ენაზე კონტროლი წესდება -შესაძლოა, მედია ენის ინსპექციამ დააჯარიმოს

ენაზე კონტროლი წესდება -შესაძლოა, მედია ენის ინსპექციამ დააჯარიმოს

მალე შესაძლოა, ენის ინსპექცია შეიქმნას, რომელიც არასწორი ქართულისთვის მედიას 1000-დან 5 ათას ლარამდე ჯარიმას, თანამდებობის პირებს კი სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით განცხადების ან წერილობითი დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმისათვის 200-დან 500 ლარამდე ჯარიმას დააკისრებს.

10 წლის შემდეგ თავიდან მომზადებული დოკუმენტი, რომელიც "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონში ცვლილებას გულისხმობს, უკვე დავის მიზეზი გახდა.

"ცალკეული ნორმების დახვეწა მოხდება და ფორმულირებები გარკვეულწილად შეიცვლება, თუმცა ენის სიწმინდის დაცვისათვის კანონპროექტი სასარგებლოა. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ენის პალატის ფუნქცია დასჯა კი არ იყოს, არამედ მას საგანმანათლებლო ფუნქცია მიენიჭოს", - აცხადებს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი ელისო ჩაფიძე.

ამავე კომიტეტის წევრი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი სერგო რატიანი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, ქართულ ენაზე ზრუნვა ენის სწავლის წახალისებით და ამ სწავლის დაფინანსებით დაწყებულიყო და არა დაჯარიმებით.

"იქმნება ენის ინსპექცია. კიდევ ერთი ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც შეიძლება კორუფციის წყარო გახდეს. მით უმეტეს, თუ არათანაზომიერი უაზრო ჯარიმები იქნება. რაც მედიასთან დაკავშირებით წერია, აბსოლუტურად არაადეკვატურია, რადგანაც ლიტერატურულ ენაზე არასწორად საუბარი შეიძლება დაჯარიმების საფუძველი გახდეს და ეს მედიას პრობლემებს შეუქმნის. თანაც, არასწორი ქართულისთვის თანამდებობის პირების მიმართ სანქცია არ არის გათვალისწინებული. თანამდებობის პირზე მხოლოდ ის წერია, რომ თუ თანამდებობის პირი ქართულ ენაზე დაწერილ განცხადებას არ მიიღებს, იმიტომ რომ ენა არ ეცოდინება, ამ შემთხვევაში დაჯარიმდება. არასწორად საუბარი კი თანამდებობის პირს შეუძლია, აი ჟურნალისტს კი - არა", - ამბობს რატიანი.

სერგო რატიანი: "საქმე ისაა, რომ მედიის მიმართულებით კანონპროექტი საერთოდ გაუმართავია. მაგალითად, სიტყვაზე პრობლემა შეიძლება შეიქმნას, როდესაც საჯარო პირს ჩაწერთ და მის ნათქვამს შეუსწორებლად დაბეჭდავთ, თუკი ის არასწორი ქართულით იქნება დაბეჭდილი, შეიძლება აქ პრობლემა შეიქმნას. საჯარო პირი არ დაჯარიმდება, დაჯარიმდებით თქვენ".

რატიანი აცხადებს, რომ ის იყო ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც ეს კანონპროექტი გააპროტესტა, რადგანაც იქ, სადაც შეიძლება ჟურნალისტს გაუჩნდეს აგრესია, იგივე აგრესია შეიძლება გაუჩნდეს არაქართულ მოსახლეობასაც...

"სახელმწიფომ სერიოზული თანხები უნდა დახარჯოს, რომ არაქართულმა მოსახლეობამ ქართული ენა შეისწავლოს, მოტივაცია უნდა გავუჩინოთ, თუნდაც იმის განმარტებით, რომ თუ კარიერის გაკეთება სურთ, სახელმწიფო ენა უნდა შეისწავლონ, ასევე შეღავათები მივცეთ უნივერსიტეტებში და ა.შ. კონსტრუქციული ნაბიჯებია გადასადგმელი და არა დესტრუქციული და დასჯითი. "ქართული ოცნების" სტილია, პრობლემების მოგვარება აკრძალვის და სანქციების საშუალებით მოახდინოს, ეს კი პრობლემებს არ აგვარებს", - დასძენს რატიანი.

"ეროვნული უმცირესობის არცერთი წარმომადგენლის დასჯა-დაჯარიმება არ მოხდება იმისათვის, რომ ის ქართულ ენაზე განცხადებას არ მიიღებს. თუკი საჯარო პირმა ენა სრულყოფილად არ იცის, ის თარჯიმნის მეშვეობით გასცემს მოქალაქეს პასუხს. ამ კანონპროექტით ისჯება არა ქართული ენის არცოდნა, არამედ ამ მოტივით განცხადების მიღებაზე უარის თქმა", - რატიანის საპასუხოდ ამბობს განათლების კომიტეტის წევრი ელისო ჩაფიძე.

ის ამბობს, რომ თავადაც ცოტა ეჭვის თვალით უყურებს ისეთ დათქმას, როგორიცაა ბარბარიზმების ან უცხო ენის გამოყენებისათვის ჟურნალისტების დაჯარიმება, რადგან გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულებაა და რაიმე ტიპის ცენზურის დაწესება, მათ შორის ენობრივის, მასში წინააღმდეგობას იწვევს. თუმცა დასძენს, რომ "კანონპროექტი ცალსახად სასარგებლოა".

ცნობისათვის, საუბარია იმაზე, რომ ცვლილება "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონის გარდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც შედის.

კოდექსის მიხედვით, თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით განცხადების ან წერილობითი დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმა, გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 200 ლარიდან 500 ლარამდე. ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარიდან 1500 ლარამდე იზრდება.

ასევე, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ფიზიკური პირისათვის ენობრივი ნიშნით განათლების არჩევის უფლების შეზღუდვა ან დისკრიმინაცია. აღნიშნული ქმედება ფიზიკური პირის შემთხვევაში 200-დან 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარიდან 1500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ფიზიკურ პირზე ჯარიმის ოდენობა 500-დან 1500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 3000 ლარამდე ადის.

ამავე კანონის მიხედვით, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ჯარიმა პირველ ჯერზე 1000-დან 5000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში 10 000 ლარამდე იზრდება.

აღნიშნულ პროექტზე გუშინ პარლამენტის განათლების კომიტეტზე იმსჯელეს და ის სულ მალე განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

ფილოლოგიის დოქტორი, ლევან ღვინჯილია, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორია, აცხადებს, რომ ჟურნალისტების დაჯარიმება არ იგეგმება და "ყველაფერი ჟურნალისტების მიერ ან არასწორად გაგებული, ან შეგნებულად შეთითხნილი სიცრუეა".

მისი თქმით, "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონში წერია, რომ თუ ენის არცოდნის მოტივით მომსახურებაზე ვიღაცას უარს ეტყვიან, ამის გამო ის ადამიანი პასუხს აგებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მოქალაქემ არ იცის ენა, მას ამის მიუხედავად მომსახურებაზე უარი არ უნდა ეთქვას. და პირიქით - თუ მომსახურე პირმა არ იცის სახელმწიფო ენა, ამის მიუხედავად არ აქვს უფლება, მოქალაქეს, რომელიც მასთან სახელმწიფო ენაზე კონტაქტში შედის, მომსახურებაზე უარი უთხრას.

პრესაში ზეპირი ან წერითი მეტყველების დროს დაჯარიმებაზე არაფერი თქმულა და ამგვარი მოთხოვნის პირველი მტერი თავად იქნება.

"ეს აჟიოტაჟი სახელმწიფო ენის წინააღმდეგ ამხედრების მცდელობაა. სერგო რატიანმა გამოიტანა ეს აზრი შიგნიდან და ჟურნალისტებს ეს თემა მან მიუგდო. თუმცა როგორც მითხრეს, განხილვისას არაფერი უთქვამს, პირიქით, კანონის მიღებას მხარი დაუჭირაო. ნებისმიერმა დეპუტატმა კეთილი ინებოს, ჯერ თავის კოლეგებთან დააზუსტოს და გაარკვიოს და მერე გაიტანოს ჟურნალისტების საკენწლაოდ", - აცხადებს ღვინჯილია.

მისი თქმით, თუ რომელიმე პრესის ორგანოს ლინგვისტური ხასიათის მასობრივი დარღვევები ექნება, მას შესაბამისი მითითებები მიეცემა, მაგრამ პასუხისმგებელ პირს, ორგანოს ხელმძღვანელს და არა რიგით ჟურნალისტს.

ლევან ღვინჯილია: "მე მასწავლით, რისთვის შეიძლება ჟურნალისტი დაჯარიმდეს?! დიახ, როდესაც რომელიღაც ტელეარხი რეკლამაში გაავრცელებს, რომ ქალის ჰიგიენური პაკეტი, ქათმის ბარკალი ან ლუდის კათხა შეიძლება იყოს გადაცემის სპონსორი, ამგვარი რეკლამის გამკეთებელი არა თუ უნდა დააჯარიმო, არამედ ხელიც უნდა მოაჭრა. სპონსორი - ვინ კატეგორიის სიტყვაა და არ შეიძლება ქალის ჰიგიენური პაკეტი იყოს რაიმე გადაცემის სპონსორი. ამაზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს.

"უმეცრებისთვის, რა თქმა უნდა, დაჯარიმდეს, მაგრამ არა ჟურნალისტი, არამედ ვინც იქ ენის დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი. არ შეიძლება გაზეთი ქართულენოვანი იყოს და სახელწოდება ზედ ინგლისურად ეწეროს. გარდა ამისა, არასწორია, რომ დაწესებულებას სასჯელაღსრულების სამინისტრო ერქვას. სასჯელის აღსრულება ბუნებაში არ ხდება, სასჯელს იხდიან. აღასრულებენ განაჩენს. ეს ენობრივი თვალსაზრისით შეუსაბამო შესიტყვებაა და უნდა გასწორდეს. ამგვარ რაღაცებზეა საუბარი.

"უნდა დავაზუსტოთ ისიც, რომ თანამდებობის პირი ენის ნორმების დარღვევისთვის არ უნდა დაჯარიმდეს. ძალიან ბევრი თანამდებობის პირია თანამდებობაზე, რომლებმაც კარგად არ იციან ქართული, მაგრამ ამის გამო მათ არავინ დააჯარიმებს. არ შეიძლება ადამიანი ზეპირი მეტყველებისთვის დააჯარიმო, მაგრამ სახელმწიფო სამსახურში არ უნდა მიიღო მოხელე, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის".

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია