ბავშვის საკვებს, ტანსაცმელს, მედიკამენტებსა თუ სხვა საჭირო ნივთებს მშობლები ყოვლთვის განსაკუთრებულად არჩევენ და უვლიან. მის შემცველობას ეცნობიან, თუმცა რატომღაც არავის უფიქრია, რამდენად მავნე შეიძლება იყოს ბავშვის საწოლი, თუ ის უხარისხო მასალისგანაა დამზადებული. ამ თემაზე ავეჯის მწარმოებელი საამქროს ერთ-ერთი მფლობელი, ე.წ ლამინატის ავეჯის ხელოსანი გია ბოლქვაძე გვესაუბრება:
- სასურველია, მშობლებმა ლამინატის, მდფ-ის და სხვა მსგავსი მასალისგან დამზადებული ბავშვის საწოლების ან სხვა საბავშვო ავეჯის შეძენისას სიფრთხილე გამოიჩინონ. პირადად მე სწორედ ამ მასალებისგან ვამზადებ ავეჯს, მაგრამ როცა ბავშვის საწოლებს მიკვეთენ, უარს ვეუბნები.
- რატომ, რამე მავნე ნივთიერებითაა გაჟღენთილი?
- ამ მასალისგან დამზადებული ავეჯი ზრდასრულებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ბავშვებს საგნებთან, ნივთებთან პირით შეხება და მათი დაღრღნა სჩვევიათ. აღნიშნული მასალის პრიალა თუ შეფერილი ზედაპირი კი მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებებისგან დამზადებული საღებავითაა დამუშავებული. როცა ბავშვი საწოლის სახელურებს ან რიკულებს ღრღნის, საღებავის ნაწილაკები მის ორგანიზმში ხვდება და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. თავიდან არც მე ვიცოდი და ყურადღება არ გამიმახვილებია, სანამ არ დავინახე, ჩემი პატარა შვილი როგორ ღრღნიდა ჩემ მიერ დამზადებული საწოლის სახელურებს. ძალიან შემეშინდა, რადგან ჩემზე უკეთ ვინ იცის, რაოდენ მომწამვლელი ნივთიერებითაა დამუშავებული ლამინატის ზედაპირი. ამ ნივთიერებამ ბავშვს შესაძლოა სერიოზული პრობლემა გაუჩინოს. შეიძლება მშობლები ვერც კი მიხვდნენ, რამ მოწამლა მათი შვილი და სულ სხვა რამეს დააბრალონ.
- დღეს ბავშვის საწოლთა უმეტესობა, რომლებსაც მშობლები იძენენ, სწორედ ამ მასალისგანაა დამზადებული, რადგან ხეზე გაცილებით იაფი ჯდება და თან ლამაზია. აქამდე რატომ არავინ გაამახვილა ამ საფრთხეზე ყურადღება?
- როგორ არა. მაღაზიებში გამოტანილი ბავშვების საწოლების უმეტესობას სახელურებზე და ისეთ ადგილებზე, სადაც შეიძლება ბავშვი პირით მისწვდეს, დამცავი ზედაპირი აქვს გადაკრული. მაგრამ როცა ბაზრობებზე ან სხვა მცირე სააქმროებში ამზადებინებენ მშობლები ბავშვის საწოლებს, იქ არავინ ფიქრობს ამაზე და შესაბამისად, დამცავი ზედაპირიც არ კეთდება. მშობლების და ხელოსნების უმტესობამ ეს არც კი იცის. მეც არ ვიცოდი. არავის გავუფრთხილებივარ, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდექი.
მარი ონეზაშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)