თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ჯგუფ-ჯგუფად მოსიარულე უცხოელ სტუდენტებს, უმეტესწილად, აზიის, აფრიკისა და სამხრეთი ამერიკის ქვეყნებიდან. რამდენი უცხოელი სტუდენტი სწავლობს დღეს საქართველოში? რატომ ჩამოდიან და რა გზას ირჩევენ სწავლის დამთავრების შემდეგ, ბრუნდებიან თუ არა თავიანთ სამშობლოში? - ამ საკითხზე რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელს მივმართეთ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012-2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 1802 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, ხოლო კერძო სასწავლებლებში - 1108; სტატისტიკით, ყველაზე მეტი სტუდენტი ინდოეთიდან ჩამოდის, მათი რიცხვი 825-ს აღწევს, მომდევნო ადგილებზე კი აზერბაიჯანი, ნიგერია, თურქეთი, რუსეთი და შრი-ლანკა არიან..
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში გვითხრეს, რომ "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჟამად უცხოეთის ქვეყნების 250-მდე მოქალაქე სწავლობს. სწავლების ენა ქართული, ინგლისური და რუსულია. უცხოელი სტუდენტები უპირატესობას ანიჭებენ მედიცინის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, ასევე, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის მიმართულებებს"...
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მისვლისას ერთ-ერთ უცხოელ სტუდენტს გავესაუბრეთ. რობინ სპერზიონი, სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი: - ინდოეთიდან ვარ, დელის გარეუბან ჯანაიდან. მინდა, ექიმი გავხდე, აქ კარგი განათლების მიღების ყველანაირი საშუალებაა, გადასახადიც შედარებით ნაკლებია. სამედიცინო ფაკულტეტზე მრავალი ინდოელი, შრი-ლანკელი სწავლობს და სწავლის დამთავრების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კარგ სამსახურსაც შოულობს, უმეტესობა ინდოეთში იწყებს სამსახურს, თუმცა, აშშ-სა და ინგლისშიც მუშაობენ. სწავლების დონით კმაყოფილი ვარ.
- გყავთ ქართველი მეგობრები? მათთან ურთიერთობისას პრობლემები თუ გექმნებათ?
- ქართველი მეგობრებიც მყავს და ინდოელებიც, არავითარი პრობლემა არ მექმნება, კომუნიკაბელურები არიან... ინდოელები ერთად ვცხოვრობთ, ბინებს ქალაქის სხვადასხვა უბანში ვქირაობთ, შესაძლებლობის მიხედვით, ვცდილობთ უნივერსიტეტთან ახლოს ვიყოთ.
- სწავლის დამთავრების შემდეგ რა გეგმები გაქვთ?
- ინდოეთში დავბრუნდები, ჩვენთან ექიმი ძალზე დაფასებულია, პატივს სცემენ, ერთ-ერთი პრესტიჟული პროფესიაა.
ამის შემდეგ კომენტარისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი გიორგობიანს მივმართეთ: - სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ამჟამად 1114 უცხოელი სწავლობს, თუმცა, რამდენიმე დღეში 300-400 სტუდენტი შემოგვემატება.
- არსებობს მოსაზრება, რომ უცხოელი სტუდენტები თქვენს უნივერსიტეტს სწავლის სიიაფის გამოც არჩევენ.
- სწავლა არცთუ იაფია და მარტო ამის გამო ნამდვილად არ მოდიან, საკმაოდ სოლიდური თანხაა გადასახდელი - 5.000 დოლარი, რაც იმავე ინდოელისთვის, შრი-ლანკელისთვის არც თუ ცოტაა.
ნინო კვიტაშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)