მავთულხლართს მიღმა სხვა საქართველოა - "ცხელი" რეპორტაჟი ტკივილის რეგიონიდან

მავთულხლართს მიღმა სხვა საქართველოა - "ცხელი" რეპორტაჟი ტკივილის რეგიონიდან

დვანსა და დიცში მიმდინარე მოვლენები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ დამთავრებულა. რუსეთმა ბრძოლა სხვა მეთოდებით განაგრძო და ახლა იარაღის ნაცვლად, სასაზღვრო მავთულხლართებით მოცოცავს შიდა ქართლში, რკინისცხაურიანი ღობით ან მავთულხლართით გამიჯნული ტერიტორიის ზღვარზე მხოლოდ ოკუპანტის ბატონობას გრძნობ. მის ხელში ე.წ. სამხრეთ ოსეთი აბორგებულ ზღვას ჰგავს, ბარიერის არარსებობის გამო ნელ-ნელა რომ ჭამს ხმელეთს. ოთხ თვეში ერთხელ რუსები მოვარდნილი ტალღასავით მოიწევენ ჩვენკენ 50, 300, 600 მეტრით.

რამდენიმე დღის წინ დვანში რუსებმა, მათივე ინფორმაციით, 1922 წლის დროინდელი საბჭოთა რუკის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის იმ დროისთვის ადმინისტრაციული, დღეს კი ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრების აღდგენა დაიწყეს. რადგან რუსეთმა ვერ აიძულა ცივილიზებული მსოფლიო, აღიარონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, დაიწყო მოქმედება პრინციპით - გიჟი თავისუფალია და ქართულ სოფლებში გასცემს ბრძანებას, საზღვარი უნდა გადმოვწიო, თუ გინდათ, რომ არ აგაოხროთ, აქედან მოუსვითო.

ყურის ამწევი კი არა, შენიშვნის გულიანად მიმცემიც არავინ ჰყავს. არავინ უმოწმებს იმ რუკასაც. ვუყრუებთ, როგორ გასდის და აკეთებს. ამიტომაც გლეხები, ოდესღაც სისხლის ფასად რომ იცავდნენ აქაურობას, გარბიან. გველეშაპს წინ როგორ დავუდგეთ, როდესაც ზურგსაც არავინ გვიმაგრებსო?! ოხვრა-კვნესით, შრომით დაკოჟრილი საკუთარი ხელით ანგრევენ ოდესღაც წვალებით აშენებულ სახლებს და მიაქვთ, სად, თვითონაც არ იციან(!).

დვანში სამი სახლი და 150 ჰექტარზე მეტი ბაღ-ვენახიან-ყანებიანი მიწა მოჰყვა რუსის "რჩეულ ზონაში". ამ დროს ფსევდოსაზღვართან აღმართულ ნიშთან, რომელიც ოსურ ენაზე იუწყება, რომ მავთულხლართს მიღმა სხვა ქვეყანაა, ქართველი მესაზღვრე-პოლიციელები სახეშეშლილები დგანან. დუმილის და უმოქმედობის ბრძანება აქვთ და რაც უნდა მწარე იყოს სიმართლე, ნაკლებად განსხვავდებიან სათვალთვალო კამერებისგან, ოდესღაც ქართველების ხელით დარგულ, დღეს კი მავთულხლართის მიღმა მოქცეულ ხეებზე რომ დაუმაგრებიათ რუსებს. კამერებიც დუმილით აკონტროლებენ გარემოს, მაგრამ მათ ქართველი პოლიციელებისგან განსხვავებით, ნერვები არ აქვთ და არც იმის ეშინიათ, რომ საკუთარი მიწის გულშემატკივარს ნერვები უმტყუნებს და საზღვრის მიღმა გულის მოსაფხანად ქვას ისვრის... არავინ არაფერსაც არ იზამს - შიდა ქართლში ყველამ იცის, რომ გამწარებულ დათვს ბაბაიას თუ არ დაუძახებ, ხმა მაინც არ უნდა გასცე(?!).

- როდემდე? - ვეკითხები დვანელებს.

- სანამ სასწაული მოხდება, - ამბობენ კაცები, რომლებსაც 2008 წლის შემდეგ უკვე მერამდენედ ულახავენ ღირსებას, მაგრამ თავს ხრიან, რადგან თავს ზემოთ ძალა არ აქვთ. - ეს უკეთ თბილისში ეცოდინებათ, - ჩურჩულებენ ისინი.

26 სექტემბერს ჯერ გორის რაიონის სოფელ დიცში ჩავედი.

რკინის ჭიშკართან პატარა სალოცავი ნიშია, ჯვარი აღუმართავთ ქართველებს. სიმბოლურია ეს ნიში ერთმორწმუნე რუსის ცხაურიან, საოკუპაციო სასაზღვრო კედელთან. თითქოს იმის მანიშნებელია, ჩრდილოელ მეზობელს როგორ ფეხებზე ჰკიდია ქრისტიანობა და მოძალადის გენი საუკუნეებია, მხოლოდ ერთი მიზნით მოერეკება: დაიპყარი! ჰოდა, ცდილობს, სამუდამოდ ჯვარზე გააკრას საქართველო.

დიცში მცოცავი საზღვრის ფარგლებში იმ ოჯახების სახლებიც მოექცევა, ვისი შვილებიც ამ მიწის გადარჩენისთვის ბრძოლაში დაეცნენ... და ძველისძველი სასაფლაოც, სადაც 23 წლის წინ ქართულ-ოსურ კონფლიქტში დახოცილები განისვენებენ.

- როგორ შევეგუოთ ამას? - კითხულობენ დევნილობისთვის განწირულები...

გზად სამხედროფორმიანი მხვდება.

- 2008-ში იარაღი რომ გვქონოდა და ხელისუფლებას რომ არ ეთქვა, გამოდით რეგიონიდანო, მხოლოდ ქალებს და ბავშვებს გავხიზნავდით. წინააღმდეგობას გავუწევდით... მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა, მაგრამ ყველა კაცს ვერ მოკლავდნენ. სეპარატისტი და სხვა დაქირავებული ბოევიკები წინააღმდეგობის გამო დაიხევდნენ უკან. ამასობაში მიზანმიღწეული რუსიც აუკრძალავდა ჩვენთან დაპირისპირებას... ოკუპირებულ მიწაზე კი დავრჩებოდით, მაგრამ საკუთარ სახლებში ვიცხოვრებდით. ჩვენს ადგილს სხვა ვერ დაიკავებდა. მერჩივნა, მოვმკვდარიყავი და იქ ჩემს ოჯახს, ქართველებს ეცხოვრათ. სახეში მაფურთხებენ და მოითმინეო. ხვალ თბილისში ჩამოვლენ და მოითმენთ? დვანში ჩადი, ნახე, რა ხდება და მერე მითხარი, როგორი მოსათმენია რუსის თავხედობა. ზოგჯერ მგონია, რომ მათ მთელი საქართველო დაიპყრეს, მაგრამ ამას ჯერ ვერ ვხვდებით, - ამბობს დევნილი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ფოტოგალერეა

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?