"ყველა პარტიის პრეზიდენტი" და უზნეობის პროპაგანდის მოწინააღმდეგე კანდიდატი

"ყველა პარტიის პრეზიდენტი" და უზნეობის პროპაგანდის მოწინააღმდეგე კანდიდატი

პრეზიდენტობის კანდიდატები - ლევან ჩაჩუა და თეიმურაზ მჟავია ერთმანეთს არ უპირისპირდებიან, მაგრამ საკუთარ პოზიციებსა და ხედვებს წარმოგვიდგენენ იმის შესახებ, თუ როგორ ესახებათ საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყნის განვითარების შორეული გეგმები.

- დასაწყისისთვის, გაგვაცანით საკუთარი თავი.

ლევან ჩაჩუა:

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ფუფუნებაში არ მიცხოვრია, მაგრამ ოჯახური ბიზნესი გვქონდა და ღვთის მადლით, არ გვიჭირდა... 2002 წლიდან ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, რამაც ბიძგი მომცა, დამეცვა ეროვნული და სარწმუნოებრივი ინტერესები. არასამთავრობო ორგანიზაციის - "წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მართლმადიდებელი მრევლის კავშირის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" აქტიური წევრი ვარ. არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან მოვლენასა და საპროტესტო აქციაში ვმონაწილეობდი და ხშირად ორგანიზატორიც გახლდით. 2010 წელს, ტელეკომპანია "კავკასიაში" მოწყობილი პროვოკაციის შედეგად დამაპატიმრეს და 4 წლითა და 6 თვით საპატიმროში გამიშვეს. პოლიტპატიმართა სიაში მოვხვდი და საპყრობილე 13 იანვარს დავტოვე. მყავს მეუღლე და ოთხი შვილი; მეოთხე - პატიმრობის პერიოდში შემეძინა.

თეიმურაზ მჟავია:

- აფხაზეთის მკვიდრი ვარ, სოხუმში ვცხოვრობდი, სკოლაც და უმაღლესი სასწავლებელიც სოხუმში დავამთავრე. იქ მოხდა ჩემი, როგორც პიროვნების განვითარება. სხვადასხვა დაწესებულებაში ვმუშაობდი. 1980-იანი წლების ბოლოს, როცა ეროვნულმა მოძრაობამ "გაიღვიძა", მეც ჩავერთე და შემდგომში, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი გავხდი. "ზვიადის პარლამენტის" წევრი ვიყავი და მიმაჩნია, რომ ახლაც იმ პარლამენტის წევრი ვარ, რადგან მისი უფლებამოსილების შეწყვეტა სახელმწიფო გადატრიალების გზით განხორციელდა. 1991 წელს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ვმონაწილეობდი და გავიმარჯვე. 2004-2009 წლებში კი საბჭოსაც ვხელმძღვანელობდი - ჩემმა კოლეგებმა თავმჯდომარედ დამასახელეს. ამჟამად, საბჭოშივე, ფრაქციის - "დემოგრაფიული რეფორმებისათვის" თავმჯდომარე გახლავართ.

- რატომ გაგიჩნდათ პრეზიდენტობის სურვილი?

ლევან ჩაჩუა:

- ისევე, როგორც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას, მეც დიდი იმედი მქონდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდებოდა და მოძალადე რეჟიმისგან გათავისუფლდებოდა, მაგრამ როგორც ვხედავთ, კოაბიტაციის ფონზე ეს შეუძლებელია. არ აღდგა სამართლიანობა და ხალხს არ დაუბრუნდა წართმეული ღირსება. ამან განაპირობა პოლიტიკაში ჩემი ჩართვა. ისეთი ადამიანები შემოვიკრიბეთ, რომლებიც ადრე ხელისუფლებაში არ იყვნენ, პოლიტიკურ გარიგებებში არ მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, ქვეყანას კრიზისული მდგომარეობიდან გამოვიყვანთ.

- ზოგი თქვენ ეკლესიის "არაოფიციალურ კანდიდატად" მიგიჩნევთ. ამის შესახებ რას იტყვით?

- ალბათ იმიტომ, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ჩემი ორი შვილის ნათლიაა და მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს. მისი ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი ჩემი პირველი შვილის ნათლიაა... ეკლესია პოლიტიკაში არ ერევა, ამას სჯულის კანონი უკრძალავს და ჩემს წინასაარჩევნო კამპანიასთან, რა თქმა უნდა, არავითარი კავშირი არა აქვთ. უბრალოდ, ლოცვებში მიხსენიებენ, მამაშვილური ურთიერთობა მაქვს

თეიმურაზ მჟავია:

- ჩემს მეგობრებთან, 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის აქტივისტებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიმეღო საპრეზიდენტო არჩევნებში. ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ახლებური და პრინციპული მიდგომა სჭირდება და ჩემმა მეგობრებმა მიიჩნიეს, რომ ამ იდეების წინ წამოწევა მე უნდა მეთავა. პრეზიდენტი, უპირველეს ყოვლისა, კომუნიკაციების გაძლიერებას უნდა ცდილობდეს. ჩვენი მოწინააღმდეგე ის ქვეყანაა, რომელსაც ანგარიშს უწევს მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე მყოფი ყველა მოთამაშე.

- გაგვაცანით თქვენი პრიორიტეტები.

- ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები ძალიანაა შეკვეცილი. ფაქტობრივად, საშინაო საქმეებში ვერ ერევა და ძირითადად, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვის სფერო აბარია. პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. აუცილებლად უნდა დარეგულირდეს რუსეთთან ურთიერთობა. მოკლედ რომ ვთქვა, ყველანაირად ვეცდები, საქართველო არ იყოს რუსეთისა და ნატოს დაპირისპირების პოლიგონი. იმედი მაქვს, ჩვენს მოძმე აფხაზებთან ურთიერთობა აუცილებლად მოგვარდება. ამაში ჩაერთვება სახალხო დიპლომატია, შერეული ოჯახები და პატრიარქის უდიდესი ავტორიტეტი, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს. ერთ-ერთი პრიორიტეტი ასევე იქნება სამართლიანობის აღდგენა. თუ პრეზიდენტი გავხდები, 17 მაისი ქართული კულტურისა და ტრადიციების დაცვის დღედ გამოცხადდება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ტრადიციული სახელმწიფო ვართ. მე ვიქნები იმის გარანტი, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანის უფლება დაცული იყოს, მაგრამ უზნეობის პროპაგანდა არ მოხდება, გეიაღლუმებს საქართველოში ვერ ჩაატარებენ.

- პრემიერ-მინისტრს თუ იცნობთ პირადად?

ლევან ჩაჩუა:

- როდესაც ის პირველად გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, მე ორი წლის დაპატიმრებული ვიყავი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რომ ძალადობრივი მანქანა შეაჩერა, მაგრამ ახლა ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის... გამარჯვების შემთხვევაში, ჩემი პირველი ნაბიჯი ვადამდე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და საკანონმდებლო ორგანოს ჭეშმარიტად ხალხის რჩეულებით დაკომპლექტება იქნება.

თეიმურაზ მჟავია:

- პრემიერთან ურთიერთობა არ მაქვს. მას საკუთარი ფავორიტი ჰყავს - ბატონი გიორგი მარგველაშვილი. ამომრჩეველს მივანდოთ, თუ ვის დაუჭიროს მხარი და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ვინ იქნება უკეთესი.

- თუ პრეზიდენტი გახდებით, როგორ აპირებთ მთავრობასთან თანამშრომლობას? პრეზიდენტი და მთავრობა ერთმანეთთან ოპონირების რეჟიმში ვერ იქნება ისე, როგორც ეს დღეს ხდება.

ლევან ჩაჩუა:

- როდესაც მსჯელობა იყო იმაზე, რომ წამოგვეყენებინა ჩემი კანდიდატურა, ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ ის იყო, რომ უპარტიო ვარ. ამიტომ, "ყველა პარტიის პრეზიდენტი" ვიქნები. ვფიქრობ, პრეზიდენტი არავისზე უნდა იყოს დამოკიდებული. ასეთმა ლიდერებმა სადამდეც მიგვიყვანეს, უკვე ვნახეთ. მე "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტიც ვიქნები, "ქართული ოცნებისაც", ლეიბორისტებისაც...

თეიმურაზ მჟავია:

- პრეზიდენტი და პრემიერი ერთი გზით უნდა მიიკვლევდნენ გზას, ტანდემი უნდა იყოს.

- ვინ არიან თქვენი მხარდამჭერები? როგორია ის სოციალური სეგმენტი, ვისგანაც ხმების მიღების იმედი გაქვთ? წინასაარჩევნო კამპანიაში ალბათ, ასე თუ ისე, გამოიკვეთებოდა.

ლევან ჩაჩუა:

- რეგიონებში, ჩემი ძირითადი ამომრჩეველი - ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური რწმენის მქონე მრევლია. ის ადამიანები, ვისთვისაც სამშობლოს ცნება, პატრიოტიზმი და სარწმუნოება ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინც ტრადიციებს სცემს პატივს. პირდაპირ მითხრეს: - თქვენ რომ არ გამოჩენილიყავით, არჩევნებზე წასვლას არც კი ვაპირებდით და ახლა თქვენი მხარდამჭერები ვართო. მიხარია, რომ იმ ხალხს იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა.

თეიმურაზ მჟავია:

- ამომრჩეველთან აქტიურ შეხვედრებს ჯერჯერობით არ ვმართავ, მაგრამ იმ პერიოდში, როცა მხარდამჭერთა ხელმოწერებს ვაგროვებდი, მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიური შეხვედრები მქონდა და იმ დებულებებს ვაცნობდი, რაც ჩემს საარჩევნო პროგრამას საფუძვლად დაედო. რაღაც ნაწილი იზიარებდა, ნაწილს სოციალურ ასპექტებზე ჰქონდა გამახვილებული მეტი ყურადღება და მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლება-მოვალეობებს ეს ნაკლებად ეხება.

- რას იტყვით თქვენს კონკურენტებზე?

ლევან ჩაჩუა:

- ახლო ურთიერთობა არავისთან მაქვს. როგორც ქრისტიანმა, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მათგანს პატივს ვცემ, ჩემს კამპანიას სხვის ლანძღვასა და დამცირებაზე არ ავაგებ. მგონი, საზოგადოებამ ისედაც ყველაფერი კარგად იცის. არავის განვიკითხავ, უბრალოდ, ჩვენ ჩვენს ხედვებს წარმოვადგენთ. არჩევნების დისკრედიტაცია მიზანმიმართულად მიმდინარეობს, რასაც ამდენი კანდიდატის არსებობაც ადასტურებს. ვნახოთ, რა იქნება. ბატონ თემურ მჟავიას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მისი და საერთოდ, ყველა კანდიდატის მიმართ პოზიტიურად ვარ განწყობილი. უბრალოდ, ამომრჩეველს ერთ რამეს ვთხოვ: ნუღარ მოვტყუვდებით! როცა ადამიანი ერთხელ და ორჯერ რაღაცას შეგპირდება, დაუჯერებ და არ შეგისრულებს, მისი ბრალია, მაგრამ როდესაც იგივე ადამიანი ბევრჯერ მოგატყუებს, მხოლოდ მისი ბრალი აღარაა; ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს უკვე საზოგადოების სიბრიყვეა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ბრიყვი კი არა, ბრძენია და იაფფასიან დაპირებებზე აღარ წამოეგება.

თეიმურაზ მჟავია:

- მინდა, ყველა მათგანს წარმატება ვუსურვო. ყველას ვიცნობ. ზოგს ძალიან ახლოს, ზოგს - შორიდან. ზოგიერთთან დისტანციური ურთიერთობა მაქვს. პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში ყოფნა უკვე გარკვეული პოლიტიკური წარმატების ნიშანია და მინდა, თითოეულმა მათგანმა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს. ლევან ჩაჩუას ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ მის შესახებ გამიგონია, რომ დადებითი პიროვნებაა, პროფესიონალი. ვიცი, რომ საკუთარი სამშობლო უყვარს და შეუძლია, იღვაწოს მისთვის. ბოლო სიტყვა ამომრჩეველმა უნდა თქვას. .

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა