პატრიარქი 23 მაისს "აფხაზეთობის" აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა

პატრიარქი 23 მაისს "აფხაზეთობის" აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა

აფხაზეთის ომში ყველა მხარე დამარცხებულია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

"ვინ არის გამარჯვებული? არც არავინ არ არის. ყველა წაგებულია- ქართველებიც, აფხაზებიც, რუსებიც და ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ საშინელ ტრაგედიაში", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, იგი 11 წლის განმავლობაში აფხაზეთში მიტროპოლიტად იყო და არ ახსოვს არც ერთი შემთხვევა რაიმე გაუგებრობის აფხაზებსა და ქართველებს შორის. უწმინდესის თქმით, სრული სიყვარული იყო, აფხაზები მიდიოდნენ ქართველებთან და ქართველები - აფხაზებთან.

"ეს იყო ნამდვილი ერთი ოჯახი, ერთი სული და ერთი ხორცი, მაგრამ ეშმაკს ეს შეშურდა და დააპირა ამ ერთობის გაყოფა. მინდა ვთქვა, რომ დღესაც ზოგიერთი ცდილობს ეკლის ხლართები და ბეტონის ღობეები ააშენოს აფხაზებსა და ქართველებს შორის, ოსებსა და ქართველებს შორის, მაგრამ ეს ყველაფერი ამაოა. შინაგანი გაანალიზებით ვგრძნობთ, რომ ამას აკეთებს მტერი. შედეგები ის იქნება, რომ მტერი წაგებული იქნება", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე გაიხსენა აფხაზეთში მისი მიტროპოლიტობის პერიოდი. მისივე თქმით, აფხაზეთი ყველაზე მდიდარი იყო ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის. პატრიარქის თქმით, ქართველები ნაკლებად მიდიოდნენ ეკლესიაში, მაგრამ ნათლობა, ჯვრისწერა, ლოცვა აუცილებლად სრულდებოდა ტაძრებში.

"როცა ვეკითხებოდი, რატომ არ მოდიოდნენ ეკლესიაში, მანდარინის ბაღები გვაქვსო მოსავლელი. ყველაფერი იქ დარჩათ. განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ზოგიერთი ადამიანი - ჟიული შარტავა, ის იყო და არის გმირი. ის იყო უშიშარი. როდესაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი აფხაზეთში ომის დროს ჩავიდა, მას აღუპყრია ხელები ცისკენ და უთქვამს - ღმერთმა მე დამსაჯოს, თუ საქართველო გადარჩება. იმ დღეებში ჟიული შარტავა და სხვები დახვრიტეს. ტრაგედიის შემდეგ სრულიად უცნობი პირისგან მივიღე წერილი. ჟიული შარტავას დახვრეტის დროს, ამ უცნობს უკითხავს, თუ ვინ იყო ეს პიროვნება. იგი წერდა, რომ სახელი და გვარი რომ არ დავიწყნოდა ასანთის კოლოფზე ჩაიწერა. თქვენ უნდა იამაყოთ, რომ ასეთი თავდადებული შვილები ყავს საქართველოს, - წერდა უცნობი. ჩვენ მართლაც ვამაყობთ და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე მოიხსენია ლორიკ მარშანია, იური ანუა, მღვდელი ანდრია, გაბისკირია და სხვები. პატრიარქმა ბრძანა, რომ ისინი არიან უფლის წინაშე ანთებული სანთლები, რომლებიც არასდროს არ ჩაიწვება.

"სანთელი ილევა, ესენი კი დაუსრულებელი სანთლებია", - აღნიშნა უწმინდესმა.

ამასთან, ქადაგების ბოლოს, პატრიარქმა აღნიშნა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება და დიდი თავდადებისა და ღვაწლისათვის ჯიული შარტავას მიენიჭა ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი. "ეს ჯილდო მის ოჯახს გადაეცემა. ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული", - აღნიშნა უწმინდესმა.

კიდევ ერთი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა ნინოს ოქროს ორდენი პატრიარქმა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა, რომელიც იბრძვის საქართველოს ერთიანობისათვის. პატრიარქის თქმით, ამ ჯილდოს ტარების უფლება ექნება უზენაესი საბჭოს თავმჯრომარეს, შესაბამისად, ეს ჯილდო პატრიარქმა დღეს გია გვაზავას გადასცა.

ქადაგების დასრულების შემდეგ, უწმინდესმა ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ომი ხელოვნურად დაწყებული ომი იყო და ქართველები და აფხაზები გრძნობენ ამას. მან პანაშვიდის დროს, აფხაზეთის ომში დაცემულთა სულები მოიხსენია.

"ჩვენ დღეს ვლოცავთ არა მარტო ქართველებს, არამედ აფხაზებსაც, სხვა ერის წარმომადგენლებს. მე კიდევ მინდა ვთქვა, რომ ეს ხელოვნურად დაწყებული ომი იყო და ქართველები და აფხაზები გრძნობენ ამას", -აღნიშნა უწმინდესმა.

პარაკლისის ბოლოს, უწმინდესმა ახალი ინიციატივის შესახებ ბრძანა. მისივე თქმით, 23 მაისს, წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, "აფხაზეთობას" აღნიშნავენ.

სვიმონ კანანელი აფხაზეთშია დასაფლავებული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია