ავსტრიის მოქალაქე მიწის მორატორიუმზე საკონსტიტუციოში ჩივის

ავსტრიის მოქალაქე მიწის მორატორიუმზე საკონსტიტუციოში ჩივის

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე უცხოელებისთვის დაწესებული ამკრძალავი ნორმა, უფრო ზუსტად კი, მორატორიუმი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს.

მოსარჩელე ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერია. ის დამოუკიდებელი ჟურნალისტია, საქართველოში 4 წელია ცხოვრობს და ამჟამად "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" მუშაობს. ის თვლის, რომ მორატორიუმი არღვევს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას და დისკრიმინაციულ რეჟიმში აყენებს უცხოელებს. მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ სარჩელს, ეს მოგვიანებით გაირკვევა.

17 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი, რომელიც ითხოვს იმ საკანონმდებლო ნორმის გაუქმებას, რომელიც უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე აკრძალვას 2014 წლის ბოლომდე უწესებს. მოსარჩელეა ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი.

"შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული საკითხის განხილვაზე იმ მოტივით თქვას უარი, რომ დაახლოებით ამგვარი საკითხი მას უკვე განხილული ჰქონდა და გადაწყვეტილებაც გამოტანილი. ასეთ შემთხვევაში ნორმა გაუქმდება. მეორე ვარიანტით, რადგან წინა ეხებოდა მუდმივი აკრძალვის გაუქმებას, ახლა კი საუბარია მხოლოდ დროებით მორატორიუმზე, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი წარმოებაში მიიღოს და არსებითი განხილვა დაიწყოს. რაც შეეხება შედეგს, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას სამართლის დოქტორმა ანა ფირცხალაიშვილმა.

მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ სარჩელს, ეს მოგვიანებით გაირკვევა. ამ დროისთვის ცნობილი მხოლოდ ისაა, სარჩელი არსებობს და პარლამენტის მიერ დაწესებულ მორატორიუმს არა მარტო უცხოელები, არამედ თავად ქართველი ექსპერტებიც აკრიტიკებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, დაახლოებით, ასეთივე ტიპის სარჩელზე გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი აქვს. როგორც ცნობილია, 2012 წლის 26 ივნისს სასამართლომ მიიღო #3/1/5/512 გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში გათვალისწინებული შეზღუდვები უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასა და საკუთრებაში ქონაზე. როგორც სამართლის დოქტორი ანა ფირცხალაიშვილი ამბობს, აღნიშნული ფაქტის გამო, გამორიცხული არ არის, რომ ამჯერად სასამართლომ ახალი სარჩელის განხილვაზე უარი თქვას.

"შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული საკითხის განხილვაზე იმ მოტივით თქვას უარი, რომ დაახლოებით ამგვარი საკითხი მას უკვე განხილული ჰქონდა და გადაწყვეტილებაც გამოტანილი. ასეთ შემთხვევაში ნორმა გაუქმდება. მეორე ვარიანტით, რადგან წინა ეხებოდა მუდმივი აკრძალვის გაუქმებას, ახლა კი საუბარია მხოლოდ დროებით მორატორიუმზე, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი წარმოებაში მიიღოს და არსებითი განხილვა დაიწყოს. რაც შეეხება შედეგს, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ანა ფირცხალაიშვილმა.

ცნობისათვის, 17 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი, რომელიც ითხოვს იმ საკანონმდებლო ნორმის გაუქმებას, რომელიც უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე აკრძალვას 2014 წლის ბოლომდე უწესებს. მოსარჩელეა ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან", რომელმაც მორატორიუმის დაწესების შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა იმის გამო, რომ ის არღვევს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას და დისკრიმინაციულ რეჟიმში აყენებს უცხოელებს.

მოსარჩელე მათიას ჰუტერი შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მან შეაჩეროს სადავო აქტის მოქმედება. ივნისიდან მოქმედებს ახალი წესი, რომლის მიხედვითაც თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ შეაჩეროს სადავო აქტი იმ მოტივით, რომ მისმა მოქმედებამ გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს ერთ-ერთ მხარეს, მაშინ ის ვალდებული ხდება ამ საქმეზე შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილება შემჭიდროვებულ ვადებში - მაქსიმუმ 45 დღეში მიიღოს.

შეგახსენებთ, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე პარლამენტმა მორატორიუმი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე გამოაცხადა. შესაბამისად, 2014 წლის დეკემბრის ბოლომდე უცხოელზე მიწას ვერც ფიზიკური პირი და ვერც სახელმწიფო ვეღარ გაასხვისებს. აღნიშნული აკრძალვის შემდეგ, მასიურად დაიწყო სასოფლო-სამეურნეო მიწებისთვის სტატუსის შეცვლა და შედმგომ მისი გასხვისება, ამიტომ მორატორიუმის ინიციატორებმა კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს და 2015 წლის 1-ელ იანვრამდე მიწისთვის სტატუსის შეცვლაც შეაჩერეს.

ივლისში პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისთვის დანიშნულების შეცვლა, მხოლოდ სახელმწიფო აუცილებლობიდან გამომდინარე - მთავრობის გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.

პირველ და მეორე გადაწყვეტილებასაც ექსპერტი სასოფლო-სამეურნეო საკითხებში პაატა კოღუაშვილი თავიდანვე აკრიტიკებდა და ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ ურჩევდა.

"მორატორიუმი გამოსავალი არ არის, ამას ვამბობდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა აღნიშნული ინიციატივა გახმაურდა. მორატორიუმზე საუბარი ყოველთვის პრობლემებთან ასოცირდება. პრობლემები, რომელიც თავის დროზე აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს შეექმნათ, უნდა ყოფილიყო მაგალითი. მიწათსარგებლობის კანონში სწორედ ის ცვლილებები უნდა შესულიყო, რაც რამდენიმე თვის წინ მოვამზადეთ და კანონპროექტის სახით პარლამენტში შევიტანეთ. ეს ასე არ მოხდა და მიიღეს მორატორიუმი, რაც ძალიან ცუდია. ახლა კი ვიღაც ავსტრიის მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლა და ვფიქრობ, რომ ის პროცესს მოიგებს", - ამბობს კოღუაშვილი.

რაც შეეხება თავად კანონპროექტს, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა პაატა კოღუაშვილმა, სამართლის დოქტორმა ანა ფირცხალაიშვილმა და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა ზაურ ჯინჯოლავამ შეიმუშავეს, აღნიშნულია, რომ უცხოელის მიერ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა დაშვებულია მხოლოდ 25 ჰა ოდენობით. საერთო ჯამში კი, არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5% შეიძლება იყოს უცხოელთა საკუთრებაში.

"კანონპროექტში დეტალურად იყო აღწერილი თუ რა უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ მაინც მორატორიუმი გამოაცხადეს, რაც კარგ შედეგს არ მოიტანს", - ამბობს კოღუაშვილი.

აქვე ექსპერტს ავსტრიისა და შვეიცარიის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ კარგი იქნებოდა თუ მთავრობა ამას კარგად გაითვალისწინებდა. მისი თქმით, ავსტრიაში უცხოელთა მიერ მიწის შეძენა რეგულირდება ცალკეული მიწების კანონებით. მაგალითად, ერთ-ერთი მიწის (ბურგერლანდის) კანონით "უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ", უცხოელი უძრავი ქონების შეძენისათვის საჭიროებს ნებართვას. ნებართვა კი თავის მხრივ შეიძლება მიღებული იქნეს თუ "სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური" ინტერესები არ იქნება შელახული და თუ: არსებობს მიწის (ბურგერლანდის) ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული ინტერესი უცხოელი ავსტრიის ტერიტორიაზე მინიმუმ 10 წელი ლეგალურად, კანონიერად იმყოფება და მისი შენაძენით მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა საჯარო ინტერესი არ ილახება.

"თუ უცხოელს (და მათ შორის არ მოიაზრებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთა მოქალაქეები) ნაყოფიერი, სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა სურს, მას ზემოთმოცემულ ნებართვასთან ერთად, სჭირდება დამატებითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სპეციალური კომისიის მიერ.

დაახლოებით იგივე რეგულირებაა ავსტრიის სხვა მიწების კანონმდებლობებითაც, როგორიცაა, მაგალითად, ობეროსტერრეიხის კანონმდებლობა. ის ითვალისწინებს, რომ უცხოელის მიერ ყოველგვარი ქონების შეძენას (ყიდვით, ჩუქებით, ან გაცვლით) არ სჭირდება ნებართვა; მაგრამ უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის (1 ჰექტარზე მეტის) არათუ შეძენას, არამედ იჯარით აღებასაც კი სჭირდება სპეციალური ნებართვა.

უძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენის ნებართვა იმ შემთხვევაში შეუძლია უცხოელმა მიიღოს, თუ: ის აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელსაც საკუთრების შეძენისას ქვეყნის მოქალაქეც უნდა აკმაყოფილებდეს; არ შეილახება ავსტრიის კულტურული, სოციალ-პოლიტიკური და საჯარო ინტერესი ან უშიშროება. უცხოელთა მიერ მიწის შეძენის შესახებ ავსტრიის ყველა ფედერაციულ ერთეულში ვხვდებით მსგავს რეგულირებას", - აცხადებს კოღუაშვილი.

რაც შეეხება შვეიცარიას, იქ უცხოელების მიერ მიწის შეძენა დაშვებულია, თუმცა მხოლოდ ნებართვის აღების პირობით. შვეიცარიის ფედერალური კანონი უცხოელთა მიერ მიწის შეძენის შესახებ პირველი მუხლით ადგენს ამ კანონის მიზანს. ეს არის: "უცხოეთში მცხოვრებთა მიერ შვეიცარიის მიწის შეძენის შეზღუდვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული შვეიცარიული მიწის "გაუცხოება". ამ კანონით შეზღუდვები, ძირითადად, იმ პირებზე წესდება, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და არა იმ უცხოელებზე რომლებიც შვეიცარიაში კანონიერად ცხოვრობენ.

როგორ დასრულდება ავსტრიის მოქალაქის საქართველოს მთავრობასთან სასამართლო დავა, ჯერ გაუკრვეველია, მაგრამ მანამდე კიდევ უფრო დიდ საგონებელში საზოგადოება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჩააგდო. გუშინ ექსპერტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების შესახებ მორატორიუმი აღარ გაგრძელდება.

ივანიშვილის მტკიცებით, მას ჰქონდა შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან და ეკონომიკის მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან. "რაც მორატორიუმი გამოცხადდა მიწაზე, გამოსავალს ველოდებით. რატომ გამოცხადდა, ამას ბევრი მიზეზი აქვს. მორატორიუმი რომ არ გაგრძელდეს, გუშინ მივიღეთ ამაზე გადაწყვეტილება და ამას გამოქვეყნებულს თქვენ უახლოეს დროში ნახავთ. იჯარით მაინც სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ყველაზე გაცემა.

რაც მეტი იქნება შეზღუდვა ეკონომიკაში და მორატორიუმები, მით ნაკლებად თავისუფალია ბაზარი. ეს ეკონომიკის განვითარებას და ინვესტიციების შემოსვლას ხელს უშლის. მაგრამ, სახელმწიფოა, მას სხვადასხვა ტიპის დაცვა სიჭრდება და ამ შემთხვევაში ეს გამართლებული იყო", - აღნიშნა პრემიერმა.

რა გადაწყვეტილება მიიღო ეკონომიკურმა გუნდმა, ძნელი გამოსაცნობია. მორატორიუმზე პარლამენტმა კანონი მიიღო და მისი შეცვლა მთავრობას არ ძალუძს. როგორ და რა ფორმით მოხდება პარლამენტის კანონის შეცვლა, ალბათ, პრემიერი თავად განმარტავს.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია