”კაჩიგარიაში” მცხოვრებ სამ მცირეწლოვანს გაგიჟება, მერე კი შიმშილით სიკვდილი ემუქრება!

”კაჩიგარიაში” მცხოვრებ სამ მცირეწლოვანს გაგიჟება, მერე კი შიმშილით სიკვდილი ემუქრება!

საკუთარი თავი არ უნდა შეიცოდო, - აქედან კარგი არაფერი გამოდის, თუმცა მე მაინც, ჩემთან ერთად, ყველა ის ჟურნალისტი მეცოდება, ვინც სოციალურ თემაზე მუშაობს. ჩვენს ქვეყანაში ეს საშინელებაა, - რამდენჯერაც ვთქვი, ამაზე უარესი არაფერი მინახავს-მეთქი, მეორეჯერ უფრო უარესი სიღატაკე ვნახე. ამჯერადაც ჯიხვაძეების ოჯახში მისულმა თვალებზე ხელი ავიფარე და ჩამოღება აღარ მინდოდა... თუმცა ვიდრე ამ კოშმარს აღვწერდე, მანამდე მაინც მადლობა საქართველოს, - ამ უბედურების ამბავი უცნობმა ხალხმა გაგვაგებინა. გვწერდნენ, - ვეხმარებით ამ უბედურებს, თუმცა მარტონი ვერაფრით შევძლებთ, კატასტროფა ავაშოროთო! და ეს მართლაც ასეა, - ვაშლიჯვარში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ბინძურ "კაჩიგარიაში" შეხიზნულ სამ მცირეწლოვან ბავშვს ნამდვილად ემუქრება კატასტროფა, თუ მათზე განგაში წინასწარ არ ატყდა და არა, როგორც ჩვენ ვიცით, - მათი ფსიქიკურად დაავადების ან უარეს შემთხვევაში, შიმშილით სიკვდილის შემდეგ. როცა ნანგრევებში მოთამაშე ამ ბავშვებს მივადექი, შოკში ჩავვარდი, - სამი და-ძმიდან უფროსი, ჭუჭყიან სარაფანში (არადა, ციოდა!) გამოწყობილი 6 წლის ნინო ნანგრევებში ქვითა და ჯოხით დარბოდა და იქვე შეკრებილ მეზობელ ბიჭებს ცხოვრებისაგან გაუბედურებული ქალივით უხეშად ემუქრებოდა.

გოგონა ამ საქმიანობაში ისე იყო ჩართული, ჩემს ძახილზე არც მოუხედავს. მერე რომელიღაც ბიჭი საცემად გამოეკიდა და ბავშვი ნანგრევებში გაუჩინარდა. ამასობაში ნანგრევების სხვა მხრიდან ნინოს 5 წლის ძმა, ნიკა და დედა, ნატო ბასილაშვილი გამოჩნდნენ. ისინი საცხოვრებლისაკენ წამიძღვნენ, თუკი შეიძლება საცხოვრებელი ეწოდოს ათასგვარი ნაგავისაგან შეკოწიწებულ ხუხულას, რომელშიც მხოლოდ ორი ჭუჭყიანი საწოლი და ასევე ჭუჭყიანი საბავშვო ეტლი ძლივს ეტევა. ეტლში, ძველ საფენებში გახვეული პატარა იწვა, - ჯიხვაძეების უმცროსი შვილი, დათო. ის სულ სამი კვირის წინ დაიბადა. ჩვილის გარშემო კოღოების მთელი გუნდი დაფრინავდა, რომელებიც აქ ნესტიან ნანგრევებში ბუდობენ. გარშემო ყველგან მომწამვლელი სუნი იდგა, - ოჯახის დიასახლისმა, რომელსაც სუნთქვა ისედაც უჭირდა "ეზოში" მდგარ დამწვარი პოლიეთილენისგან ანთებულ "ფეჩზე" ჩვილისთვის ფაფის მომზადება დაიწყო!

მეც იქვე დაგდებულ ხის ნაჭერზე ჩამოვჯექი, სადაც ბავშვები ისე ამეწეპნენ, ხელის განძრევის საშუალება აღარ მომცეს, - ჩემზე მოკრულები ჩემი ჩანთისკენ ისე ხარბად იცქირებოდნენ, სასწრაფოდ ფული ამოვიღე და მივეცი. ბიჭმა გოგონას ფული არ დაანება, ეს უკანასკნელი კი ისტერიკულად ატირდა. ბავშვს ისტერიკამ დიდხანს არ გაუარა. ამ დროს შიმშილისაგან გაძვალტყავებული დედამისი მშვიდად მეუბნეოდა, - ნევროზი აქვს, ასეთი ისტერიკა ხშირად ემართება, მალე გადაუვლისო. პატარა ნიკაც "მაიმედებდა", - ნუ გეშინია, იტირებს, იტირებს და გაჩუმდებაო და... იცინოდა. მოკლედ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ორივე ბავშვს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა სინამდვილეში ორივენი უბრალოდ, არაბავშვური, სასტიკი გარემოსა და შიმშილის მსხვერპლნი გამხდარიყვნენ. ამით შეძრწუნებულმა ბავშვების დედას პირდაპირ ვკითხე, - ნუთუ ვერ აცნობიერებ, რომ აქ შენი შვილები იღუპებიან. როგორ ვერ მოახერხე, რომ რომელიმე ბავშვთა სახლი მოგეძებნა( თუმცა, ასეთი ბავშვთა სახლის მოძებნაც პრობლემაა, - გასულ წლებში ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფო ბავშვთა სახლი დახურა), ბავშვები მიგეყვანა და არაადამიანურ გარემოში განადგურების საფრთხეს აგერიდებინა-მეთქი?! მან დაფლეთილ საფენებში გახვეული ჩვილი მუხლებზე დაიწვინა და მიპასუხა:

- მაგას ვერ ვიზამ!

- კი მაგრამ რატომ?

- იმიტომ რომ თავად ინტერნატში ვარ გაზრდილი, - ოთხი და-ძმა ვართ, მამამ მიგვატოვა, დედამ ბინა გაყიდა და ჩვენ ინტერნატში შეგვიყვანა, - აფრიკა რომ ჰქვია, იქ იყო ის ინტერნატი. რა სიბინძურე აღარ ხდებოდა, ვინ ვის "ეზასავებოდა" ყურადღებასაც აღარავინ აქცევდა. სულ მშიერი ვიყავით. მაშინ გათბობა არ იყო და "ფეჩით" ვთბებოდით. ცეცხლის დასანთებად თხილის ნაჭუჭები მოჰქონდათ... ღამღამობით იმ ნაჭუჭებში დარჩენილ თხილს ვეძებდით და ვჭამდით. ისე მოვიწამლე, ერთი თვე საავადმყოფოში ვიწექი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია