პრემიერი მავთულხლართების აგებას სოჭის ოლიმპიადას უკავშირებს

პრემიერი მავთულხლართების აგებას სოჭის ოლიმპიადას უკავშირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მავთულხლართების აგებას სოჭის ოლიმპიადას უკავშირებს. მისი თქმით, მთელი რუსეთი გადაყოლილია იმ თემას, რომ ოლიმპიადამ მშვიდობიანად ჩაიაროს. ამასთან, როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, მავთულხლართების აგება არც მათ პოლიტიკაში არ შედის.

"ჩემი გადმოსახედიდან და იმის მიხედვით, რაც ვიცი ფორმალურად და არაფორმალურად, მავთულხლართების გაბმა უკავშირდება ოლიმპიადას. მთელი რუსეთი გადაყოლილია ამ თემას, რომ როგორმე მშვიდობიანად ჩაატაროს ოლიმპიადა. ჩვენ ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად გახსნილად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პირობები შევუქმნათ და მაქსიმალურად დავეხმაროთ. ჩემგანაც ყველა მითითება აქვთ სამართალდამცველ სტრუქტურებს, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ ამას. ბათუმში თქვენ იცით, რომ დავაკავეთ ლაკაევი და ესეც ამას უკავშირდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ღირსეულად ჩაატარონ ეს ოლიმპიადა და მასში მონაწილეობასაც მივიღებთ. ამის შემდგომ ძალიან ბევრი რამე გამოიკვეთება. ჩემი აზრით, დღეს, არც მათ არ აწყობთ ეს მავთულხლართები, არც მათ პოლიტიკაში არ შედის. ამას "ნაციონალები" ალბათ აიტაცებენ და იტყვიან, რომ ვეხმარები ოლიმპიადაში და მავთუხლართებსაც ვამართლებთ. არაფერსაც არ ვამართლებთ, ეს ძალიან მძიმეა და მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ გვერდში დავუდგეთ დაზარალებულ მოსახლეობას. დღესაც ვაცხადებ, რომ დიახ, ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიები, გრძელდება მავთუხლართების აგება, რაც ძალიან სამწუხაროა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "სანამ ოლიმპიადა არ დასრულდება, კარგად ვერ გავერკვევით ჩვენს დამოკიდებულებებში ყველაზე დიდ მეზობელთან". "ჩვენი მხრიდან, ჩვენ მაქსიმალურ მოთმენას ვამჟღავნებთ, ამავდროულად პრინციპულად მივუთითებთ და ხმას ვიმაღლებთ იმ დარღვევებზე, რაც ხდება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა