რაზე ოცნებობს მედეა ლორთქიფანიძე

რაზე ოცნებობს მედეა ლორთქიფანიძე

მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე ლეპტოპის შეძენაზე ოცნებობს. როგორც საუბრისას აღნიშნა, თუ სურვილი აუხდება და ლეპტოპის პატრონი გახდება, მაშინვე დარეგისტრირდება სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე".

- პლანშეტი არ მინდა, რადგან პატარაა, მე კი კარგად ვერ ვხედავ კლავიატურასა და შრიფტს. თუ ნატვრა ამიხდება და ლეპტოპს შევიძენ, "ფეისბუკზე" მაშინვე შევქმნი საკუთარ გვერდს, სახელწოდებით "მანანა ბებოს რჩევები".

- "მანანა ბებოს რჩევებს" რატომ დაარქმევთ?

- სერიალიდან ყველა, როგორც მანანა ბებოსა და ქოთქოთა დედამთილს, ისე მიცნობს. ჰოდა, ამ გვერდის საშუალებით ისეთ საინტერესო რჩევებს მივცემ დედამთილებს, რძლებს, სიდედრებსა და სიძეებს, რომ საუკუნეების განმავლობაში რძალ-დედამთილსა და სიძე-სიდედრს შორის ჩამოყალიბებული ქიშპობა აღარ იქნება.

- დედამთილის სახეს მშვენივრად ქმნით ეკრანზე. ვფიქრობ, მომავალში ბევრ მეგობარს შეიძენთ "ფეისბუკზე".

- მეც მგონია, რომ კარგად წავა საქმე: ბევრი მომწერს, გამიზიარებს საკუთარ წუხილსა და დარდს, მე კი მათ შეძლებისდაგვარად დავეხმარები, რჩევას მივცემ. რეალურ ცხოვრებაში სიდედრი ვარ. არაჩვეულებრივი სიძე მყავს, ბუნჩულა ადამიანია. მე ბუნებით ხმაურიანი, მაგრამ კარგი სიდედრი გახლავართ. სიძეს ვეუბნები ხოლმე: ჩემი სურათი გულით უნდა ატარო-მეთქი...

- კომპიუტერთან მუშაობა იცით?

- ორი შვილიშვილი მყავს: ნიცა და რატი. რატი 4 წლის არის და უკვე რაღაც-რაღაცები იცის. ის დამეხმარება კომპიუტერის ათვისებაში. რაც შეეხება ნიცას, ის პატარაა. თავიდან მავიწყდებოდა მისი სახელი და ხან საფრანგეთის საკურორტო ქალაქს ვეძახდი და ხანაც - რიო-დე-ჟანეიროს (ეცინება). ახლა დავიმახსოვრე. ენაცვალოთ ბებო ჩემს შვილიშვილებს!..

- თქვენი შვილიშვილები თუ უყურებენ "ჩემი ცოლის დაქალებს" და როგორი რეაქცია აქვთ, როდესაც ეკრანზე გხედავენ?

- როცა სერიალი იწყება, მაგ დროს უკვე სძინავთ, მაგრამ შაბათ-კვირას ჯიუტობენ, დაძინებას სერიალის ყურება ურჩევნიათ. რატის ბოლო დროს გაუცხოება დაეწყო ჩემ მიმართ. სახლში ძალიან თბილი და ყურადღებიანი ვარ, ეკრანზე კი მხედავს ისეთს, როგორი როლიც მაქვს. ჰოდა, ბავშვი დაიბნა; ხანდახან ვეღარ ხვდება, რეალურად როგორი ვარ. ცუდი ის არის, რომ ბოლო დროს უწმაწური სიტყვებითა და ჟარგონებით ლაპარაკი დაიწყო, ეს კი დიტოს (ბაბულიკას) დამსახურებაა. ცუდია, რომ პატარები ასეთ რაღაცებს იმახსოვრებენ.

- სხვა საინტერესო შემოთავაზებებიც ხომ არ გაქვთ?

- ჯერ არაფერი შემოუთავაზებიათ. ამ სერიალმა სიცოცხლე გამიხანგრძლივა და გამახალისა. მადლობას ვუხდი ეკა მჟავანაძეს, რადგან მისი დამსახურებით დამამტკიცეს მანანას როლზე. კიდევ, მადლობას ვუხდი ჩემს ჰიჩკოკს - ასე ვუწოდებ სერიალის რეჟისორ გიორგი ლიფონავას. კარგი გუნდი ვართ და შედეგიც სახეზეა - სერიალი ყველამ შეიყვარა.

- ზოგიერთი ცნობილი ადამიანი ამბობს, რომ პოპულარობა მათთვის მომაბეზრებელი გახდა. თქვენს შემთხვევაში რა ხდება?

- მომღერლისა და მსახიობის ვალია, მაყურებელსა თუ მსმენელს მიანიჭოს ესთეტიკური სიამოვნება. შესაბამისად, მაყურებელი თავისი ყურადღებით უბრუნებს ხელოვანს სითბოს. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი პოპულარობამ დაღალა. პირადად მე, პატარა გოგოსავით მიხარია ქუჩაში გამვლელების ყურადღება. ბედნიერი ვარ, როცა მიღიმიან, თუმცა უხერხულ მდგომარეობაშიც ვვარდები მაშინ, როცა ტრანსპორტში ბილეთს მიღებენ ან უფასოდ მგზავრობას მთავაზობენ. ამას წინათ იუსტიციის სახლში ვიყავი საქმეზე და ისეთი ამბავი ატყდა, - მომსახურე პერსონალიც და მოქალაქეებიც გრძელ რიგში იდგნენ, ჩემთან ერთად ფოტო რომ გადაეღოთ და ავტოგრაფი ეთხოვათ. ჰოდა, იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც ხალხს უყვარხარ, რა უნდა იყოს?..

მასალაში გამოყენებულია  მიშო გოგიძის ფოტო

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია