გელა ხვედელიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს

გელა ხვედელიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების ბრალდებას უარყოფს.

ხვედელიძემ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო პროცესზე დღეს მოსამართლის კითხვას უპასუხა, აღიარებდა თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ. ხვედელიძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

დღევანდელ პროცესზე მინისტრის ყოფილი მოადგილის ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ბრალდების მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რომელიც არ ასახავს ხვედელიძის ბრალეულობას, საქმე არსებით განხილვაზე აღარ გადაიცეს და ხვედელიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს.

თუმცა, აღნიშნული შუამდგომლობას არ დაეთანხმა საქმის პროკურორი და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს აქვს მტკიცებულები, რომლის საფუძველზეც ხვედელიძის ბრალეულობა დასტურდება. მოსამართლე დავით ჯუღელმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ხვედელიძის საქმის არსებითი განხილვის თარიღად 10 ოქტომბერი დაასახელა.

დღევანდელი პროცესის შემდეგ ხვედელიძემ სასამართლო შენობა უკომენტაროდ დატოვა.

ჟურნალისტებმა სასამართლო დაბრაზიდან გამოსვლის შემდეგ ხვედელიძეს დაუსვეს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ გრძნობს, რას უკავშირებს მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, თუმცა გელა ხვედელიძემ სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.

გელა ხვედელიძეს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც პირადი ცხოვრების გასაჯაროებას გულისხმობს. რაც შეეხება ეპიზოდს, საქმე ეხება ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტსივრცეში განთავსებას, რომელსაც ხვედელიძეს ედავებიან. ხვედელიძე თავდაპირველად დააკავეს, ხოლო შემდგომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მისი თანამდებობიდან მოხსნის ერთ-ერთ მთავარ მოტივად სწორედ აღიშნული ბრალდებაა დასახელებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ