სოხუმის დაცემიდან 20 წელი შესრულდა და დღეს ჩვენ ყველანი დევნილები ვართ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ლტოლვილია თავადაც, რადგან ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტია და აფხაზეთში ჩასვლის უფლება არ აქვს.
"დღეს ჩვენ ყველანი დევნილები ვართ. მათ შორის მეც, რადგან ვარ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და არ მაქვს უფლება, ჩავიდე აფხაზეთში. ჩვენი მწუხარება სიხარულით შეიცვლება და ღვთის მადლით, მალე ვიზეიმებთ საქართველოს გამთლიანებას. ეს საჭიროა ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც. უფრო მეტად კი, ეს საჭიროა აფხაზებისთვის, თუ მათ თავის გადარჩენა სურთ", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა ჟიული შარტავა და ორდენის ტარების უფლება მის მეუღლეს მიანიჭა.
წმინდა ნინოს ოქროს ორდენი კი გადაეცა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს. "აფხაზეთის უზენაესი საბჭო ბევრს აკეთებს, რომ აფხაზეთი დაგვიბრუნდეს", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა დღეს ტრადიციულად რამდენიმე გვარიც დალოცა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ხელაიების გვარზე გაამახვილა. უწმინდესმა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიაზე ისაუბრა და მისი ისტორიული სიტყვებიც გაიხსენა. "კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია ყველაზე მძიმე დროს მოღვაწეობდა. როდესაც რუსეთის ჯარი შემოვიდა და საქართველო დაიპყრო, მან გაგზავნა პროტესტი გენუის კონფერენციაზე. ამის გამო კათოლიკოს-პატრიარქი დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს. მაშინ მან წარმოთქვა ისტორიული სიტყვები - ჩემი სული ეკუთვნის ღმერთს, გული - სამშობლოს, სხეულს კი რაც გინდათ, ის უყავითო", - ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქი ხობის ფესტივალის დახურვასაც შეეხო და ფესტივალის ორგანიზატორები დალოცა.