მიხეილ სააკაშვილი რუსეთის იმპერიის დაშლას და მის "ნორმალურ სახელმწიფოდ" გადაქცევას პროგნოზირებს

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის იმპერიის დაშლას და მის "ნორმალურ სახელმწიფოდ" გადაქცევას პროგნოზირებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უახლოეს წლებში რუსეთის, როგორც იმპერიის დაშლას და მის "ნორმალურ სახელმწიფოდ" გადაქცევას პროგნოზირებს.

როგორც სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის იმპერიალისტური გზა ჩიხში შევა, ევრაზიული კავშირი კი კრახს განიცდის.

"რუსული პროექტი განწირულია წარუმატებლობისთვის. დღევანდელ დღეს ვერც ერთი იმპერია ვერ იარსებებს, მითუმეტეს, რუსული. თუ ჩვენ შევხედავთ ისტორიას, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კოლონიები დაკარგეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ კოლონიები იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, არამედ იმიტომაც, რომ პარიზსა და ლონდონში აღარ სჯეროდათ იმპერიის. ეს იმპერიები ეჭვქვეშ დადგა, როგორც პერიფერიაში ისე ცენტრებში. სწორედ ეს ხდება ამჟამად რუსეთში", - განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, იმპერიული ოცნების უარყოფა, ჯერ პერიფერიებში ხდება, მაგრამ იმპერიას მომავალში უარყოფენ ცენტრშიც.

"ამგვარი უარყოფა თავს ავლენს არა მხოლოდ სახალხო პროტესტში ან რუსეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციის მზარდ მხარდაჭერაში. ეს უარყოფა უპირველესად რუსული ელიტების მხრიდან პუტინის პროექტის - ევრაზიული კავშირის მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებაში ვლინდება. სწორედ იმ ხალხს არ სწამს ამ პროექტის, რომელიც უნდა ემსახუროს მას. ამგვარად, როგორც განაპირა ქვეყნებში, ისე ცენტრში უარყოფის შედეგად, იმპერიალისტური გზა ჩიხში შედის, ევრაზიული კავშირი კი კრახს განიცდის. რუსეთი ჩამოყალიბდება ერ-სახელმწიფოდ, რომელსაც განაპირა მხარეების ნაცვლად ექნება ნამდვილი საზღვრები", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს რუსეთი მეზობლებთან სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

"სწორედ ამის შემდეგ ჩაანაცვლებს თანამშრომლობა დაპირისპირებას.

ეს მოხდება უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრ ადამიანს ჰგონია. აქედან იხეირებენ განაპირა ქვეყნები, მაგრამ ყველაზე მეტად ამით რუსი ხალხი მოიგებს.

ეს მოხდება იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქეთა იმ თაობისთვის, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია, იმპერიული პროექტი აბსურდია. ეს მოხდება იმიტომ, რომ ეთნიკური დისკრიმინაცია, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებობს, ვერ მოახდენს კონსოლიდირებას და ვერ გახდის რუსეთს ერთიან სახელმწიფოდ. ეს მოხდება იმიტომ, რომ ნავთობისა და გაზის უსასრულო რესურსებით განპირობებულ შემოსავალს, საფრთხეს უქმნის ფიქლის გაზისა და ნავთობის განვითარება. ეს მოხდება იმიტომ, რომ გაზი ვერ ჩაანაცვლებს ეკონომიკურ მოდერნიზაციას. ეს მოხდება კორუფციისა და სამართლიანობის არარსებობის გამო. ეს მოხდება იმიტომ რომ მთელი რეგიონები გაუცხოვდა დისკრიმინაციის, ძალადობის გამო; რადგან ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, სათათრეთი თუ სხვა ადგილები იმდენად შევიწროვებულნი არიან რომ თავს მოსკოვთან ერთიანი პროექტის წევრებად აღარ გრძნობენ. ეს მოხდება იმიტომ რომ სიბრაზე და ზიზღი ძალიან ძლიერია გამაერთიანებელი იდეალი კი პრაქტიკულად არ არსებობს. ეს მოხდება არა მომავალ ათწლეულებში, არამედ უახლოეს წლებში", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის პროგნოზით, რამდენიმე წელიწადში ვლადიმერ პუტინი აღარ იქნება არც კრემლში და არც რუსულ პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ რამდენიმე წელიწადი აპირებს პოსტზე დარჩენას.

"რუსეთის მოქალაქეთათვის იგი დარჩება ძველი დროის აჩრდილად, იმპერიისა, კორუფციისა და ჩაგვრის აჩრდილად. არავინ უწყის ეს პროცესი მშვიდობიანი იქნება თუ ძალადობრივ. არავინ უწყის პუტინის მემკვიდრე ლიბერალი იქნება, ნაციონალისტი თუ ორივე. აქ მთავარი სხვა რამ არის: რუსეთი აღარ იქნება იმპერია და იგი გადაიქცევა ნორმალურ სახელმწიფოდ. ეს ის პერსპექტივაა, რომლისთვისაც ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ", - განმარტა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მაშინ, როცა ეს მოხდება, ყოფილი დამონებული ერები დაპირისპირების ნაცვლად, უნდა გაერთიანდნენ.

"წარსულში, ზოგიერთ ლიდერებსა და ქვეყნებს, მაგალითად იოსებ პილსუდსკის პოლონეთს, რომელიც ყველა ჩაგრულ ერს პოლონეთის თავისუფლების დროშის ქვეშ იხმობდა, ესმოდათ რომ ერთი ქვეყნის თავისუფლება დამოკიდებული იყო დამონებული ერების თავისუფლებაზეც, თუმცა არასდროს ჩვენს წინაპრებს არ უხეირიათ ისეთი დიდი ძალისგან, რომელსაც კარგად ესმის საკუთარი სტრატეგიული ინტერესი - შენარჩუნდეს ჩვენი სუვერენიტეტი - ეს ძალა კი არის ევროპის კავშირი", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა