ბიძინა ივანიშვილი - ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში დილეტანტობა და საკითხის არცოდნა იგრძნობა

ბიძინა ივანიშვილი - ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში დილეტანტობა და საკითხის არცოდნა იგრძნობა

ხშირად, ძალიან ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში დილეტანტობა და საკითხის არცოდნა იგრძნობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებსა და თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. მანვე, დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილისა და ირმა ინაშვილის გამონათქვამებიც წაიკითხა.

"ყველა ჩემს გამონათქვამზე ვაგებ პასუხს. მე ვერ ვეთანხმები ალეკო ელისაშვილს. მისი მხრიდან იყო ასეთი გამონათქვამი - არის თუ არა ივანიშვილის წასვლა გაქცევა? ივანიშვილის მთავრობა არ აძლევს ზურაბიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ეკონომიკაში აურზაურია, შეიძლება ითქვას, რომ სტაგნაციაა. ირმა ინაშვილი არ მოსულა და მას კარგად ვიცნობ. მისი გამონათქვამებიც მინდოდა მომეყვანა, როდესაც ის ამბობს, რომ კოჰაბიტაცია და ათასი სისულელე მოგვახვიეს თავს და ა.შ. მე მინდა, რომ ეს გამონათქვამები გავაანალიზოთ, მაყურებელმაც მოისმინოს რამდენად კორექტულია ეს. ხშირად, თქვენი და ძალიან ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში იგრძნობა დილეტანტობა, საკითხის არცოდნა, ეკონომიკის არ ცოდნა. ეკონომიკა არ არის ის სფერო, რომელიც ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია გამოვიდეს და აკრიტიკოს. ეს არ არის ასე მარტივად. არ არის ისე, რომ მოხვიდე და ზედაპირულად ისაუბრო ეკონომიკაზე, თქვა რომ სტაგნაციაა, თქვა, რომ დაპირებები არ სრულდება. შეურაცხყმყოფელია პირდაპირ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გასული ერთი წლის განმავლობაში ახალმა ხელისუფლებამ დაპირებები "გადაჭარბებით შეასრულა".

როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებსა და თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა, მის მთავრობას "სერიოზული შეცდომა არ დაუშვია".

"მოვედი, რომ მოგახსენოთ რამდენად ეფექტურად იმუშავა ახალმა ხელისუფლებამ გასული ერთი წლის განმავლობაში. ჩემი შეფასებით, ახალი ხელისუფლება იყო მაქსიმალურად ეფექტური, სერიოზული შეცდომა თითქმის არ დაგვიშვია. რაც შეეხება დაპირებებს, ისინი გადაჭარბებით შევასრულეთ და მეც არ ველოდი, თუ ასეთი ეფექტურები ვიქნებოდით და ამდენს მოვახერხებდით ამ მოკლე დროში", - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ მედიას, პრემიერის აზრით, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მედიისთვის ძირეული გარდატეხა მოხდა.

"მეორეა თქვენი შეფასებები - მედიის მნიშვნელობას არ ვაკნინებ და თქვენ ჭეშმარიტად მეოთხე ხელისუფლება ხართ და დიდი ფუნქცია გაქვთ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თქვენ გქონოდათ იოლად ხელმისაწვდომი ინფორმაცია და მედიის თავისუფლების კუთხითაც, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა ძირეული გარდატეხა. დღეს ვერავინ იტყვის, რომ მედია ხელისუფლების მხრიდან განიცდის რაიმე ზეწოლას", - დასძინა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა