ადამიანებს დავების გადაწყვეტა ნოტარიუსებთან შეეძლებათ

ადამიანებს დავების გადაწყვეტა ნოტარიუსებთან შეეძლებათ

სამოქალაქო წესით უამრავი სარჩელი შედის სასამართლოებში და ათასობით ადამიანი სხვადასხვა სახის დავის მოგვარებას ამ გზით ცდილობს. ზოგი ოჯახის წევრთან ვერ იყოფს ქონებას, ზოგი განქორწინებულია და ქმარს შვილისთვის ალიმენტს სთხოვს, ზოგიერთი მეორე მხარისგან აღებული სესხის უკან დაბრუნებას ცდილობს. ხან მეზობლები დაობენ საერთო ღობის გავლებაზე და ვინ მოთვლის, რა სახის პრობლემის გადაჭრას არ ცდილობენ მოდავე მხარეები.

მოსამართლეებს უამრავი მსგავსი დავის გადაწყვეტა უწევთ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც სარჩელი იმის გამო ვერ შეაქვთ, რომ სასამართლო ბაჟის გადასახდელი თანხა არ აქვთ.

1-ლი ოქტომბრიდან მოქალაქეებს ნოტარიუსთა პალატა ახალ სერვისებს სთავაზობს და ნოტარიუსები ახალ ფუნქციას შეითავსებენ. მათ დავების მოგვარება ალტერნატიული გზით შეეძლებათ, ანუ თუ გაქვთ დავა მეორე მხარესთან, შეგიძლიათ, მედიატორ-ნოტარიუსს მიმართოთ და თქვენ წინაშე წამოჭრილი პრობლემა უფრო იოლი გზით გადაჭრათ.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, მედიატორი-ნოტარიუსი, ლალი გზირიშვილი:

-  ნოტარიატის შესახებ კანონში გაკეთდა ჩანაწერი სანოტარო მედიაციის შესახებ. გავიარეთ ტრენინგები ნოტარიუსებმა, მედიატორ-ნოტარიუსის სერტიფიკატები გადმოგვეცა და 1-ლი ოქტომბრიდან შევძლებთ კერძო, სამართლებრივი დავების სასამართლოს გარეშე, ალტერნატიულად გადაწყვეტას. ამ შემთხვევაში ადამიანები გაცილებით მარტივად გადაწყვეტენ სადავო საქმეებს.

-  ყველა კატეგორიის დავის მოგვარება შეეძლება ნოტარიუსს?

-  ნოტარიუსმა შეიძლება გადაწყვიტოს საოჯახო სამართლებრივი დავები, მაგრამ შვილად აყვანის საკითხების განხილვა ჩვენთან ვერ მოხდება, ეს საკითხი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს, მისი პრეროგატივაა. ხშირად სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებას ცდილობენ მხარეები სასამართლოს გზით, ახლა მათ შეეძლებათ, ეს ჩვენთან გადაწყვიტონ. ასევე, ნებისმიერ ფულად ვალდებულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების მოგვარება შეეძლება მედიატორ-ნოტარიუსს ეს იქნება სესხის ხელშეკრულება, იპოთეკა თუ სხვა რამ. ერთი სიტყვით, ნოტარიუსს შეეძლება სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავების გადაწყვეტაში დაეხმაროს ადამიანებს.

-  როგორი იქნება ეს პროცესი და დავა რა ვადაში გადაწყდება?

-  მოდავე მხარეები მედიატორი-ნოტარიუსის თანდასწრებით იწყებენ მოლაპარაკებას და მისი დახმარებით, აღწევენ შეთანხმებას; მედიაციის პროცესი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც სანოტარო ბიუროში, ასევე მის გარეთ, არაფორმალურ ვითარებაში. სანოტარო მედიაციის უპირატესობა ის არის, რომ მხარეებს დავის მოგვარება ისე სწრაფად და იაფად მოუწევთ, სასამართლოში მისვლა აღარც კი დასჭირდებათ. ეს ხელს შეუწყობს მართლმსაჯულებასაც. სასამართლო განიტვირთება სამოქალაქო საქმეების განხილვისგან და მოსამართლეები ასე დატვირთულები აღარ იქნებიან. სანოტარო მედიაცია არის ნებაყოფლობითი და არა - იძულებითი პროცესი, ნოტარიუსთან დავის მოსაგვარებლად მოდავე მხარეები საკუთარი ნებით მიდიან. მედიატორი-ნოტარიუსი, როგორც მიუკერძოებელი მრჩეველი, დავის თითოეული მხარის ინტერესებს თანაბრად იცავს და ეხმარება მათ შეთანხმების მიღწევაში; ნოტარიუსს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის მედიაციის განხორციელებისას გახდა ცნობილი. მედიაციის დასრულებით კონფლიქტი სრულდება. სანოტარო მედიაცია არა მხოლოდ მორიგების, არამედ შერიგების გარანტიაცაა. როცა მხარეები შეთანხმდებიან, ნოტარიუსი შეადგენს მორიგების აქტს და ამოწმებს სანოტარო წესით. აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრული იქნება თითოეული მხარის მოვალეობანი.

-  მაინც რა ეღირება მედიატორი-ნოტარიუსის მომსახურება? ვიცით, რომ ბევრი ადამიანი სასამართლოში იმიტომ არ ჩივის, რომ სახელმწიფო ბაჟი ვერ შეაქვს.

-  თვითონ მოქალაქისთვისაც ძალიან კარგი იქნება, ხარჯის თვალსაზრისით. ეს გაცილებით ნაკლები ეღირება, თუმცა კონკრეტული ზღვარი ჯერჯერობით დაწესებული არ არის. ეს საკითხი მხარეთა მოლაპარაკების საფუძველზე გადაწყდება. სასამართლო პროცესის შემდეგ შეიძლება, მხარეები სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა ერთმანეთს, რადგან იქ ერთი მხარე ყოველთვის წაგებულია, მედიაციის დროს კი შეთანხმდებიან და მორალური და პიროვნული ურთიერთობებიც არ გაფუჭდება. იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი მიხვდება, რომ მორიგება შეუძლებელია, პროცესი შეწყდება და მათი დავა გადაინაცვლებს სასამართლოში. მედიატორი ვერავის ძალას ვერ დაატანს. თუ ნახავს ნოტარიუსი, რომ ძალიან დაუცველია ერთი მხარე, მას შეუძლია მოსთხოვოს, ჩართოს მხარემ საქმეში ადვოკატი, რათა მისი უფლებები უკეთ დაიცვას.

-  მოგვარება არ გაგიჭირდებათ?

-  ველოდებით ამ პროცესს. ეს ფუნქცია ნოტარიუსს ყოველთვის აქვს. ხშირად ვაგვარებთ მსგავს პრობლემებს. არა მგონია, გაგვიჭირდეს. ვფიქრობ, წარმატებული პროექტი იქნება. არის ერთი ფრაზა, - მედიაციის წარმატების საწინდარი ის არის, რომ აქ არ არსებობს დამარცხებული და გამარჯვებული, ორივე მხარე გამარჯვებულია, რადგან ორივე თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს და უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ამის მოგვარება ასე ჯობს.

-  თქვენი პრაქტიკიდან ხომ არ გაიხსენებთ შემთხვევას, როცა მოლაპარაკებით პრობლემა მოგვარდა?

-  ერთმა ქალბატონმა მოგვმართა. მას მეუღლე ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და შვილთან ერთად მოვიდა. მოიტანა გარდაცვლილი მეუღლის ანდერძი, სადაც ყველა ოჯახის წევრის წილი განსაზღვრული იყო. ამ ქალბატონს შვილიც ჰყავდა გარდაცვლილი და მისი მეუღლე გარდაცვლილი შვილის შვილს ანუ შვილიშვილსაც უტოვებდა თავის წილს. ქალბატონი კი ამბობდა, ჩემი შვილი რუსეთში გარდაიცვალა, იქ ჰყავდა ცოლ-შვილი წაყვანილი, მათი ადგილსამყოფელი არ ვიცი, ამიტომ ბავშვს წილს ვერ ვაძლევ, ეს ჩვენ მოგვეცი და ბავშვი რომ გამოჩნდება, მას ჩვენ მივცემთო. ბავშვი მცირეწლოვანი იყო. გავაკეთეთ საჯარო განცხადება, მაგრამ კვალს ვერ მივაგენით, მემკვიდრე არ გამოჩნდა. მამაკაცის გარდაცვალებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ის ქალბატონი ისევ მოვიდა სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. ფაქტობრივად, მცირეწლოვანი, უმამოდ გაზრდილი ბავშვი წილის გარეშე რჩებოდა. დავიწყე ფიქრი, სად მომეძებნა ეს ბავშვი. პირადი არხები მოვიშველიე და მივაგენი ბავშვის დედას. გაირკვა, რომ ის რუსეთში კი არა, თბილისში იყო და ეს იცოდა ბავშვის ბებიამაც, უბრალოდ, მოიტყუა, თორემ ერთი სოფელი ჰქონდათ. ეს მემკვიდრე ვიპოვე და ბავშვს მივაღებინე წილი. გამოსავალი მოიძებნა, ის ქონება გაიყიდა და მემკვიდრეებს შორის ისე განაწილდა, როგორც ეს ანდერძში იყო მითითებული. ვფიქრობთ, მედიატორი-ნოტარიუსები დავებს მოაგვარებენ მორიგებით და ბევრ ადამიანს აღარ მოუწევს სასამართლოში სირბილი.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ