ქართველი სპორტსმენი გოგონა, რომელიც საბერძნეთის სახელით ასპარეზობს

ქართველი სპორტსმენი გოგონა, რომელიც საბერძნეთის სახელით ასპარეზობს

25 წლის ლელა საღარეიშვილი მეხუთე წელია, საბერძნეთში ცხოვრობს და ათენის ერთ-ერთი სპორტული სკოლის სახელით, შეჯიბრებებში მონაწილეობს; პარალელურად, ბერძნულ ოფისში მუშაობს და სარეკლამო ფოტოგადაღებებში მონაწილეობს... გადავწყვიტეთ, საბერძნეთში "მწვერვალების" დასაპყრობად გამგზავრებული ქართველი გოგონას ამბავი "გზის" მკითხველებისთვისაც გაგვეცნო.

- საქართველოში ყოფნისას, 11 წლის განმავლობაში სპორტს მივსდევდი - მძლეოსანი (დავრბივარ) ვარ. შეჯიბრებებში ვიმარჯვებდი. როცა სწავლა უნივერსიტეტში განვაგრძე, სპორტს ჩამოვშორდი. მახსოვს, ჩემი მწვრთნელი - ლერი ჩხენკელი როგორ ცდილობდა, წარმატებისთვის მიმეღწია და ამის გამო, ძალიან ვემადლიერები. მართალია, საქართველოში - ვერა, მაგრამ საბერძნეთში წარმატებით მივიწევ წინ...

- მძლეოსნობით რატომ დაინტერესდი?

- სკოლაში, ფიზკულტურის პირველსავე გაკვეთილზე მასწავლებელმა მითხრა: მინდა, ივარჯიშო და გპირდები, წარმატებას მიაღწევო. სპორტული ნიჭი მამიდასგან გამომყვა - ისიც მძლეოსანი იყო... სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე გავაგრძელე. იმ პერიოდში სპორტისთვის დრო აღარ მრჩებოდა...

- ფილოლოგობა რატომ გადაწყვიტე? სპორტსმენობა პერსპექტიულ პროფესიად არ მიგაჩნდა?

- ქართული ენა და ლიტერატურა ძალიან მიყვარდა. ამ საგნებს სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი. თან, იმ პერიოდში მწვრთნელი დამეღუპა და მეც გადაღლილი ვიყავი... ჰოდა, სპორტს ნელ-ნელა ჩამოვშორდი.

- საბერძნეთში გამგზავრება რამ გადაგაწყვეტინა?

- ვიცოდი, რომ სხვა ქვეყანაში წასვლა წარმატების მისაღწევად საუკეთესო გზა იქნებოდა.

- კონკრეტული მიზანი გქონდა?

- ჩემი მიზანი იყო, საუკეთესო მომავალი მქონოდა.

- საბერძნეთში იოლად მოახერხე მიზნის მიღწევა?

- წარმატებას იოლად ვერც აქ მიაღწევ, მაგრამ ძალიანაც არ დამიგვიანდა (იცინის). საბერძნეთის ისტორია მომწონდა და რაც მთავარია, აქ ქრისტიანები არიან.

- და მაინც, მარტივი არ არის, როცა ახალგაზრდა გოგონა უცხო ქვეყანაში "მწვერვალების" დასაპყრობად მიემგზავრება...

- გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. საბერძნეთში ცხოვრება პირველ წლებში რთული იყო, რადგან ბერძნული არ ვიცოდი. როცა ლაპარაკს ვერ ვახერხებდი, ხშირად ვტიროდი კიდეც. მაშინ საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ყოველდღე მინიმუმ, 30 ბერძნულ სიტყვას ვისწავლიდი და სადაც უნდა წავსულიყავი, სულ ვმეცადინეობდი. საღამოს, შინ დაბრუნებული, საკუთარ თავს პატარა გამოცდას ვუტარებდი - ვამოწმებდი, რამდენი უცხო სიტყვა ვისწავლე. ბერძნულ სკოლაშიც შევედი, სადაც ბერძნული ენის გრამატიკა, წერა-კითხვა შევისწავლე. აქ არის სკოლები, სადაც ბერძნული ენის შესწავლის მსურველთათვის სწავლა უფასოა. სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი: თავდაპირველად სამსახური ერთ-ერთ კაფეში ვიშოვე - ყავას, კოქტეილს ვამზადებდი... ათენში სპორტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ქუჩაში მოვარჯიშე ხალხს რომ ვუყურებდი, ჩემი შეჯიბრებები მახსენდებოდა. ჰოდა, ერთ დღეს გადავწყვიტე, ვარჯიში მეც დამეწყო. მწვრთნელი მაკვირდებოდა, - დროის რა მონაკვეთში რა მანძილს გავირბენდი. საბედნიეროდ, კარგად "წავედი" და სპორტსკოლამ "ამიყვანა", მერე კი შემომთავაზეს, შეჯიბრებებზე გავსულიყავი. პირველივე ცდაზე გავიმარჯვე. ამ ფაქტს მწვრთნელი ძალიან ემოციურად შეხვდა. ახლა ყოველ თვეში 3-4 შეჯიბრება მაქვს. წინ წარმატებით მივიწევ...

- საერთაშორისო შეჯიბრებებში თუ მონაწილეობ?

- თებერვალში პარიზში მივემგზავრები, სადაც მარათონში მივიღებ მონაწილეობას.

- გული არ გწყდება, რომ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით არ მონაწილეობ?

- ყველამ იცის, რომ ქართველი ვარ (იღიმის)...

- მოგვიყევი, საბერძნეთში როგორ ცხოვრობ?

- აქ ბერძენი მეგობრები გავიჩინე. ერთი უკრაინელი მეგობარიც მყავს. დაოჯახებულია. ათენში რამდენიმე ბინა აქვს და ერთ-ერთი დამითმო - ქირას არ მახდევინებს... ბერძნულ ოფისში ვმუშაობ. ასევე, გადაღებებზე დავდივარ: რეკლამა რამდენიმე ფირმის საღამოს კაბებს, სპორტულ მაღაზიებს გავუკეთე. ერთ-ერთ მარკეტინგულ კლიპშიც გადამიღეს... სპორტისა და სამსახურის შეთავსება ცოტა რთულია, მაგრამ ვახერხებ: დილით ოფისში მივდივარ, საღამოს 7 საათზე კი ვარჯიში მეწყება, რომელსაც 10-ზე ვამთავრებ.

- ალბათ სპორტსმენს, საკვების განსაზღვრული მენიუ გაქვს...

- არა. დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ. როცა დავრბივარ, რა თქმა უნდა, კალორიებს ვკარგავ. შემდეგ სასურველია, მაკარონი, ხორცი და კარტოფილი ვჭამო - ასეთი საჭმელი კი არ მიყვარს. ათენში მაკარონი და ხორცი "ნომერი პირველი" საკვებია. მეგობრებს ხუმრობით ვეუბნები, - საქართველოში მაკარონს მაშინ ჭამენ, როცა ოჯახში საკვების ნაკლებობაა-მეთქი (იცინის).

- თაყვანისმცემლები გეყოლება...

- კი, მყავს. ჩემ მიმართ ინტერესს ბევრი იჩენს, მაგრამ მე ჯერ არავისზე ვფიქრობ.

- ბერძენი ბიჭები ქალისადმი სიყვარულსა და პატივისცემას როგორ გამოხატავენ?

- ყველა ცდილობს, ელეგანტური იყოს, თავი ჭკვიან და საქმიან ადამიანად წარმოაჩინოს (იღიმის). ამჟამად ჩემს ცხოვრებაში ერთი უსაყვარლესი არსებაა: ძაღლი ლიბრა, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლავთ. ძალიან მიყვარს! საოცრად თბილი და ჭკვიანი ძაღლია...

- საბერძნეთში გამგზავრების მერე საქართველოში არ ყოფილხარ?

- არა და ჩემი ქვეყანა, მშობლები, ძმა, ნათესავები, ახლობლები ძალიან მენატრებიან.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია