ანატოლი ბოისას ცეკვის შესწავლა გაუჭირდა

ანატოლი ბოისას ცეკვის შესწავლა გაუჭირდა

30 წლის კალათბურთელ ანატოლი ბოისას "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ალბათ ყველა მონაწილე ვარსკვლავისთვის სასურველი მეწყვილე, სალომე ჭაჭუა ჰყავს. ამის გამო ბევრი მას გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. თავად ანატოლი არ ფიქრობს, რომ კარგი მეწყვილე გამარჯვების გარანტია. ანატოლი ძალიან მონდომებულია. ერთი მხრივ, მოსწონს, სალომე რომაა მისი მეწყვილე და, მეორე მხრივ, ნერვიულობს. სალომეს ფონზე ჩემი ყველა შეცდომა უფრო გამოჩნდებაო. "ცეკვავენ ვარსკვლავები" ოქტომბრიდან დაიწყება და ალბათ პირველივე კონცერტზე მაყურებელი თავის ფავორიტს აირჩევს.

- ანატოლი, როგორც ვიცი, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონშიც შემოგთავაზეს მონაწილეობა, მაგრამ ახლა დათანხმდი.

- ახლა შედარებით უფრო თავისუფალი გრაფიკი მაქვს. საქართველოს გუნდი არც ერთ ევროთასზე არ თამაშობს. ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, პროექტის მესამე სეზონში მიმეღო მონაწილეობა.

- როგორც გავიგე, სალომე ჭაჭუა იქნება მეწყვილე. როდესაც შენი მეწყვილე ძალიან კარგად ცეკვავს, ეს ალბათ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა.

- პასუხისმგებლობაც მეტია და როცა ასეთ მაგარ მეწყვილესთან ცეკვავ, თითოეული შენი შეცდომა უფრო გამოჩნდება. ამიტომ ვეცდები, კარგად ვიცეკვო, რამდენად გამომივა, არ ვიცი.

- როგორც ვიცი, ცეკვა მაინცდამაინც არ გეხერხება.

- სამეგობრო წრეში ცეკვა და გართობა, როგორც ყველას, მეც მომწონს, მაგრამ ქორწილებსა და დაბადების დღეებზე იმის გამო არ დავდივარ, რომ ვიცეკვო.

- უკვე დაიწყე ვარჯიში. შეგიძლია თქვა, რამდენად რთულია სამეჯლისო ცეკვები?

- გაცილებით რთულია, ვიდრე მეგონა, მიჭირს ცეკვის სწავლა. კალათბურთში გამოვიმუშავე ფუნდამენტური მოძრაობები, რომ მუხლებში უნდა ჩავჯდე და ტერფებზე ვიდგე. სამეჯლისო ცეკვებში ყველაფერი პირიქითაა. ფეხის წვერებზე უნდა იდგე, ამიტომ მიჭირს ცეკვა. ძალიან შრომატევადი და დამღლელია ცეკვის სწავლა და დავრწმუნდი, რომ არაა ტყუილი, როცა ამბობენ, სამეჯლისო ცეკვა სპორტიაო.

- როგორ ფიქრობ, პროექტში რომელ ეტაპამდე მიხვალ?

- სპორტსმენი ვარ და აქედან გამომდინარე - ძალიან აზარტული. რადგან პროექტში ჩავერთე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავიხვეწო და მაყურებელს ჩემი თავი სხვა კუთხით დავანახვო. იმედია, იტყვიან, რომ ცეკვაში მაგარი თუ არა, კარგი მაინც ვარ. მინდა, პროექტის ბოლომდე გავიდე. მით უფრო, რომ ასეთი გამოცდილი მეწყვილე მყავს.

- უკვე რამდენიმე დღეა ვარჯიშობთ. რას ამბობს სალომე, პერსპექტიული მოცეკვავე ხარ?

- მოცეკვავის კარიერა ალბათ არ მექნება, მაგრამ მოსწონს, რომ არ მეზარება ვარჯიში და მონდომებული ვარ.

- პროექტში პირველად რა ცეკვას შეასრულებთ?

- ჯაივს ვიცეკვებთ, რომელიც ძალიან სწრაფია. პირველი ორი დღე რომ ვივარჯიშე, ვამბობდი, არაფერი გამომივა-მეთქი. ვარჯიშის მესამე დღეს ჩემი ცეკვა ცეკვას დაემსგავსა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია