ვნებათაღელვა თბილისის მერიასთან - გიგი უგულავა გამოიგლოვეს

ვნებათაღელვა თბილისის მერიასთან - გიგი უგულავა გამოიგლოვეს

თბილისის მერიასთან სოციალურად დაუცველებმა, ვეტერანთა კავშირის წევრებმა, იპოთეკით დაზარალებულებმა და დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მერიას საბინაო ფონდის შექმნას სთხოვდნენ, რათა თბილისის  მერიამ  უსახლკაროდ დარჩენილებზე იზრუნოს და ხალხს საცხოვრებელი პირობები შეუქმნას.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, დედაქალაქის მერია  უსახლკაროდ დარჩენილების მიმართ ინიციატივას და ყურადღებას არ იჩენს. ამიტომ მათ მერიასთან მიიტანეს სამგლოვიარო გვირგვინი და ქალაქის მოქმედი მერის გიგი უგულავას სურათი, რომელსაც შავი ფერის არშია ჰქონდა შემოვლებული. აქციაზე უკრავდნენ სამგლოვიარო მუსიკასაც. საპროტესტო ატრიბუტებს შორის ჩანდა ცოცხებიც, რომელზეც წითელი ვარდები იყო დამაგრებული.

აქციაზე გამოჩნდა ტრანსპარანტები წარწერებით - "ნათელი ქალაქის შავბნელი მერია", "ჩვენც გვაქვს სიცოცხლის უფლება", "არა სოციალურ ბარბაროსობას", "მე თაღლითების მსხვერპლი ვარ" , "გამოიძიეთ თაღლითური საქმეები".

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული პერფორმანსით თბილისის მერს გლოვობენ, რომელიც ქალაქისთვის არაფერს აკეთებს.  მათ მერიის თანამშრომლებმა მოუწოდეს, სამგლოვიარო გვირგვინი და სურათი გაეტანათ მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამაზე უარი თქვეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მოგვიანებით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვაც სცადა. მამაკაცმა ჯიბიდან ბენზინით სავსე ბოთლი ამოიღო და გადაისხა, თუმცა აქციის მონაწილეებმა და თბილისის მერიისა და პოლიციის თანამშრომლებმა მისი შეჩერება მოახერხეს, ბოთლი და ასანთი წაართვეს და პიჯაკი გახადეს, რომელზეც ბენზინი ჰქონდა გადასხმული.  

ინციდენტამდე მამაკაცმა განაცხადა, რომ მას ამქვეყნად აღარაფერი დარჩენოდა და მის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა.

აქციის კიდევ ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც აცხადებდა, რომ ის ონკოლოგიურად დაავადებულია და სხვადასხვა სახის დაავადებები აქვს, ეპილეფსიურ კრუნჩხვაში ჩავარდა. მას დახმარება აქციის მონაწილეებმა, პოლიციელებმა და მერიის დაცვის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს. მერიასთან გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც.  

მოგვიანებით, მიმდინარე აქციაზე კომენტარი გააკეთა მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ. მისი თქმით, ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა მერიისთვის მიუღებელია და მერია ამას ვერ  წაახალისებს, რადგან ამას ქაოსი მოჰყვება.

ამჟამად აქციაზე სიტუაცია შედარებით დამშვიდდა, თუმცა სოციალურად დაუცველები კვლავ რჩებიან მერიასთან.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია