სასტიკი ომი და ის, რაც ომმა ვერ დაანგრია

სასტიკი ომი და ის, რაც ომმა ვერ დაანგრია

აქ დაიბადნენ, მაგრამ წლების წინ, ისინი ბედისწერამ გერმანიის ჩრდილოეთში, ჰანოვერის მახლობლად, ულამაზეს და უწყნარეს, მწვანეში ჩაფლულ პატარა ქალაქ ჰილდესჰაიმში გადაისროლა და მას შემდეგ იქ შემორჩნენ. დასაწყისი კი... სოხუმი იყო - მათი დიდი სიყვარული...

ინგა შარტავასა და თენგო ანჯაფარიძესთან ბატონ გურამ ოდიშარიას ოჯახმა დამაკავშირა. ერთმანეთი ჰანოვერში გავიცანით. მათ უმცროსი ვაჟი, პატარა ნიკაც ახლდათ. ინტერვიუზე უარი არ უთქვამთ, ოღონდ შინ, ჰილდესჰაიმში ამჯობინეს შეხვედრა, იქაურების თავშეყრის საყვარელ ადგილას - ულამაზესი ტბის პირას. საუბარი კი ცხადია, 20 წლის წინანდელი ამბების გახსენებით დავიწყეთ და რაც უფრო მეტს იხსენებდა ინგა, მით უფრო უცრემლიანდებოდა თვალები...

ინგა:

- სოხუმიდან რა მახსოვს? მზე, ცა, ტკბილი ბავშვობა და კარგი ცხოვრება... მერე კი, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და 28-ში, ჩემს მე-20 დაბადების დღეს ოჯახთან ერთად, ჭუბერის უღელტეხილზე შევხვდი.

- უკვე დაქორწინებული იყავით?

- კი და შვილიც გვყავდა. თენგო რომ გავიცანი, თხუთმეტი წლის ვიყავი, ის კი - 16-ის გახლდათ. ომის დაწყებამდე, 1991 წელს დავქორწინდით, აჩი კი ომის დაწყებამდე 8 თვით ადრე გაგვიჩნდა. უღელტეხილზე ბავშვი არ წაგვიყვანია: რადგან ფეხით უნდა გადავსულიყავით, ის ბებიას დავუტოვე. ჩვენი შვილი ბებიამ და ბაბუამ ტანკით სამეგრელოში გადაიყვანეს. უღელტეხილზე, გზადაგზა ბევრ ნაცნობ-ახლობელს ვხვდებოდით, მათ შორის - გურამ ოდიშარიას ოჯახიც იყო.

ინგას ბაბუის, შოთა შარტავას ტანკით გადაყვანის ამბავი გურამ ოდიშარიას თავის წიგნში - "დევნილთა უღელტეხილი" - დაუწერია. ბავშვი და ბებია ტანკში მიცვალებულთან ერთად ყოფილან, ინგას მამა კი შიგნით ვეღარ დაატიეს და ვინაიდან ტანკს დიდხანს ვერ დაეკიდებოდა (ასაკოვანი იყო), ზედ მიაბეს თურმე: "ქვემოდან რახრახი მოისმის. "ბმპ" ამოდის... "ბმპ"-ს ლულაზე მოხუცი კაცი სქელი თოკითაა მიბმული. კაცს ნაცნობი სახე აქვს. შოთა შარტავა - აფხაზეთის პროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარე. კაცი, რომელმაც მართლა პატიოსანი ცხოვრებით იცხოვრა. უკვე არაფერი მიკვირს - არც გამარჯვების ღვთაებასავით "ბმპ"-ს ლულას ამოკრული შარტავას ხილვა, პირიქით, იგი ძველებურ, ლამაზ გრავიურაზე გამოსახული ფრეგატებისა და კარაველების ჭვინტზე მიმაგრებული გამარჯვების ქალღმერთის ნატიფად თლილ ფიგურას მაგონებს. შოთა შარტავას შვილსაც შოთა ერქვა. მეცნიერი კაცი იყო, 15-16 მარტის შემოტევისას დაიღუპა გუმისთაზე, მხოლოდ ორი დღის შედეგ გამოასვენეს ბრძოლის ველიდან, ძლივს ააგლიჯეს ავტომატი, მაგრამ ვერა და ვერ გაუსწორეს სასხლეტზე გაქვავებული საჩვენებელი თითი. საფლავშიც ისე წევს იგი - მოკაკული თითით, თითქოს ისვრისო. სამარეშიც აგრძელებს ომს. ცრემლი მერევა, მეცოდება შოთა, ყველა მეცოდება, წარმოიდგინეთ, ისიც, ვინც მას ესროლა. რა საბრალოა და პატარა ადამიანი... უმცროსი შოთა შარტავა და "აიდგილარას" თავკაცი - სერგეი შამბა ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ერთ ეზოში იზრდებოდნენ, თამაშობდნენ ომობანას, ერთად სწავლობდნენ თბილისში, ერთ ბინაში ცხოვრობდნენ... და მაინც იომეს, ესროლეს ერთმანეთს"...

- ის ამბები კარგად აღარც მახსოვს... უღელტეხილზე გადმოსვლის მერეც სტრესი მივიღე: სამეგრელოში ჩვენივე ქართველები, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები არ გვიშვებდნენ და ალბათ თავდაცვის ინსტინქტი ამიმუშავდა, რათა საბოლოოდ არ შემრყეოდა ფსიქიკა. ამიტომაა, ომის თემას რომ გავურბივარ და ახლაც ნაწყვეტ-ნაწყვეტ მახსენდება ამბები... მერე, დიდი წვალებით სენაკში, ბებიის მშობლიურ სახლში ჩავედით. ბებია-ბაბუისა და აჩის შესახებ ერთი კვირის განმავლობაში არაფერი ვიცოდით; ვერ ვიგებდით, ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები. ვისხედით შინ და ველოდით, რა მოხდებოდა... აღარ მახსოვს, სახლში ვიყავით თუ ეზოში, ხმები შემოგვესმა, თითქოს ვიღაც იძახდა და რომ გავხედეთ, სამივენი ეზოში იყვნენ. ბაბუამ გვითხრა, - აგერ, ჩამოგიყვანეთ ბავშვი, ცოცხალიაო და პატარა აჩი გადმოგვცა... სენაკში დარჩენა უსაფრთხო არ იყო და თბილისში წამოსვლა ვარჩიეთ, მაგრამ თავიდან მხოლოდ მე და თენგო წამოვედით თავშესაფრის საძებნელად. მამა და ბიძა სტუდენტობისას თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ და სწორედ იმ ბინას მივაკითხეთ... მამა 1993 წლის 16 აგვისტოს, აფხაზეთში დაიღუპა. დედა გერმანელი მყავს, მაგრამ ბაქოში დაიბადა და ხშირი ავადმყოფობის გამო, ექიმების რჩევით, მშობლებმა საცხოვრებლად სოხუმში წაიყვანეს. ასე რომ, მთელი ცხოვრება სოხუმში გაატარა და გერმანულიც კი არ იცოდა. მამის სიკვდილის შემდეგ დედას აღარაფერი აკავებდა სოხუმში. სხვათა შორის, ომის პერიოდში მამამაც სთხოვა: თუ რაიმე დამემართება, გერმანიაში წადი და ბავშვებიც წაიყვანე, საქართველოში ხეირიანი ცხოვრება მაინც აღარ იქნებაო. ამიტომ "დიდი შერიგების" პერიოდში დედა გერმანიაში გავამგზავრეთ, მაგრამ ჩვენ არ წავყევით...

თენგო:

- ნელ-ნელა "ნახალოვკის" ბინა მოვაწესრიგეთ, სამეგრელოდან აჩის ჩამოყვანა კი ზვიადისტებთან ომის გამო ძალიან გაგვიძნელდა. მერე ინგას ბებიის ნაცნობი ექიმი (ინგას ბებიაც საქართველოს დამსახურებული ექიმი იყო) დაგვეხმარა და ექიმთა ჯგუფთან ერთად "კუკურუზნიკით" გადაგვაფრინა ქუთაისში, შემდეგ კი სამხედრო მანქანით სამეგრელოში ჩაგვიყვანა. ასე ჩავაღწიეთ სენაკში, საიდანაც ქუთაისამდე მანქანით, ქუთაისიდან კი მატარებლით წამოვიყვანეთ აჩი.

ინგა:

- ბებია და ბაბუა სენაკში დარჩნენ. აჩის მოვლაში ნათესავი ქალი - ლამარა გვეხმარებოდა. წასასვლელი მასაც არსად ჰქონდა და ჩვენთან, სამზარეულოში ეძინა. ამასობაში დედაც მოეწყო გერმანიაში და გვეხვეწებოდა, - თქვენც ჩამოდითო. მართალია, ძალიან გვიჭირდა, მაგრამ მაინც ვეწინააღმდეგებოდი, რადგან ჩემს ქვეყანაში მინდოდა ცხოვრება; სოხუმის შემდეგ თბილისი მექცა მშობლიურად. ყველა მეგობარი, ახლობელი გვერდით მყავდა და მათი მიტოვება მიჭირდა... თენგომ მაიძულა, წამოვსულიყავით და 1994-95 წლების მიჯნაზე ბებია-ბაბუასა და აჩისთან ერთად გერმანიაში, ამ პატარა ქალაქში ჩამოვედით. 6 თვე ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ბაბუას გაუძნელდა აქ ყოფნა და უკან გაბრუნდნენ. ბაბუა შვილის დაღუპვას ვერაფრით შეეგუა, იმ ამბის შემდეგ ძლიერი დეპრესია დაეწყო, დღეების განმავლობაში იწვა, ჭერს შეჰყურებდა და ცრემლები სცვიოდა... ერთი წლის განმავლობაში ნელ-ნელა კვდებოდა და გერმანიიდან სენაკში დაბრუნებული, მალევე გარდაიცვალა. ბებია კი ძლიერი ქალია. მართალია, გული აწუხებს, მაგრამ 94 წლის არის და თავს მაინც მხნედ გრძნობს. რამდენ რამეს გაუძლო: შვილი მოუკლეს, მეუღლე დაეღუპა, მეორე შვილი ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად, ჩვენ აქეთ ვართ... ის კი მაინც ყოჩაღად არის.

- დიდი ხანია, ბებია არ გინახავთ?

- 2011 წელს ვიყავი საქართველოში. მაშინ ჩემი უმცროსი ბიჭი, ნიკა სვეტიცხოველში მოვნათლეთ და ბებიაც ვინახულე... სამწუხაროდ, მისი ჩამოყვანა შეუძლებელია. ვუგზავნით ფულს, მოვლით კი ბიძაჩემი და სხვები უვლიან. აი, ასე დაგვქსაქსა ბედისწერამ. ვის ეგონა, ასე თუ აეწყობოდა ცხოვრება. დიდი სიამოვნებით გავატარებდი სოხუმში მთელ სიცოცხლეს და მარტონიც არ ვიქნებოდით. ჩვენც ხომ მარტო ვართ აქ?!.

- როგორც ვიცი, სოხუმში ტრაგიკულად დაღუპული ჟიული შარტავას ნათესავები ხართ, არა?

თენგო:

- ის ინგას მამის ბიძაშვილი იყო. ომის დღეებში რამდენჯერმე მოვიდა ჩვენთან, ოჯახში. სოხუმის დაცემამდე 3 დღით ადრე დარეკა: ძალიან ცუდად არის საქმე, ბავშვები გაიყვანეთ ქალაქიდანო. ამიტომ წავედით გულრიფშში, მერე კი ყველანი სვანეთის გზას დავადექით, ჟიული კი დაიღუპა. მისი დაღუპვის ამბავი მოგვიანებით, თბილისში შევიტყვეთ.

- გერმანიას როგორ შეეწყვეთ?

ინგა:

- ძალიან გამიძნელდა აქაურობასთან შეგუება - არაფერი მომწონდა, არაფერი მინდოდა, ვერც ამ ბუნებას ვამჩნევდი და ვერც ადამიანებს ჩემ გარშემო; შინიდან არ გამოვდიოდი და თბილისში, ჩემს ერთოთახიან ბინაში დაბრუნებას ვნატრობდი. მძიმე დეპრესია მქონდა და ისე ცუდად ვიყავი, ლამის ბილეთი მიყიდეს და საქართველოში გამომამგზავრეს. კარგა ხნის მერე, ნელ-ნელა დავიწყე ახალი ცხოვრება, შევისწავლე გერმანული, გავიცანი ადამიანები... თენგო უფრო იოლად შეეგუა აქაურ ყოფას. სხვა გზა არც ჰქონდა. ეკონომიკაც შეისწავლა, შემდეგ - პოლიციის აკადემიაში ისწავლა და ახლა ჰანოვერის პოლიციაში მუშაობს.

- ხშირად იხსენებთ საქართველოს?

- ვცდილობ, ის ტკივილიანი წარსული ნაკლებად გავიხსენო... სიზმრადაც არაფერს ვნახულობ და თუ მაინც დამესიზმრა, მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტ და მხოლოდ სოხუმის წლები. აშკარად, რაღაც თავდაცვითი მექანიზმი ჩაირთო ჩემს ტვინში და თითქოს, მოგონებებს ახშობს. სამი დღის წინ, დედაჩემის ნაცნობი ყოფილა სოხუმში და ჩვენი სახლის, ეზოს ახალთახალი ფოტოები გამოგვიგზავნა. იმ სახლში დღეს ჩვენი მეზობელი აფხაზები ცხოვრობენ, გაურემონტებიათ კიდეც ბინა. ის ბინა უცხოა ჩემთვის, ფანჯრებზეც სხვისი ფარდები ჰკიდია... ძნელია იმ ყველაფრის გადმოცემა, რასაც ვგრძნობ. ფოტოებს რომ ვათვალიერებდი, მშობლიური ვეღარაფერი დავინახე, ვეღარაფერი ვიგრძენი...

- არ გსურთ, საკუთარი თვალით ნახოთ ყველაფერი? თქვენ ხომ გერმანიის მოქალაქე ხართ და შეძლებთ იქ ჩასვლას?

- რას ამბობთ, "ანჯაფარიძეს" და "შარტავას" რომ გაიგებენ, არა მგონია, კეთილად მიგვიღონ! არადა, მამაჩემი და სერგეი შამბა ერთად გაიზარდნენ, უახლოესი მეგობრები იყვნენ. შამბაც ხომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და "ნახალოვკის" ბინაში მამასთან ერთად ცხოვრობდა. აფხაზეთში ვითარება რომ დაიძაბა, არც უჩხუბიათ, არც - არაფერი, მათი გზები უბრალოდ, ნელ-ნელა გაიყარა: ის აფხაზებთან დარჩა, მამა - ქართველებთან. მამა ძალიან განიცდიდა ამ ამბავს.

თენგო:

- და მაინც, მახსოვს, შოთამ გამაფრთხილა: თუ რამე მოხდა და აფხაზებს ჩაუვარდი ხელში, აუცილებლად რუსლანს (სერგეი შამბას ასე ეძახდნენ) მიაწვდინე ხმაო... ისეთი ძლიერი მეგობრობა ჰქონდათ, მაინც ეიმედებოდა, რომ ის მისი ოჯახის წევრს არ გაწირავდა.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, დაგეხმარებოდათ?

ინგა:

- არ ვიცი... ერთხელ მამას ჰკითხეს იგივე და უპასუხა: პირიქით რომ ყოფილიყო, მე 100 პროცენტით დავეხმარებოდიო. რაც შეეხება მის ვაჟს - ხანიას (ორხანს ასე ვეძახდით), რომელთანაც ბავშვობაში ძალიან ვმეგობრობდი, რამდენიმე წლის წინ მესინჯერით მიპოვა. ისეთი თბილი წერილი მომწერა, კითხვისას ავტირდი. მე და ხანია ინტერნეტით დღესაც ვურთიერთობთ. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიყვარს და ეს სიყვარული ომმაც ვერ დაანგრია.

- აპატიეთ?

- მას რა უნდა ვაპატიო? ვინც მამა მომიკლა, ის უკვე მკვდარია: მამაჩემის მეგობრებმა მალევე იპოვეს და მოკლეს... სხვა არავისთვის არაფერი მაქვს საპატიებელი.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?