სალომე ზურაბიშვილი - "ივანიშვილმა დემოკრატიას ფორმა დააკარგვინა"

სალომე ზურაბიშვილი - "ივანიშვილმა დემოკრატიას ფორმა დააკარგვინა"

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ხელისუფლებასა და "ნაციონალური მოძრაობის" ცალკეულ წევრებს შორის ფარულ გარიგებაზე საუბრობს და ამის დასტურად რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს.

"სააკაშვილმა დემოკრატია მოსპო ქვეყანაში, მაგრამ გარედან საქართველო დემოკრატიული ჩანდა. ივანიშვილი კი ახლა დემოკრატიულ ფორმასაც უკარგავს. ქვეყანაში არც ერთი ავტორიტეტული ინსტიტუტი აღარ არსებობს. ახალმა ხელისუფლებამ სასამართლოს დააბრალა, წინა ხელისუფლების სასამართლოაო და ამით ხელი დაიბანა, მაგრამ გამოძიების ჩატარება ხომ მაინც შეიძლებოდა? არც ერთი გახმაურებული საქმე არ გამოუძიებიათ და ციხეებში პატიმრების წამების საქმეც მიივიწყეს. აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს ვკითხე, თქვენგან რაიმე მითითება ხომ არ იყო, რომ ციხეებში წამებაზე არ ჩატარებულიყო გამოძიება-მეთქი. მიპასუხეს, პირიქით, ველოდებოდით, რომ ბრალდებები მტკიცებულებებით გამყარდებოდა და სასამართლო ჩატარდებოდაო. ხელისუფლება დასავლეთს აბრალებს, სასამართლოები კოაბიტაციის გამო არ ჩატარდაო და პასუხისმგებლობას იხსნის. რეალურად დასავლეთს კოაბიტაცია არ მოუთხოვია. სინამდვილეში კოაბიტაცია გარიგებას მალავს.

დღევანდელ და წინა ხელისუფლების ზოგიერთ წევრს შორის. რა შუაშია აქ დასავლეთი? უპასუხოს ხელისუფლებამ საზოგადოებას, თქვას, გარიგებულია თუ არა "ნაციონალურ მოძრაობასთან". რაც უფრო აგვიანებს ამის ახსნას, მით უფრო ეწყობა ხელი ბურჯანაძის რადიკალურ ძალას. ხალხს ვერ გაუგია, რა ხდება, მაგრამ ხედავს ამ გარიგების ნიშნებს და ამბობს, ბარემ მივცემ ხმას ყველაზე რადიკალურ ძალასო", - აცხადებს ზურაბიშვილი.

ყოფილი მინისტრი საკუთარ თავს ხელისუფლების ლაკმუსის ქაღალდს უწოდებს და აცხადებს, რომ არჩევნებში კენჭისყრის პროცესიდან მისი გამოთიშვით ივანიშვილმა საკუთარი რეალური სახე წარმოაჩინა.

"ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ რაღაც მეწყინა, მაგრამ ასე არ არის. მე ლაკმუსის ქაღალდი ვიყავი ხელისუფლებისთვის. რატომ არ უნდოდათ კენჭი მეყარა? ამ კითხვაზე პასუხი აჩენს იმ რეალობას, რასაც ადრე ვერ ვხედავდით. ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისას გვერდით დაიყენა პროდასავლელი ალასანია, უსუფაშვილი და მეც ივანიშვილის ახლო წრეში მოვიაზრებოდი, ოღონდ კოალიციის გარეთ. მაგრამ ასეთ ვითარებაში არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა დასავლეთისკენ. პრემიერი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, საფრანგეთშიც არ ყოფილა ვიზიტით. სტრასბურგში უფუნქციო ასამბლეაზე ჩასვლა არაფრის მომცემი იყო. ამან დაბადა გაურკვევლობა საქართველოს ორიენტაციისადმი. მერე დაემატა ევრაზიის კავშირში შესვლის შესახებ პრემიერის განცხადება. თუ ივანიშვილის პოლიტიკაში მოკლე ვადით მოსვლის მიზანი ის იყო, რომ ქართულ დემოკრატიას საბოლოოდ დაეკარგა ფორმა და საქართველო ევრაზიის კავშირისკენ მიბრუნებულიყო, მაშინ მან დიდი ჯილდო უნდა მიიღოს რუსეთისგან", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

იხილეთ სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა