ახალგაზრდა ამერიკელი მიჩ ბელკინი საქართველოში წელიწადზე მეტია ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოს ბევრი კუთხე აქვს შემოვლილი, მათ შორის, ნამყოფია აფხაზეთში, როგორც ტურისტი და იქ საინტერესო ამბებიც გადახდა. მიჩი თავად ძალიან საინტერესო პიროვნებაა და მისი თვალით დანახული ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაში ჩვენთვის ნაკლებად შესამჩნევია. სხვათა შორის, ჩვენი რესპონდენტი სტალინის შესახებ მეტად საგულისხმო პროექტს ამზადებს, რის შესახებაც სიამოვნებით გვესაუბრა...
- რატომ საქართველო?..
- უესლიანის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ერთმა პროფესორმა მკითხა, თუ მოვისურვებდი საქართველოში გამომგზავრებას. ვკითხე, ატლანტაში-მეთქი და არაო, მიპასუხა (იღიმის). არასამთავრობო ორგანიზაცია ''რადარამის'' პროექტებზე მუშაობა შემომთავაზეს. ზემოხსენებული ორგანიზაციის საქმიანობა წიგნების გამოცემას უკავშირდება. მაგალითად, ვთარგმნით ლიტერატურას, ოღონდ არამხატვრულს, რომელიც მსოფლიოში ბესტსელერებად მიიჩნევა და შემდეგ საქართველოს მასშტაბით მათ გავრცელებას ვუწყობთ ხელს, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად, რათა ყველა მსურველმა შეძლოს შეძენა.
საქართველოში სამუშაოდ ჩამოსვლა ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, თუმცა უნდა ვთქვა, რომ რა წარმოდგენაც აქ გამომგზავრებამდე მქონდა, ქვეყანაში ჩამოსვლისა და გარემოს უკეთ გაცნობის შემდეგ სრულიად შემეცვალა. უკვე ერთი წელი და ორი თვეა აქ ვცხოვრობ და ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა, რომელიც მართლაც ძალიან სტუმართმოყვარე ადგილია. მძულს სიტყვა უცხოელი, რადგან საქართველოში თავს უცხოდ არ ვგრძნობ!..
როდესაც საქართველოში გამომგზავრება გადავწყვიტე და ამის შესახებ ოჯახსა და მეგობრებს ვუთხარი, მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომელ ქვეყანაში მოვდიოდი საცხოვრებლად. ბებიაჩემი ფიქრობდა, რომ საქართველო რუსეთის ნაწილია, ამიტომაც მთხოვა, თბილი ტანსაცმელი წამომეღო, იქ ძალიან ეციებაო (იცინის). ერთადერთი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოზე იციან, 2008 წლის ომია. ზოგადად კი საკმაოდ მწირი ინფორმაცია აქვთ საქართველოს შესახებ. ბებიამ ისიც დამარიგა, თუკი მაინც გადავწყვეტდი გამგზავრებას, არავითარ შემთხვევაში არ შემერთო ქართველი ცოლი, ნერვიულობდა, საქართველო ჩვენგან ძალიან შორს არისო (იცინის).
ფეხით შემოვლილი საქართველოს კუთხეები და მოგზაურობა აფხაზეთში
საქართველო ეთნიკურად, რელიგიურად ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა. არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ დედაქალაქშიც არის დიდი განსხვავებები, მაგალითად, მთაწმინდელს, ვაკელს, ვერელსა და სხვა უბნის მოსახლეებს შორის. ბევრი ადამიანი, ვინც თბილისში ცხოვრობს, ზოგჯერ ივიწყებს, რომ მის ქვეყანაში ასეთი მრავალფეროვნებაა. ყველა დადის აჭარაში, თუმცა სხვა კუთხეებიც არანაკლებ საინტერესოა. როდესაც ყველა მეკითხება, განსაკუთრებით ტაქსისტები, რატომ ჩამოვედი საქართველოში და რატომ ვსწავლობ ქართულ ენას, როდესაც აქედან ყველას ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლა უნდა, ჩემი პასუხი ასეთია - ქართველებს ძალიან უყვართ საქართველო, ''მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი'' , ამას ყველაზე კარგად გამოხატავს. ერთწლიანი აქ ცხოვრების შემდეგ მივხვდი, რომ თუნდაც არცთუ სახარბიელო ეკონომიკურ გარემოში ცხოვრება ურჩევნიათ მაინც, ოღონდ თავიანთ სამშობლოში იყვნენ. ეს კი ჩემთვის თავისთავად ძალიან საინტერესოა...
იხილეთ სტატიის სრული ვერსია