაშინ შესაძლებელია გემების შემოსვლა. ამაზე დღეს არავინ ლაპარაკობს და ეს საკითხი სერიოზულად არასდროს დამიყენებია. მე მგონი, შტაბის ხელმძღვანელი რომ ხარ, იმდენი უნდა იცოდე, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატებს არ დაუპირისპირდე. მე ვარ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი და ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე არასდროს დავუპირისპირდები ამავე გუნდის წევრებს. საგანელიძის ტყუილი აზარალებს მთელ კოალიციას, ამდენი ხომ უნდა იცოდეს? ცოტა მეტი გონიერება ხომ უნდა გამოიჩინოს? მაგრამ, როგორც ჩანს, მეტზე ვერ ქაჩავს.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა