გასულ კვირას გორის რაიონის სოფელ შინდისში 35 წლის მალხაზ მთვარაძე (ის პატიმრობიდან მაისში ამნისტიით გათავისუფლდა) მწყემსმა დანით დაჩეხილი იპოვა. მალე განზრახ მკვლელობის ბრალდებით მთვარაძის თანასოფლელი, 23 წლის ელგუჯა გელაძე დააკავეს. მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. თუმცა ოჯახის წევრების მტკიცებით, მკვლელობა თავდაცვის მიზნით მოხდა. დაკავებულისთვის ბრალის შემსუბუქებას ითხოვდნენ შინდისელებიც და ამ მოთხოვნით გორის ცენტრში შეიკრიბნენ. მოკლული ბრალდებულის ოჯახის დაყაჩაღებისთვის იხდიდა სასჯელს.
გუგული სურმანიძე, გელაძეების მეზობელი: - სოფელში მთვარაძის ყველას ეშინოდა, მთელი სოფელი აწიოკებული ჰყავდა. წლების წინ საშინლად აწამა გელაძეების ოჯახი. რომ გავიგეთ, მთვარაძე ციხიდან გამოვიდა, მთელი სოფელი დაიზაფრა. იმ დღეს მთვარაძე ელგუჯა გელაძეს გზაზე დახვედრია, შენი დედაო, შეუგინებია და დანა მოუქნევია. ელგუჯას წაურთმევია დანა და თავდაცვის დროს მოუკლავს.
სოფელ შინდისში მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახს მივაკითხე. ბრალდებულის მამა, ზაქრო გელაძე 10 წლის წინ მომხდარ თავდასხმას იხსენებს: - 2003 წელს ღამის 3 საათზე დაგვესხნენ თავს. 10-12 კაცი იქნებოდა. მაშინ ჩემი შვილები პატარები იყვნენ. უფროს გოგონას ოქროს საყურეც კი ჩამოხსნეს. დანით საშინლად მაწამეს. ჩემი მეუღლეც დაჭრეს. მერე სარდაფში ჩამათრიეს, ხმაური რომ არ გაეგოთ მეზობლებს და წამება იქ გააგრძელეს, ქილებს მამტვრევდნენ თავზე. 1.700 ლარი და 300 დოლარი წამართვეს და მანქანა წაიყვანეს. ჩემი ოჯახის დაყაჩაღებამდე სოფელში არაერთი ოჯახი ააწიოკა ერთმა და იმავე ჯგუფმა. მათ შორის იყო მთვარაძეც.
ნანი ცერცვაძეს მეუღლე ყაჩაღებმა მოუკლეს: - საღამოს 11 საათი ხდებოდა, როცა ნიღბიანი გადაჭრილი თოფით სახლში შემოგვივარდა და მეუღლეს ესროლა. დაყვირება მოვასწარი, მეორე ოთახიდან ჩემი შვილი გამოვარდა, ნიღბიანმა ახლა მას ესროლა და გაიქცა. ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. მთელ ოთახში ჩემი შვილის ხორცის ნაფლეთები იყო მიმოფანტული, - ჭერზე, კედლებზე. ნაფლეთებად უქციეს ბიჭს მკლავი, დააინვალიდეს. მთვარაძემ 18 წლის წინ, ჩვენი ახლობელი, ჯარიდან ახალდაბრუნებული 19 წლის ბიჭი მოკლა. დაჭრილმა სიკვდილამდე მოასწრო თქმა, ფისომ მომკლაო. მთვარაძეს ჭრელი თვალები ჰქონდა და სოფელში ფისოს ეძახდნენ. ჩვენი დაყაჩაღების შემდეგ ჯერ ბაბილაშვილები, მერე გელაძეები დააყაჩაღა. როცა გავიგე, ციხიდან გამოუშვეს, თავზარი დამეცა. ჩემს გოგოს შეხვედრია და უთქვამს, თქვენს ოჯახთან კიდევ მაქვს ანგარიში გასასწორებელიო.