გიორგი მარგველაშვილის, ნინო ბურჯანაძისა და დავით ბაქრაძის ქონება და საბანკო ანგარიშები

გიორგი მარგველაშვილის, ნინო ბურჯანაძისა და დავით ბაქრაძის ქონება და საბანკო ანგარიშები

საინტერესოა, რა ქონებას ფლობენ საპრეზიდენტო კანდიდატები ოფიციალურად, ან რა შემოსავლები ასახეს დეკლარაციებში. უკვე ცნობილია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის 26 კანდიდატი გაატარა რეგისტრაციაში, თუმცა მათი ერთი ნაწილისთვის ეს არჩევნები თავის შექცევის საშუალებაა, მეორე ნაწილი კი არჩევნებში მაქსიმალურად მაღალი შედეგის დაფიქსირებისთვის იბრძვის, რათა ამის წყალობით, შემდგომში საკუთარი პარტიისთვის საბიუჯეტო დაფინანსება მოიპოვოს. სადღეისოდ პრეზიდენტობის სამი ანგარიშგასაწევი კანდიდატია - გიორგი მარგველაშვილი, ნინო ბურჯანაძე და დავით ბაქრაძე. მართალია, ნებისმიერი კვლევის თანახმად, მარგველაშვილი ბურჯანაძესაც და ბაქრაძესაც საგრძნობლად უსწრებს, მაგრამ ბურჯანაძესა და ბაქრაძეს ნამდვილად აქვთ შანსი, რომ არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ. ამდენად, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები, მათივე დაბალი რეიტინგების კვალობაზე, საზოგადოების დიდ ინტერესს არ იწვევენ, ამიტომ იმ საპრეზიდენტო კანდიდატთა ქონებრივ დეკლარაციებს გთავაზობთ, რომლებიც სხვებს საგრძნობლად უსწრებენ რეიტინგებში.

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 6 აგვისტოს შეავსო. ოჯახში ცხოვრობენ მამა - თეიმურაზ მარგველაშვილი, დედა - მზეანა გომელაური და შვილი - ანა მარგველაშვილი. რაც შეეხება უძრავ ქონებას, გიორგი მარგველაშვილის სახელზე რეგისტრირებულია 775 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დუშეთში, სააკაძის ქუჩა #37-ში, თეიმურაზ მარგველაშვილი ფლობს 165 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, პავლე ინგოროყვას ქუჩა #22-ში, გიორგი მარგველაშვილის სახელზეა რეგისტრირებული 946 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი დუშეთში, სააკაძის ქუჩა #37-ში და 200 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი დუშეთში, იმავე მისამართზე. გიორგი მარგველაშვილის სახელზე ირიცხება 120 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, პაოლო იაშვილის ქუჩა #1/6-ში. მის სახელზეა რეგისტრირებული 1200 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ისევ დუშეთში, სააკაძის ქუჩა #37-ში. გიორგი მარგველაშვილს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1 464 ლარი, "ქართუ ბანკის" სახელფასო ანგარიშზე კი 13 640 ლარი ერიცხება. "თიბისი ბანკში" საპრეზიდენტო კანდიდატს 6 392-ლარიანი ანაბარი აქვს გახსნილი. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორის თანამდებობაზე, გიორგი მარგველაშვილის შემოსავალი 51 517 ლარი იყო. მზეანა გომელაურმა, როგორც სამხატვრო აკადემიის ლექტორმა, 1 931 ლარის შემოსავალი მიიღო, გიორგი მარგველაშვილმა კი, როგორც საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტეს მკვლევარმა - 25 000 ლარი.

ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გიორგი მარგველაშვილს მიჰყავდა გადაცემა "კვირის აზრები" და მისი ყოველთვიური შემოსავალი 1 400 ლარი იყო, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე, გიორგი მარგველაშვილის შემოსავალი 6307 ლარს შეადგენდა. გიორგი მარგველაშვილის სახელზე ირიცხება 7 500 ევრო, რომელიც დეკლარაციაში თვითონვე განმარტა: "2007 წელს, მიუნჰენის საუნივერსიტეტო კლინიკაში "გროშჰადენი", ჩემს სახელზე ჩაირიცხა 20 000 ევრო და ოპერაციის შემდეგ 7 500 ევრო დარჩა". დეკლარაციის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატის დედის, მზეანა გომელაურის საპენსიო შემოსავალი 1 440 ლარი, ხოლო მამის, თეიმურაზ მარგველაშვილის საპენსიო შემოსავალი 1 440 ლარია.

მას აქეთ, რაც გიორგი მარგველაშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, ბევრი ცდილობს, მის ქონებრივ დეკლარაციაში შეუსაბამობა ან სხვაგვარი "შავი ლაქები" აღმოაჩინოს. ცხადია, ამ მხრივ განსაკუთრებით ნინო ბურჯანაძისა და დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბები ირჯებიან, თუმცა მათი მრავალთვიანი მცდელობა ამაო გამოდგა - გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო დეკლარაცია სუფთაა. ის კანონთა შესაბამისობაშია ფორმალურადაც და რეალურადაც ანუ რაც დეკლარაციაში უწერია, მარგველაშვილს ერთი ლარის სხვა ქონება არ გააჩნია და არც სხვა შემოსავალი მიუღია. მისი ქონებრივი დეკლარაცია მხოლოდ ციფრები და ქონების აღმნუსხველი ოფიციალური დოკუმენტი არ არის. ეს დეკლარაცია მეტად მეტყველია და მისგან გამომდინარე, უტყუარად შეგვიძლია დავასკვნათ, გიორგი მარგველაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში ასახული ქონება, ეს არის მისი ინტელიგენტი მშობლების პატიოსანი შრომის წლობით დაგროვილი ქონება, ხოლო თავად მარგველაშვილის შემოსავლები სუფთაა და გამჭვირვალე - ეს გახლავთ წარმატებული ადამიანის ასევე პატიოსანი შრომით მიღებული შემოსავლები, განსხვავებით ზოგიერთი საპრეზიდენტო კანდიდატისგან.

პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის ქონებრივი დეკლარაცია 2008 წლის 29 აპრილსაა შევსებული. მაშინდელი მდგომარეობით, ოჯახში ირიცხებიან ნინო ბურჯანაძე, მისი მეუღლე - ბადრი ბიწაძე და შვილი - რეზო ბიწაძე. რაც შეეხება უძრავ ქონებას, ნინო ბურჯანაძის სახელზე რეგისტრირებული იყო საცხოვრებელი ბინა თბილისში, ზ. ბოლქვაძის #3ა-ში, რომლის ღირებულებაა 350 000 ლარი, აგრეთვე აგარაკი ბორჯომში, რომელიც ბადრი ბიწაძის სახელზეა გაფორმებული, ღირებულება კი 55 000 ლარია. 30 000-ლარადაა სახლი ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში, რომელიც ნინო ბურჯანაძის სახელზეა რეგისტრირებული. 15 000 ლარად კი - სახლი ჭიათურის რაიონის სოფელ ცხრუკვეთში, რომელიც ბადრი ბიწაძის სახელზეა. ბურჯანაძეს 2008 წლის დეკლარაციაში, ასევე, მითითებული აქვს 10 000-ლარიანი მიწის ნაკვეთი საგურამოში, რომელსაც ბადრი ბიწაძე ფლობს და "მიცუბიში პაჯეროს" მარკის ავტომობილი, რომელიც 20 000 ლარადაა შეფასებული და ისიც ბადრი ბიწაძის სახელზეა გაფორმებული. 2008 წლის მდგომარეობით, დოიჩე ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე ნინო ბურჯანაძე - 42 000 აშშ დოლარს, "თიბისი ბანკის" სადეპოზიტო ანგარიშზე - 6 560 აშშ დოლარს ფლობდა. "საქართველოს ბანკის" საბარათე ანგარიშზე ნინო ბურჯანაძეს 4 500 ლარი, ამავე ბანკში ბადრი ბიწაძეს კი 2 000 ლარი ჰქონდა მითითებული. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ნინო ბურჯანაძის შემოსავალი 49 179 ლარი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე ბადრი ბიწაძის შემოსავალი 47 483 ლარი გახლდათ. 2008 წელს, ნინო ბურჯანაძის სამივლინებო ხარჯები 37 149-ს, ხოლო ბადრი ბიწაძის სამივლინებო ხარჯები 33 199 ლარს შეადგენდა.

ამ დეკლარაციიდან აშკარად ჩანს, რომ ნინო ბურჯანაძე ყველაზე მდიდარი საპრეზიდენტო კანდიდატია, თუმცა ეს მხოლოდ უმცირესი ნაწილია იმ ქონებისა, რასაც ბურჯანაძე რეალურად ფლობს. ამ დეკლარაციით, ის ოსტატურად მანიპულირებს და მალავს იმ მრავალმილიონიან ქონებას, რომლის მფლობელიც გახლავთ. ნინო ბურჯანაძის მამა, საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ანზორ ბურჯანაძე დეკლარაციაში არ ფიგურირებს - მას ნინო ბურჯანაძე საკუთარი ოჯახის წევრად არ მიიჩნევს. არადა, უმთავრესად, ანზორ ბურჯანაძისა და მისი მეგობრების სახელზეა რეგისტრირებული ათობით ფირმა, რომლებიც უკვე მრავალი წელია, სოლიდურ მოგებაზე მუშაობენ. გარდა მსხვილი ბიზნესკომპანიებისა, ანზორ ბურჯანაძეს ეკუთვნის რამდენიმე მილიონ ლარად შეფასებული უძრავი ქონებაც. ამ ყველაფერზე საკუთარ დეკლარაციაში ნინო ბურჯანაძე არაფერს წერს, მაგრამ ფაქტია - ის მამამისის უზარმაზარი ქონების ერთადერთი მემკვიდრეა, ეს ერთი. მეორეც, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ანზორ ბურჯანაძე და მის ქალიშვილს, ეს ქონება მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ კი არ გადაეცემა, დღესაც მშვენივრად სარგებლობს მამის მილიონებით. მოკლედ, ნინო ბურჯანაძეს მხოლოდ დეკლარაციაში აქვს დაფიქსირებული, რომ მისი მშობლები მასთან არ ცხოვრობენ და ვითომ მამის ქონებაზე არ მიუწვდება ხელი. რეალურად კი, მშობლებთან ერთად ცხოვრობს და საერთო ოჯახური ქონების განმკარგავი, ანზორ ბურჯანაძესთან ერთად, სწორედ ქალბატონი ნინო გახლავთ.

დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი ბადრი ბიწაძის ბიზნესზე. არადა, ცნობილია, რომ მას მრავალი სახის ბიზნესი გააჩნია და ყველა ფირმა მისი ნათესავებისა და მეგობრების სახელზეა რეგისტრირებული. ამის შესახებ ქართულ მედიაში არაერთი მასალა მომზადებულა, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს არაერთი დოკუმენტი დაუდიათ იმის შესახებ, რომ ბიწაძის ფირმები ცრუმაგიერ პირებზეა რეგისტრირებული და რეალურად, მათ ერთი პატრონი ჰყავთ - ბადრი ბიწაძე. მოკლედ, ნინო ბურჯანაძე საკუთარი ქონებრივი დეკლარაციით ცდილობს, თავი საშუალო ფენაზე ცოტა მდიდარ ადამიანად წარმოაჩინოს, მაგრამ ეს არ გამოუვიდა - ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მისი ოჯახი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შეძლებულია.

თუ ნინო ბურჯანაძეს, ზემოთქმულთან დაკაშვირებით პრეტენზიები გაუჩნდება, ჩემი ნათქვამის დასადასტურებლად შეუძლია თავის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ აქტიურ ფიგურას, მოძრაობა "თეთრების" ლიდერს თემურ შაშიაშვილს მიმართოს. იმედია, ბატონი თემური მასაც გაუმეორებს იმ ფრაზებს, რომლებითაც წლების მანძილზე ბურჯანაძეების ოჯახის მისამართით ქართულ მედიას უხვად ამარაგებდა. ეს სულ რამდენიმე წლის წინ იყო - მაშინ, როცა ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებაში გახლდათ. აი, თუნდაც ეს: "ბურჯანაძეებმა გამოხრეს მთელი ქუთაისი. ქარხანას ვინღა ჩივის, ჯართი არ დატივეს ქუთაისში და უკრაინასა და თურქეთში წაიღეს გასაყიდად, თვითონ კი მილიონები ჩაიჯიბეს": მოდით, თემურ შაშიაშვილის ერთი ფრაზაც გავიხსენოთ: "ნინო ბურჯანაძე არის კორუმპირებული და გახრწნილი კლასის პირმშო. ასეთი ქალბატონი როგორ აგვიშენებს დემოკრატიულ და არაკორუმპირებულ ქვეყანას, იქნებ მითხრას ვინმემ? ბურჯანაძეთა მოდგმა ხალხის ჯიბეებიდან ანუ ბიუჯეტიდან ფულის მოპარვაშია გაწაფული და დიდი ეჭვი მაქვს, ნინოც ღირსეულად გააგრძელებს ამ ოჯახურ ტრადიციას". დღეს თემურ შაშიაშვილი გამოდის და ღაწვები ოდნავაც რომ არ ეფაკლება, ისე უმტკიცებს საზოგადოებას, ნინო ბურჯანაძე ერთადერთი ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატია, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში სამართლიანობა აღდგება ქვეყანაში და ის დემოკრატიულ სახელმწიფოს ააშენებსო. თემურ შაშიაშვილის ასეთი რადიკალური და ნაუცბათევი სახეცვლილებით გაოგნებულ მკითხველს ესღა შემიძლია ვუთხრა: "ჭეშმარიტად" შეუცნობელ არს გზანი უფლისანი" იმიტომ, რომ თავადაც გაოგნებული ვარ.

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 24 მაისს შეავსო. ოჯახის წევრები არიან მეუღლე - მაკა მეტრეველი, შვილები - ეკატერინე და ნინო ბაქრაძეები. მამა - შუქრი ბაქრაძე და დედა - ლილი ბაქრაძე. დავით ბაქრაძის სახელზეა რეგისტრირებული 213 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი ბინა თბილისში, ლარსის შესახვევი #3-ში და 28 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოფარეხი, ამავე მისამართზე.

ლილი ბაქრაძის სახელზეა რეგისტრირებული 339 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, ტიბაანის ქუჩა #21-ში, 287 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამავე მისამართზე მდებარეობს, ლილი ბაქრაძის სახელზეა რეგისტრირებული. სურამში, 9 აპრილის ქუჩა #96-ში არსებული 1 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 33%-ის მფლობელია ლილი ბაქრაძე, ხოლო დანარჩენ წილს მისი პარტნიორები - გიორგი და ნათელა აბასაშვილები ფლობენ. სურამში, ამავე მისამართზე არსებული 150 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლში, 33%-იან წილს ლილი ბაქრაძე, ხოლო დანარჩენს მისი პარტნიორები - გიორგი და ნათელა აბასაშვილი ფლობენ. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, "თიბისი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე, დავით ბაქრაძეს 265 ლარი ერიცხება, ამავე ბანკში მაკა მეტრეველის მიმდინარე ანგარიში 95 ლარია. "თიბისი ბანკში", დავით ბაქრაძეს გახსნილი აქვს ანაბარი, რომელზეც 50 000 აშშ დოლარი ერიცხება, ეკატერინე ბაქრაძის მიმდინარე ანგარიში "თიბისი ბანკში" 230 ლარია, "ლიბერთი ბანკში" კი მაკა მეტრეველის სახელფასო ანგარიშზე 1 375 ლარი ირიცხება. დავით ბაქრაძე ფლობს 25 000 ლარსა და 10 000 აშშ დოლარს. საპრეზიდენტო კანდიდატის ოჯახის წევრების მიერ, სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ასე გამოიყურება: დედამ, ლილი ბაქრაძემ LILI BAKRADZE TBE-დან, როგორც ინდმეწარმემ, 7 833 ლარის შემოსავალი მიიღო. მეუღლე, მაკა მეტრეველი იყო LLC FASHION GROUP-სა და LLC GEORGIAN KAMPANUS-ს პარტნიორი, ასევე NNIP FASHION ASSOCIATION-ის გამგეობის წევრი. ამ კომპანიებიდან მიღებული შემოსავლები ქონებრივ დეკლარაციაში, რატომღაც ასახული არ არის. დავით ბაქრაძემ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, 92 742 ლარის შემოსავალი მიიღო. მაკა მეტრეველი ჩაჩავას კლინიკის დირექტორის თანაშემწეა მარკეტინგის დარგში, სადაც 7 450 ლარი ერიცხება. შუქრი ბაქრაძე ინდმეწარმე "გიორგი აბასაშვილის" ბუღალტერია და მისი შემოსავალი 5 400 ლარია. ჩაჩავას კლინიკის გარდა, მაკა მეტრეველი შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა, სადაც ის 5 000-ლარიან შემოსავალს იღებს. რაც შეეხება დავით ბაქრაძის შემოსავლებსა და გასავალს, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი სამივლინებო თანხა და შემოსავალი 19 328 ლარი იყო, საბანკო ანაბარზე დივიდენდის სახით, 1 760 აშშ დოლარი დაერიცხა, ხოლო გასავლის სახით, ეკატერინე ბაქრაძის სწავლის ღირებულება - 9 500 ლარი გადაიხადა. ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს საცხოვრებელი ბინის რემონტი 5 000 ლარი დაუჯდა, ხოლო ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სახით 1 887 ლარი გადაიხადა.

დავით ბაქრაძე საკმაოდ შეძლებული კაცი ყოფილა. მისი ქონებრივი დეკლარაცია, ერთი შეხედვით, სუფთაა და ეჭვმიუტანელი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ჯერ ერთი, დეკლარაციაში გარკვევით წერია, რომ დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და ხელფასი 5000 ლარი აქვს. ეს სწორედ ის "სინათლის ქალაქია", რომელიც თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს გახლავთ უფუნქციო შპს, მასში დასაქმებულნი არიან ნაცმოძრაობის მხარდამჭერები შოუბიზნესისა და სხვა სფეროებიდან. დასაქმებაც პირობითია - მათ ისიც არ იციან, სადაა "სინათლის ქალაქის" ოფისი, უბრალოდ, ნაცმოძრაობის მხარდაჭერის საფასურად ფორმალურად არიან გაფორმებულნი ამ შპს-ში და ყოველთვიურად დაუმსახურებელი ხელფასი ერიცხებათ. "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოში კი 36 ადამიანია. სამეთვალყურეო საბჭოში ელიტაა თავმოყრილი - ნაცმოძრაობის ექსდეპუტატები, მათი ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერი ე.წ. ცნობადი სახეები. მაგალითად, კობა ხაბაზი, გიგა ნასარიძე, გიორგი ასანიძე და დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი. დიდი ეჭვი მაქვს, არც მაკა მეტრეველმა იცის, სადაა "სინათლის ქალაქის" ოფისი და თვეში 5000 ლარს ისიც საბჭოს სხვა წევრებივით, დაუმსახურებლად იღებს. ამ კომპანიაში მისი საქმიანობის შესახებ, მაკა მეტრეველს ჯერ მის არც ერთ ინტერვიუში არ განუცხადებია. არადა, სხვა ყველა სფერო, სადაც დასაქმებულია, მისთვის მნიშვნელოვანია და მათ შესახებ ქართველ ჟურნალისტებს ხშირად ესაუბრება. ეს გვაფიქრებინებს, რომ "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა მისთვის არც რეალური სამსახურია და არც ამის აფიშირება სურდა. "სინათლის ქალაქმა" კი მხოლოდ მისი მეუღლის ქონებრივ დეკლარაციაში იჩინა თავი. ეტყობა, სხვა გზა არ იყო - ამ ფაქტს ვერ დამალავდნენ. მოკლედ, "სინათლის ქალაქი" ელიტური, ე.წ. გაპრავებული კორუფციის ნათელი მაგალითია და ამ კორუფციაში პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველიცაა გარეული. "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭო რომ მავანთათვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან "თეთრი" ფულის მიღების წყაროა, ამას საბჭოს წევრთა რაოდენობაც ადასტურებს. "მაიკროსოფტს" წლიურად 40 მილიარდ დოლარზე მეტი გაყიდვები აქვს, მსოფლიოს 102 ქვეყანასა და რეგიონში აქვს ფილიალები და 70 000 კაცი ჰყავს დასაქმებული, არადა ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო სულ 17 ადამიანისგან შედგება. რა უბედურებაა უფუნქციო "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოში 36 კაცი?

დავით ბაქრაძე ქონებრივ დეკლარაციაში არ აფიქსირებს, მეუღლეს სამოდელო კომპანიებიდან ჰქონდა თუ არა შემოსავალი. არადა, დადასტურებული ფაქტია, რომ მაკა მეტრეველის პატრონაჟით მოწყობილი "ჯორჯიან ფეშენ ვიკი" თბილისის მერიამ და ნაცმოძრაობასთან ალიანსში მყოფმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს. სად და რაში დაიხარჯა ეს ფული და დარჩა თუ არა მოგება მაკა მეტრეველს, დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი. ურიგო არ იქნებოდა, ამ კუთხით დავით ბაქრაძეს მეტი სიცხადე შეეტანა დეკლარაციაში.

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატებს მაღალი სტანდარტები დაუწესა

საპრეზიდენტო მარათონის დასაწყისში, ზემოჩამოთვლილი კანდიდატებიდან, მხოლოდ ორი იმყოფებოდა სახელმწიფოს სამსახურში. გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრი გახლდათ, დავით ბაქრაძე კი პარლამენტის დეპუტატი და უმცირესობის ლიდერი. გაცხადდა თუ არა, რომ გიორგი მარგველაშვილი იქნებოდა კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი, პირველი რაც გააკეთა, ის იყო, რომ განათლების მინისტრის პოსტიდან გადადგა. არადა, ამას კანონი არ ავალდებულებდა - მას შეეძლო, მინისტრის რანგში ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია. ამ ნაბიჯით გიორგი მარგველაშვილმა უარი თქვა მრავალ პრივილეგიაზე. ამასთან, მან ძირშივე მოსპო იმის ეჭვიც კი, რომ საარჩევნო კამპანიისას საბიუჯეტო რესურსს გამოიყენებდა - ავტომობილს, საწვავს, მობილური ტელეფონის ხარჯს, მინისტრის თანაშემწეების მომსახურებას და სხვ. დავით ბაქრაძე კი ამ ყველაფერს ვერ შეელია. იმას არ ვამბობ, რომ აუცილებლად პარლამენტარის მანდატზე უნდა ეთქვა უარი (არც ეს იქნებოდა ურიგო), თუმცა მას შეეძლო, უარი ეთქვა საბიუჯეტო რესურსზე, მაგრამ ასე არ მოიქცა. დღეს, პარტია ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ამომრჩევლებს სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილით ხვდება, იყენებს პარლამენტარისთვის ლიმიტირებულ საწვავს, მუდამ დაჰყვება დაცვა, რომელსაც ხელფასს სახელმწიფო უხდის... პრინციპში, ნაცმოძრაობის კანდიდატი სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, ის უნდა გაგვკვირვებოდა - ამ პარტიის პოლიტიკური ლიდერებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრება ხომ ნორმა და ცხოვრების უკვე დამკვიდრებული წესია. ბაქრაძის მიერ საბიუჯეტო რესურსის გამოყენების სხვა, წვრილმანი ფაქტების გახსენებაც შეიძლება, მაგრამ ეს ვიკმაროთ.

საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილმა მინისტრის პოსტიდან გადადგომით, საბიუჯეტო რესურსზე უარის თქმით, ახალი, მაღალი სტანდარტი დაუწესა პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს, დაუწესა თამაშის პატიოსანი წესები, რომელიც დღემდე უცხო იყო ქართული პოლიტიკისთვის. მან ამ ნაბიჯით მათაც და ხალხსაც დაანახა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი სწორედ გაპრეზიდენტებამდე უნდა უფრთხილდებოდეს ბიუჯეტის ანუ ხალხის ფულს. ასეთი სახელმწიფოებრივი მიდგომით, ცხადია, სრულიად საფუძვლიანია ვარაუდი, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიუჯეტს პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენებს.

წინასაარჩევნო პერიოდში გიორგი მარგველაშვილისა და დავით ბაქრაძის ქმედებების შეფასება მიუკერძოებელ ექსპერტებს ვთხოვეთ.

ზაზა შათირიშვილი: "ძალიან კარგია, რომ გიორგი მარგველაშვილი ასე მოიქცა - თანამდებობიდან გადადგა და საბიუჯეტო რესურსის გამოყენებაზე უარი თქვა. ეს მეტყველებს, რომ ის კანონს იცავს და უნდა ვიგულისხმოთ, რომ როცა პრეზიდენტი გახდება, მაშინაც ასე გააგრძელებს. ეს ჩვენს სინამდვილეში იყო არაორდინალური მოვლენა, რადგან დღემდე ყველა არჩევნები იყო კანონდარღვევათა უწყვეტი ჯაჭვი და პრეზიდენტობის არც ერთი კანდიდატი, ვისაც მასზე ხელი მიუწვდებოდა, საბიუჯეტო რესურსის გამოყენებაზე უარს არ ამბობდა. მარგველაშვილი კი აკეთებს იმას, რასაც ყველა პატიოსანი, კანონმორჩილი და კანონის პატივისმცემელი მოქალაქე გააკეთებდა. პასკალმა თქვა თავის დროზე: თუ ვინმეს მამა არ მოუკლავს და ეკლესია არ დაუწვავს, ადამიანად არ ითვლებაო. აი, ასეთ მდგომარეობაში ვიყავით - თუ პოლიტიკოსი კანონს არ არღვევდა, მას პოლიტიკოსად არ მივიჩნევდით, მეტადრე, სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელს. ამდენად, გიორგი მარგველაშვილის ნაბიჯებზე შემიძლია ცალსახად ვთქვა - ის მაღალი სტანდარტების დაწესებას ცდილობს არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არა მხოლოდ საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის, საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში.

დავით ბაქრაძე თუ ბიუჯეტის ხარჯზე ატარებს საარჩევნო კამპანიას, ეს ძალიან ცუდია. ამით ბაქრაძე ვერაფერს მოიგებს. საზოგადოებას შესაბამისი მესიჯი მიეწოდება და ცხადია, ეს არჩევნების შედეგებზე აისახება მისთვის საზიანოდ".

რამაზ საყვარელიძე: "გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ეს ნამდვილად იყო ქართულ პოლიტიკაში მაღალი სტანდარტების დაწესების მცდელობა, რაც მისასალმებელი და დასაფასებელია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს წინასაარჩევნო ტრიუკი იყო, გავაწბილებ - მარგველაშვილის საქციელი ნამდვილად გულწრფელი იყო.

დავით ბაქრაძეზე კი შემიძლია ვთქვა, რომ საბიუჯეტო რესურსის გამოყენება უფრო დააზარალებს, ვიდრე სიკეთეს მოუტანს არჩევნებში. ეს, ცხადია, საზოგადოების ნაწილს მის მიმართ ნეგატიურად განაწყობს".

ხათუნა ლაგაზიძე: "ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. კარგი იქნება, თუ გაპრეზიდენტების შემთხვევაშიც შეინარჩუნებს ბიუჯეტის მიმართ ამგვარ მიდგომას.

საქართველოში ნებისმიერ არჩევნებზე დაწესებულია ახალი, მაღალი სტანდარტები და კარგია, რომ მარგველაშვილმა ეს პროცესი დაიწყო ამ არჩევნებში თავად ცდილობს მაღალი სტანდარტის დაწესებას. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოში დღემდე არ ყოფილა ასეთი თავისუფალი არჩევნები, თუ 1990 წელს გამართულ არჩევნებს არ ჩავთვლით. ხალხს აზრის გამოთქმის, პოზიციის დაფიქსირებისა არ ეშინია.

დავით ბაქრაძემ რა ნაბიჯიც უნდა გადადგას, მას ამ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი არ გააჩნია და რატომ უნდა მოიკლოს ფუფუნება? - ეტყობა, ასე ფიქრობს თავად. იგი რეალურად აფასებს საკუთარ შანსებს. გასაკვირი ის იქნებოდა, ნაცმოძრაობის კანდიდატს საბიუჯეტო რესურსის დაზოგვასა და კანონის დაცვაზე რომ ეფიქრა".

კახა მაისურაძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა