ეშმაკი მოხუცები და ლიფტში გაჩხერილი ნარკომანები

ეშმაკი მოხუცები და ლიფტში გაჩხერილი ნარკომანები

"როგორც იქნა, მოვახერხე და მოუცლელობის გამო დიდი ხნის უნახავ ნათესავს ვესტუმრე. ცოტა ხანში კარზე ზარის ხმა გაისმა და სახლში პატარა ტომრებით ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა. დიასახლისს სტუმრის მოსვლა გაუხარდა და ხუთ ცალ ტომარაში 50 ლარი გადაუხადა.

პატარა ტომსიკებში ხურდა ფული აღმოჩნდა, რომელსაც ჩემი ნათესავი ყოველთვიურად ახურდავებს იმ კომპანიის წარმომადგენელთან, რომელიც ლიფტის გამართულად ექსპლუატაციას უწევს კონტროლს. ხურდა ფული კი, ლიფტით მგზავრობისთვისაა საჭირო.

ხურდის ტომრებიანი ახალგაზრდა იმ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი აღმოჩნდა, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე მრავალსართულიანი სახლების ფასიანი ლიფტების გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს. ახალგაზრდამ ვინაობისა და მისი კომპანიის სახელწოდების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა, თბილისში ლიფტების მუშაობის შესახებ თამამად ისაუბრა.

-  რამდენად მომგებიანია ლიფტების ბიზნესი და საერთოდ, რამდენი კომპანია უზრუნველყოფს თბილისში ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციას?

-  თბილისში სულ 7800 ლიფტია. ადრე ეს ბიზნესი უფრო მომგებიანი იყო. ახლა სოკოებივით მომრავლდნენ ის კომპანიები, რომლებიც ლიფტების უსაფრთხო მუშაობაზე აგებენ პასუხს. შესაბამისად, შემოსავალმაც იკლო.

-  ლიფტებით მგზავრობა 5-10 თეთრი ღირს. როგორ ახერხებთ ყოველთვე ამდენი ხურდის გადათვლას და ქაღალდის ფულზე გადაცვლას?

-  ვინ აწარმოებს ლიფტების ბიზნესს, ამის დადგენა ყოველ დილით სხვადასხვა ბანკთან შეგიძლიათ. "ტონობით" ხურდა ფულის გადახურდავება უწევთ ბანკებს ყოველ დილით. ხურდის დამთვლელი აპარატი მეც შევიძინე. ამდენ რკინის ფულს რა დათვლის?

-  ახალ სახლებში თანამედროვე ლიფტებია, ე.წ. "ხრუშოვკებში" კი - ძველი. მომსახურება შესაბამისად, ძველ ლიფტებს უფრო დასჭირდება.

-  კატასტროფული ვითარებაა დიღმის მასივსა და ვაჟა-ფშაველას კვარტალებში მდებარე რვასართულიანი კორპუსების ლიფტებში. თვითონ მექანიზმი გამართულად კი მუშაობს, მაგრამ ლიფტის კაბინები კრიტიკას ვერ უძლებს.

-  როგორც ვიცი, ლიფტებში ხურდის ჩასაყრელ ყუთებში ხურდა ფულის გარდა, მეტალის ნივთებსაც ყრიან, რომ იმგზავრონ.

-  ეს ყველაზე მტკივნეული თემაა. გარდა იმისა, რომ ვზარალდებით, რკინის ფულის გარდა, სხვა მეტალების ჩაყრა ყუთების მექანიზმს აზიანებს და ჭედავს. შესაბამისად, ჩერდება ლიფტები და გამოძახებაზე გასვლა ხშირად გვიწევს.

-  ხურდა ფულის გარდა, რა საგნებს პოულობთ ლიფტების ყუთებში?

-  20 წელია, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და შესაბამისად, საბჭოური ხურდა ფულიც აღარ უნდა იყოს ბევრი, მაგრამ დღემდე მიკვირს, სად ინახავდნენ და რატომ ინახავდნენ ამ დრომდე ამდენ 15-კაპიკიანებს? ძირითადად, ყუთებში 15-კაპიკიანებს ყრიან, რომ იმგზავრონ. ასევე, ხურდა ფულის დიამეტრის ზომის ლითონის ფირფიტებს ამზადებენ და ისე მგზავრობენ. ამ ბოლო დროს მაცივრებისა და ტელევიზორების შესაფუთ ყუთებზე შემოვლებულ პლასტმასის ზონრებსაც იყენებენ. ანუ ამ ბრტყელ ზონრებს წვეტს უკეთებენ, ხურდის ჩასაგდებ ჭრილში არჭობენ და ასე მგზავრობენ. დაახლოებით 1 ტონა 15-კაპიკიანი და ლითონის ფირფიტა დამიგროვდა, რომელსაც გარაჟში ვინახავ.

-  ალბათ ხშირია უბედური შემთხვევა და უხერხული სიტუაციაც.

-  უბედური შემთხვევები თითქმის არ ხდება, რადგან ლიფტის კაბინის მექანიზმი ისეა მოწყობილი, რომ თუ სართულზე კაბინა არ გაჩერდება, ლიფტის გარეთა კარი არ გაიღება. რაც შეეხება უხერხულ სიტუაციებსა და კურიოზებს, ძალიან ბევრია.

-  მაგალითად?

-  რა დაგიმალოთ და, ცოტა ხნის წინ ტექნიკური უნივერსიტეტის ლიფტში ერთდროულად 4 ლიფტიორი გაიჩხირა. დახმარებისთვის ჩვენ დაგვიკავშირდნენ, რომ კაბინიდან ლიფტიორები გამოგვეყვანა. ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც ნარკომანები ნარკოტიკს ლიფტის კაბინაში იკეთებენ. აჩერებენ ლიფტს, "იჩხერენ" და შემდეგ ვერ გამოდიან კაბინიდან. აწვალებენ კარს და სართულებს შორის ჭედავენ ლიფტს. აგლაძის ქუჩაზე გვქონდა შემთხვევა, როდესაც ორმა ნარკომანმა ლიფტში "გაიჩხირა". თავიანთ საქმეს რომ მორჩნენ, გადაწყვიტეს, სართულებს შორის გაეღოთ კარი და ისე ამომძვრალიყვნენ. ერთ-ერთი გამხდარი იყო და თავისუფლად ამომძვრალა კაბინიდან. მეორე კი - მსუქანი და კაბინასა და ლიფტის გაღებულ კარს შორის გაიჩხირა. იქვე "ავტოპროფილაქტიკებია" და ერთ-ერთი "პროფილაქტიკის" თანამშრომელს გამოუჩენია ინიციატივა, ასულა საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე, სადაც ლიფტის ძრავაა დამონტაჟებული. სპეციალური მექანიზმით შეცდომით დაუტრიალებია კაბინის დამჭერი ტროსები. ნაცვლად იმისა, რომ მსუქან ნარკომანს მეტი სივრცე დარჩენოდა ამოსასვლელად, პირიქით მოხდა - კაბინასა და გარე კარს შორის მანძილი შემცირდა და ნარკომანს ნეკნები დაელეწა. ისეთ კაიფში იყო, ტკივილი არ უგრძნია. მომხდარის გამო, პატრულის გამოძახება გახდა საჭირო. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა. მოკლედ, დიდ ხიფათს გადავრჩით მაშინ.

-  ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც მობინადრეებს ძაფზე გამობმული გახვრეტილი 5 და 10-თეთრიანი მონეტები აქვთ და ისე მგზავრობენ.

-  ადრე უფრო იყო ასეთი შემთხვევები, მაგრამ ახლა ხურდის ჩასაყრელი ყუთების ტექნოლოგია დავხვეწეთ და ძაფებგამობმული ხურდებით ლიფტის დაძვრა ძნელია. თუმცა, დოლიძის ქუჩაზე 2 მოხუცი ქალბატონი ისე ოსტატურად იყენებს ამ მეთოდს, რომ მე თვითონ გავოცდი. არ იცოდნენ, რომ მე ვემსახურებოდი მათი სადარბაზოს ლიფტს. ლიფტში რომ შევედი, ხურდის ჩაგდება მინდოდა ყუთში. ეს მოხუცებიც დამემგზავრნენ. შემომთავაზეს - არ გინდა ხურდის ჩაგდება, ჩვენ აგიყვანთ სასურველ სართულზეო. - მოიმარჯვეს ბაწრიანი ხურდები და ოსტატურადაც ჩაუშვეს ყუთში. კაბინა რომ დაიძრა, ასევე ოსტატურად ამოაძვრინეს უკან თავიანთი გახვრეტილი 2-თეთრიანები. აი, ასეთი ამბები ხშირია ჩვენს რეალობაში.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია