რატომ მომრავლდნენ წვიმიან აჭარაში ტურისტები?

რატომ მომრავლდნენ წვიმიან აჭარაში ტურისტები?

ზღვის სეზონი დასრულდა და ზღვისპირა ქალაქების ქუჩებიც ფაქტობრივად, დაცარიელდა. წელს ზღვაზე ჩასული დამსვენებლების უმრავლესობას წვიმიანმა ამინდებმა შეუშალა ხელი და ვადაზე ადრე გულდაწყვეტილი დაბრუნდა სახლში. უამინდობის გამო თურმე ქართველების ნაწილმა ბათუმიდან თურქეთში გადაინაცვლა. სამაგიეროდ, ბევრი უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვე აქვეყნებდა სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულთა სტატისტიკურ მონაცემებს. მათი ინფორმაციით, 2013 წლის აგვისტოში 770 608 ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 28,2%-ით მეტია. "რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდს, ჯამში 3 568 518 უცხოელი იყო საქართველოში. აგვისტოში საქართველოში უფრო მეტად - თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან ჩამოდიოდნენ. ასევე, გარკვეული ზრდა შეინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათი უმეტესობა პოლონელები, ჩეხები და ავსტრიელები არიან. შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახები, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსიის მოქალაქეები", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მართალია, დღეს ისეთი ხმაურიანი აღარ არის ბათუმი, როგორც აგვისტოში იყო, მაგრამ დამსვენებლები მაინც არიან. ძირითადად - უცხოელები. არც სექტემბერი აღმოჩნდა მზიანი, ხშირად წვიმს, თუმცა მათი უმეტესობა გასართობს მაინც პოულობს. ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და აჭარის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ. ტურისტები აღფრთოვანებული არიან ამ ჯადოსნური ბაღის მცენარეთა განსაცვიფრებელი სილამაზით. მსოფლიოში ცნობილია ბათუმის ბოტანიკური ბაღი.

იგორი, დამსვენებელი ბელორუსიიდან:

- უკრაინელი ვარ, მაგრამ მინსკში ვცხოვრობ. ბორტგამცილებლად ვმუშაობ და ქართველებს ვაცილებ ბათუმსა და თბილისში. მიუხედავად ამისა, ომის შემდეგ საქართველოში პირველად ჩამოვედი. ერთი კვირაა, აქ ვარ და ძალიან მაგარია!

- პირველად ხართ ბათუმში?

- არა, ომამდე ნამყოფი ვარ ბათუმში, თბილისსა და ქუთაისშიც. წელს დაგვპატიჟეს და ჩამოვედით. გამიხარდა, რომ ისეთი ბათუმი დამხვდა, როგორიც დავტოვე, თბილი და სტუმართმოყვარე. ძალიან მიყვარს ქართველები და როცა მოვდიოდი, ცოტათი ვნერვიულობდი.

- რის გამო?

- მეგონა, ომი შეგცვლიდათ, მაგრამ მივხვდი, რომ ომი მხოლოდ პოლიტიკა იყო და ხალხის ურთიერთობაზე ეს არ ასახულა.

ქალბატონი ნებული კენჭაძე ბათუმის მცხოვრებია. ის სეზონზე საკუთარ სახლს აქირავებს და ეს არის ოჯახის ძირითადი შემოსავალი.

ნებული კენჭაძე:

- წელს ზაფხულის სეზონი თითქმის ჩაიშალა, მაგრამ აგვისტოს მეორე ნახევარი და სექტემბერი ოდნავ უკეთესი იყო. სეზონი მაინც სეზონია და დამსვენებელი მაინც არის. უფრო უკრაინელები და თურქები არიან წელს. კერძო სექტორში არ გვყავდა ბევრი დამსვენებელი. უკეთესი პირობების გამო ძირითადად ისინი სასტუმროებში არჩევდნენ ყოფნას.

- ქართველები ბევრნი იყვნენ?

- ქართველები ბათუმში ნაკლებად არიან, ისინი უფრო ქობულეთში ისვენებენ. ჩამოდიოდნენ დასასვენებლად, მაგრამ წვიმების გამო მერე თურქეთში მიდიოდნენ. ბევრმა ქართველმა ჩაალაგა ჩემოდანი და გადავიდა თურქეთში. რუსები რომ ჩამოდიან, თურქეთში ნამდვილად არ მიდიან, მათ ძალიან უყვართ ბათუმი. მე წელს უკრაინელი დამსვენებლები მყავდა. საერთოდ, უცხოელებს ძალიან მოსწონთ ბათუმი. ჩემი დამსვენებლები ამბობდნენ, ძალიან გვაინტერესებდა საქართველოს ნახვაო. ერთი კვირა იყვნენ და მოიარეს ყველაფერი. ბოლოს თბილისში წავიდნენ, იქაურობასაც დაათვალიერებდნენ და იქიდან თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდებოდნენ.

- ახლაც გყავთ დამსვენებლები თუ სეზონი დამთავრდა?

- ჩვენთვის უკვე დამთავრდა სეზონი, აწი ვინც ჩამოვა, ის უფრო მეტად სასტუმროში დაბინავდება. ჩვენ 15-20 ლარად, სეზონზე - 25 ლარად ვაქირავებთ ბინებს, მაგრამ მაინც არ არის ხალხი. ფაქტობრივად, მოგებას ვერ ვნახულობთ. გადასახადებს ვიხდით და შემოსული თანხიდან ძალიან მცირედი რჩება. ბათუმი ნამდვილად არის ტურისტული ქალაქი, მოსახლეობას გვიხარია, რომ რაღაცები შეიცვალა, გალამაზდა აქაურობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი პრობლემაა უმუშევრობა. სეზონს ველოდებით მოუთმენლად, მაგრამ სასტუმროები ჩვენი კონკურენტები არიან და ალბათ მალე კერძო ეზოში ბევრი დასასვენებლადაც აღარ შემოვა. ჩვენთან უფრო დაბალი ფენა მოდის, რომელსაც არ აქვს სასტუმროს ფული.

ამ ქალბატონისგან განსხვავებით, კმაყოფილები არიან პიაცას მენეჯმენტის წარმომადგენლები. ისინი თვლიან, რომ წვიმიანი ამინდების მიუხედავად, მათთვის სეზონი მაინც არ ჩავარდნილა: "საერთო ჯამში წვიმებმა წელს ზღვის სეზონს ხელი შეუშალა, მაგრამ სერვისები გავამრავალფეროვნეთ და ამიტომ ჩვენთან შედარებით იმატა ტურისტების რიცხვმა. ამინდი რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. ჩვენი სასტუმროების მომხმარებლები მაინც უცხოელები არიან. ახლაც არიან შემორჩენილები, თუმცა სეზონი ფაქტობრივად დასრულებულია"

ტურიზმის დეპარტამენტშიც თვლიან, რომ 2013 წლის ტურისტული სეზონი წარმატებული იყო.

"წელს სეზონი ძალიან ადრე დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან ოქტომბრის დასაწყისამდე ბათუმი არაერთ ჩარტერულ თუ რეგულარულ ფრენას უმასპინძლებს პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან თუ სხვა ქვეყნებიდან. სეზონის სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს, მაისის პირველი რიცხვებიდანვე რომ შეიმჩნეოდა ტურისტების განსაკუთრებული ზრდა. აჭარაში განთავსებული სასტუმროების მონაცემებზე დაყრდნობით, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით რეგიონში 12 პროცენტითაა გაზრდილი ტურისტთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით. წელს ზრდა გვქონდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა უკრაინა, პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი. ამ ქვეყნებში დეპარტამენტი ინტენსიურ სარეკლამო კამპანიებს ახორციელებდა. გარდა ზღვაზე დასვენებისა, ტურისტები ხშირად სარგებლობდნენ ისეთი ტურისტული ობიექტებით, როგორებიცაა ბათუმის დელფინარიუმი, ბოტანიკური ბაღი, მახუნცეთის ჩანჩქერი, ღვინის სახლები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა ეკოტურიზმის მიმართულებითაც, რომლის განვითარებისთვის ტურიზმის დეპარტამენტმა სხვადასხვა პროექტი განახორციელა: ეკოტურისტული მარშრუტების მარკირება, ფრინველებზე დაკვირვების სათვალთვალო პუნქტების ინფრასტრუქტურის შექმნა, ღვინისა და სოფლად ტურიზმის პოპულარიზაციისათვის სარეკლამო ბროშურების შექმნა. რაც შეეხება ქართველ დამსვენებლებს, უამინდობის გამო, წელს, გასული წლების მსგავსად, კლების ტენდენცია შეიმჩნეოდა", - გვითხრეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახურში.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია