რა კომპრომატები მიუტანეს ივანიშვილს დეპუტატებზე?

რა კომპრომატები მიუტანეს ივანიშვილს დეპუტატებზე?

1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს ძალიან მძიმე დღე ჰქონდათ. ერთი მხრივ, "ნაციონალების" შეტევას იგერიებდნენ, ხოლო მეორე მხრივ, შიდა პრობლემების დალაგებას ცდილობდნენ. რა ხდებოდა საპარლამენტო კულუარებში?

"ალიას" უმრავლესობის წევრი - დავით ლორთქიფანიძე ესაუბრება...

- ბატონო დავით, რა ხდებოდა პარლამენტის შიდა სამზარეულოში, რა უნდათ "ნაციონალებს" და პრობლემები გაქვთ კოალიციაში?

- დავიწყოთ "ნაციონალებიდან". ისინი "პანიკაში" არიან, არიქა, ქვეყანა იღუპება, ეკონომიკური სტაგნაციაა და იქნებ, როგორმე ვუშველოთო. მოდიან და გვეუბნებიან, - ჩვენ შემოგიძახებთ, არ მოგასვენებთ, ყურები გამოიფხიკეთ და ქვეყანას უშველეთო. მეტიც, მოდიან და პირდაპირ გვეუბნებიან, - ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა მართოთ ქვეყანაო. არ გვერიდებიან, პირად საუბრებში პრეტენზიულად გვეუბნებიან, - 9 წლის წინათ ჩვენ დაქცეული ქვეყანა ჩავიბარეთ და ავაყვავეთ, თქვენ კი ისევ ღუპავთო. თურმე გაზარდეს მთლიანი შიდა პროდუქტი, ბიუჯეტი აიყვანეს 7 მილიარდზე და ახლა, შესაძლებელია, "ქართულ ოცნებას" საქართველო ხელში შემოეღუპოს. მოაქვთ, რაღაც არარეალური ციფრები, რასაც საერთო არაფერი აქვს სინამდვილესთან და სტატისტიკასთან. შორს რომ არ წავიდე, ერთ მაგალითს დაგისახელებ: ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თევდორაძე ამტკიცებს, რეგიონებში ყველა პროექტი თითქმის გაჩერებულიაო. ვანის რაიონის მაგალითზე ჩამოთვლა ათამდე პროექტი, თითქოს, სახელმწიფომ ყველა შეაჩერა და არაფერი არ კეთდება. როგორც "ნაციონალები" ამ საქმეში არიან მართლები, ისე არიან სხვა საქმეებშიც. არადა, ჩემს რაიონში ისიც კი ვიცი, რომელი ქვა სად დევს. ამ ათი პროექტიდან, არც ერთი არ ყოფილა შემოტანილი და ბუნებრივია, ვერც დაფინანსდებოდა. მაგათ ჩამონათვალში სულორის გზის მშენებლობაც კი გაეპარათ და ამტკიცებენ, შეჩერებულიაო. ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი, ამ საქმეზე 1 მილიონ 800 ათასი ლარია გამოყოფილი, თუმცა აქ ერთი მომენტია საინტერესო, - შარშან, არჩევნების წინ აღნიშნული გზის მშენებლობა ფინანსური წყაროს არარსებობის პირობებში პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის გარეშე, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო, სადაც არ არის შესრულებული 50 000 ლარის სამუშაოც კი. მაგრამ ვანო მერაბიშვილის განკარგულებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას, რომლის ხელმძღვანელიც იყო გოგავა, გადაერიცხა 450 ათასი ლარი, ეს თანხა ამ ჯეელებმა გამოიყენეს არჩევნებისთვის. იმის ნაცვლად, რომ ეს ხალხი ჩუმად იყოს, იქით გვიტევენ.

მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ამ ხალხთან ურთიერთობის და ახლაც წინააღმდეგი ვარ. როდესაც დაუმსახურებლად სახეში სილას გაგაწნავენ, შენ მინიმუმ მუშტი უნდა ხიო ცხვირ-პირში. მე საჯაროდ ვაცხადებ, - კეთილი ინებოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურამ, დაინტერესდნენ სულორის გზის მშენებლობით, გამოიძიონ, რის საფუძველზე დაიხარჯა 450 ათასი ლარი. მე დაგისახელეთ ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი და ასევე აკეთებდნენ ყველა რაიონში, სადაც პასუხის გამცემი არ ჰყავთ, ყველგან "გაგულავებულები" არიან. მე მოუთმენლად ველოდები 27 ოქტომბერს, ანუ კოჰაბიტაციის დამთავრებას.

- კოჰაბიტაციის (თანაცხოვრების) დამთავრება კარგია, მაგრამ აგერ, იურიდიულ კომიტეტში ჩააგდეს საკითხი, რომელიც პირდაპირ "ნაციონალებს" ეხებოდა, ეს პროექტი თუ დამტკიცდებოდა, "ნაციონალი" ბობოლები, მომავალში ვეღარ დაიკავებდნენ მნიშვნელოვან თანამდებობებს.

- ეს საკითხი დააყენა კობა დავითაშვილმა, მე მას მხარს ვუჭერ, მაგრამ ვინაიდან არ ვარ იურიდიული კომიტეტის წევრი, სხდომას არ ვესწრებოდი. თუ პლენარულ სხდომაზე იქნება გამოტანილი, მე მხარს დავუჭერ. ასევე მოიქცევიან ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები.

- ბატონო დავით, გადავიდეთ კონკრეტულად "ქართული ოცნების" პრობლემებზე. როგორც ვიცი, 1-ელ ოქტომბერს ფრაქციის სხდომაც გქონდათ.

- დიახ, ფრაქციის სხდომაზე საუბარი გვქონდა იუსტიციის საბჭოს იმ ორ წევრზე, რომელიც ჩვენ უნდა წარვადგინოთ, ეს სუფთა შიდა სამზარეულოს საკითხია, ჯერჯერობით, მიმდინარეობს შერჩევა. რაც შეეხება ფრაქცია "ქართულ ოცნებას", მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრს შევხვდით, რაღაც საკითხები დაიძრა, მაგრამ არის პრობლემები...

- გავიგე, გარდაბნის "ნაციონალი" მაჟორიტარი - ფეიქრიშვილი შემოგმატებიათ "ქართულ ოცნებაში", "კონსერვატორებში" გაწევრიანებულა და უკვე თქვენიანად ითვლება. ისიც მითხრეს, მარგველაშვილს დაჰყვება რეგიონებშიო. თან, არ დაგავიწყდეთ, ვაჟა ლილუაშვილის მარჯვენა ხელი გახლავთ.

- ჰოდა, მაგიტომაც არის, ზვიად ძიძიგურს რომ წამოაძახებენ ხოლმე რაღაცებს, ფეიქრიშვილთან და ლელუაშვილთან ურთიერთობები აქვსო. ფეიქრიშვილი ჩემს წინა რიგში ზის, მანამდეც ვიცნობდი, ადრე ტაბახმელას გამგებელი იყო, მისი საქმეები ცნობილია. კიდევ ვიმეორებ, არის პრობლემები, თუმცა გააქტიურება იგრძნობა, გულწრფელად ვიტყვი, დეპუტატების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის კმაყოფილი. ისინი ჯერ კიდევ ვერ ერთვებიან საარჩევნო კამპანიაში.

- ბოლოს და ბოლოს, გამაგებინეთ, რა ხდება პრემიერ-მინისტრსაც არ უწევს ზოგიერთი ანგარიშს?

- ადგილობრივი შტაბები ცენტრალური შტაბის წახალისებით თუ წაქეზებით ისევ ცდილობენ, გზა გადაუკეტონ მაჟორიტარ დეპუტატებს, პრემიერს კი ველაპარაკეთ ამ თემაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, საკითხი ბოლომდე არ გამოსწორდა. არის ასეთი სქემა, - შტაბის უფროსი, რომელიც აღინიშნება რაიონში, ჩადის ადგილზე და ზემოდან დავალებით იწყებს მუშაობას. მისი მუშაობა იმაში გამოიხატება, რომ ადამიანებს, რომლებსაც შუბლი ტყვიისკენ ჰქონდათ მიშვერილი, იქიდან უშვებენ. ამ დროს თამაშში შემოჰყავთ ისეთები, რომლებიც არჩევნებამდე ჯოხებითა და ქვებით დასდევდნენ "ქართული ოცნების" აქტივისტებს. რა თქმა უნდა, ეს იწვევს ჩვენი მხარდამჭერების გაღიზიანებას.

- ეს სქემა ვიცით, მაგრამ რატომ ხდება ასე? პრემიერ-მინისტრიც ფეხებზე ჰკიდიათ, ანგარიშს არ უწევენ?

- არ ვიცი, პრემიერ-მინისტრს ანგარიშს უწევენ, თუ არა, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რაღაცები შეიცვალა იმ შეხვედრის შემდეგ, მაგრამ დარჩა პრობლემები.

- მაშინ ის მითხარით, კონკრეტულად რა შეიცვალა?

- ის შეიცვალა, რომ ზოგიერთ დეპუტატს ეძახიან, იწვევენ და მარგველაშვილს ისე ეხმარებიან. ამას აქამდე არ აკეთებდნენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ არჩევნებში თვისობრივი გარდატეხის შეტანა არ შეგვიძლია. მაგალითად, ჩემს რაიონში - ვანში, მე არ ვარ ჩართული, რადგან ცენტრალური შტაბის წახალისებით ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელს საქმე მიჰყავს არასწორად, რაც ჩემში იწვევს გაურკვევლობას. ჩემი ინიციატივით რომ ჩავერიო, ეს გამოიწვევს კონფლიქტს და ამიტომ, ველოდები ზემოდან რაღაც ცვლილებას. ამ დღეში არ არის მხოლოდ დათო ლორთქიფანიძე, ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ათეულობით დეპუტატი. მეტსაც გეტყვით, ბოლო დროს გამოჩნდნენ პიროვნებები, რომლებმაც მოახერხეს და პრემიერ-მინისტრთან მაჟორიტარ დეპუტატებზე მიიტანეს კომპრომატები. ასევე დაიწყეს მიტანა უმრავლესობის ლიდერთან, წერენ საჩივრებს და ათასნაირ სიბინძურეს გვაბრალებენ. შეიძლება ყველაფერი აიტანო ადამიანმა, მაგრამ, როდესაც ამა თუ იმ დეპუტატს ნარკომანობასა და შეიარაღებული ბანდის წევრობას აბრალებ, ეს უკვე აუტანელია. ამის შემდეგ, როდესაც დეპუტატები რეგიონებში ჩადიან და ამ მაბეზღარა ადამიანებს ხედავენ, ბუნებრივია, მათთან ვერ იმუშავებენ.

- მამუკა არეშიძე აცხადებს, "ქართულ ოცნებაში" ისეთი მდგომარეობაა, მტერს არ ვუსურვებო. მართლა ასეთი მდგომარეობაა?

- რა გითხრა, არ ვიცი, როდესაც ბატონი ბიძინა ექსპერტებს შეხვდა, მამუკას პოზიცია იქაც გამოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილთან ვერ არის კარგ ურთიერთობაში, მე ვფიქრობ, მამუკა არეშიძე არ არის შემთხვევითი პიროვნება და პატივს ვცემ, ეს ადამიანი არ მიმაჩნია ქვეყნისა და ახალი ხელისუფლების მოწინააღმდეგედ და არც ასეთი პოზიციიდან უნდა ელაპარაკებოდეს ვინმე.

- არა, მე მაინტერესებს მართლა ისეთი სიტუაციაა, რომ მტერსაც არ ვუსურვებთ?

- არა, ასე ნამდვილად არ არის "ქართულ ოცნებაში", არ იღუპება, მაგრამ რა პრობლემებიც გვაქვს, ამას გულწრფელად გეუბნებით. ჩვენი უპირველესი პრობლემა ის არის, რომ "ნაციონალები" გავათავხედეთ და ამდენს გვიბედავენ, აღარ მინდა წამოვაძახო ცოცხები და კაცების გაუპატიურება, მაგრამ მოდიან და პირდაპირ გვეუბნებიან, - რა ვქნათ, ჩვენ ხომ არ გავქრებითო?.. მე არ ვეუბნები მაგათ, გაქრით-მეთქი, მაგრამ ბოდიში, ქვეყანაში 25 000 კაცი რომ ჰყავთ გაუპატიურებული, პასუხი ხომ უნდა აგონ, ციხეში ხომ უნდა ჩასხდნენ?.. ვისაც ასეთი დანაშაული არა აქვს ჩადენილი, იმან ბოდიში მაინც ხომ უნდა მოიხადოს. იმ ხალხის მესმის, ვინც მიშა სააკაშვილს აეროპორტში ხვდება და ტუჩებში ჰკოცნის, ზუსტად მაგას ამბობს ბიძინა ივანიშვილი და ჩვენც ვამბობ, რომ, ვისაც ვინ მოსწონს, იმას აკოცოს ტუჩებში, ეს არის დემოკრატია, მაგრამ დანაშაული - დანაშაულია, პასუხისმგებლობა – პასუხისმგებლობაა...

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა