წლის და 9 თვის ანასტასია ს. თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, მისმა თანაჯგუფელმა 2 წლის ანა ფ.-მ დაკბინა. დაკბენილ პატარას პირველადი სამედიცინო დახმარება საბავშვო ბაღშივე აღმოუჩინეს. მოგვიანებით, ანასტასია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ და იაშვილის კლინიკის ექიმებმაც გასინჯეს. მედიკოსებმა შრატის გაკეთების საჭიროება ვერ დაინახეს და ოჯახს ნაკბენის დამუშავების რეკომენდაცია მისცეს.
ანასტასიას ოჯახი საბავშვო ბაღის გამგესა და აღმზრდელს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ბავშვის დედა "ამბები.გე"-სთან საუბარში ყვება, რომ მისი შვილი ნაწამებია და სახეზე და ხელებზე მიყენებული ჭრილობებიდან ჩანს, მას დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში კბენდნენ.
დედის ინფორმაციით, მას საბავშვო ბაღიდან დილის საათებში დაურეკეს და აცნობეს, რომ მის შვილს ნაკაწრი ჰქონდა, ამასთან, ჰკითხეს პატარისთვის რომელი მალამო წაესვათ. მშობელი ყვება, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვის მდგომარეობა ნახა, ბაღის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.რ.მ. ანასტასიას დედა:
"ბავშვი არის ნაწამები, დაკბენილი აქვს ლოყა, შუბლი, ხელები. როცა ვნახე ტირილისგან დაუძლურებული იყო. ანასტასია მეუბნება, რომ ბიჭმაც და გოგომაც უკბინა. წლების წინ, როცა ამ ბაღში, ჩემი უფროსი შვილი დამყავდა, ბავშვებს კუჭში გასვლას უკრძალავდნენ. აფრთხილებდნენ, რომ სახლში მოესაქმებინათ. თავშეკავებისგან, ბიჭი კრუნჩხვებში ჩამივარდა. მაშინ ბაღს სხვა გამგე ჰყავდა, ახლა ადმინისტრაცია შეიცვალა და უმცროსი შვილი ისევ ამ ბაღში ამიტომ შემოვიყვანე, მაგრამ რაც მოხდა, ამ ამბავს, ასე არ დავტოვებ. გამგემაც და აღმზრდელმაც პასუხი უნდა აგონ".
ანასტასიას ოჯახს პატარა ანასგან, რომელმაც მისი თანაჯგუფელი დაკბინა პრეტენზიები არ აქვს. ანას ოჯახში ივნისის თვეში ტრაგედია დატრიალდა. პოლიციის ინფორმაციით, მისმა მამამ, რომელიც ე.წ. გულუას სპეცრაზმში მსახურობდა, ცოლი და 4 წლის ქალიშვილი ცივი იარაღით მოკლა და თვითმკვლელობა სცადა. ანას ახლა ბებია ზრდის. საბავშვო ბაღის აღმზრდელები ამბობენ, რომ ანა აგრესიულობით არ გამოირჩევა და არც ფსიქიური პრობლემები აწუხებს. ანას ისტორიაში დაცულია ჯანმრთელობის ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ იგი ჯანმრთელია და მისი ბავშთა კოლექტივში დაშვება შესაძლებელია.
საბავშვო ბაღის გამგე და აღმზრდელები მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იხსნიან. როგორც აღმზრდელი ამბობს, ანასტასიასა და ანას დედები თანამშრომლები იყვნენ და ერთმანეთს პატარებიც იცნობდნენ. მისი თქმით, დილით ბავშვები ერთად თამაშობდნენ, ანა ანასტასიას ეფერებოდა, რა დროსაც ანასტასიას ტირილი გაიგონა, პატარა მალევე დაამშვიდა, თავად კი ოჯახს ინფორმაცია მიაწოდა. როგორც აღმზრდელი ამბობს, დღის განმავლობაში ანასტასია უხასიათოდ არ ყოფილა და შუადღეს ეძინა კიდეც. მას შემდეგ კი, რაც მისმა მშობლებმა პატარას მდგომარეობა შეიტყვეს, საბავშო ბაღის გამგის ინფორმაციით, ანასტასიას ოჯახის ახლობლები, 25-30 ადამიანი მათთან მიიჭრა და წარმოუდგენელი ამბავი ატეხა.
საბავშვო ბაღის გამგე:
"მოვარდა 25-30 ადამიანი, იგინებოდნენ, პატრული გამოიძახეს. მე მათ ვუთხარი, რომ პასუხისმგებლობას არ ვიხსნიდი, ბოდიში მოვუხადე, ძიძას მოსაკლავად გაეკიდნენ, პატარა ანა გადავმალეთ. საშინელება ხდებოდა. ბავშვები უყურებდნენ, როგორ ურტყამდა ანასტასიას მამა წიხლებს კარებს, როგორ იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ, აღსაზრდელები შეაშინეს ".
საპატრულო პოლიციამ ვითარების განმუხტვა შეძლო. ანასტასიას დედამ ბაღის თანამშრომლების პასუხიმგებლობის მოთხოვნით, ბაღების სააგენტოში საჩივარი დაწერა, თუმცა როგორც თავად ამბობს, სააგენტოში განუცხადეს, რომ გამგისა და აღმზრდელის მისამართით საყვადურით შემოიფარგლებიან.