ვინ აპირებს ივანიშვილის გარემოცვიდან სიტუაციის არევას?

ვინ აპირებს ივანიშვილის გარემოცვიდან სიტუაციის არევას?

საქართველოში დიდი არეულობაა მოსალოდნელი, წინასაარჩევნოდ უკვე ამოქმედდნენ როგორც გარე, ისე შიდა ძალები. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას იმაზეც მიანიშნა, რომ მისი წასვლის შემდეგ, მისივე გარემოცვიდან რამდენიმე პიროვნება აპირებს სიტუაციის არევას. როგორც "სახალხო კრების" წევრი - ლაშა ამირეჯიბი ამბობს "ალიასთან" საუბარში, რამდენიმე პიროვნება და ასევე, რამდენიმე ჯგუფი, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ აპირებს სიტუაციის არევას, არამედ ეს მოხდება არჩევნებამდე.

- ლაშა, რა ინფორმაცია გაქვს და რაზე დაყრდნობით ამბობ, რომ არჩევნებამდე სიტუაცია გამწვავდება?

- მე წავიკითხე "ალიაში" ლალი მოროშკინას ინტერვიუ და სავსებით ვეთანხმები, ჩვენ პრემიერ-მინისტრი გვჭირდება ჯანმრთელი და ცოცხალი, თუ მას აიძულებენ, ჩავიდეს კონფლიქტურ რეგიონებში, იქ მართლაც შეიძლება მოუწყონ რაღაცა. თუ ჩასვლაა საჭირო, ჩვენ ჩავალთ, არ არის აუცილებელი, იქ ივანიშვილის ჩასვლა. სერგეენკო ხომ ჩავიდა. მე ადრეც ვამტკიცებდი, რომ საქართველოში არსებობენ როგორც რუსული, ასევე ქართული ფოკუსჯგუფები, ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. სააკაშვილი ანაკლიაში ჩავიდა რუსების გასაღიზიანებლად, რატომღაც არავის სჯერა, რომ რუსებმა საქართველოში ფესვი უკვე კარგად გაიდგეს. ისინი ახლა შეეცდებიან, საპრეზიდენტო არჩევნები ჩაშალონ, ხოლო ვადამდელ საპრლამენტო არჩევნებში თავიანთი ხალხი გაიყვანონ. აშკარაა, რუსები საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს აგებენ, სამაგიეროდ, სიტუაციას დაძაბავენ. მიშა ამ ეტაპზე კარგად ასრულებს რუსეთის დავალებას, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რუსებიც ძალიან დიდ გასაჭირში არიანო. მან რუსები არ ახსენა დადებით კონტექსტში, აქ უკვე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვიც, რომ კრემლი კვლავ ამზადებს რაღაც დიდ პროვოკაციას. რუსები ძალიან კარგად ხედავენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მიდის, ამიტომ ცდილობენ, თავიანთი საქმე მანამდე მოაგვარონ, ანუ ევრაზიულ კაშვირში ჩვენი შესვლა დაიბევონ. სანამ წავა, ეს მანამდე უნდა მოხდეს, თორემ შემდეგ ძალაუფლება შეიძლება ისეთმა ადამიანებმა ჩაიგდონ ხელში, რუსები გაღიმებულები დარჩნენ. არავინ იცის, პრემიერის წასვლის შემდეგ რა მოხდება. როდესაც ბატონი ბიძინა მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე ლაპარაკობს, აქედან ერთ- ერთი არის დავით უსუფაშვილი, ეს ადამიანი ნამდვილად არ არის უნიჭო, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს - "რესპუბლიკელია". რა თქმა უნდა, რუსეთს "რესპუბლიკელების" უფრო მეტად გაძლიერება არ აწყობს, მათ უკან დგას ამერიკის ელჩი - რიჩარდ ნორლანდი. შენ როგორ გგონია, რატომ შემოაგდო ირინა იმერლიშვილმა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასვლა ეკრძალებათ?

- როგორც ვიცი, ეს იყო გათვლილი ეჭვმიტანილებზე, თუმცა რაღაც ბუნდოვანი იყო მაინც, მაგრამ ეს კანონპროექტი აღარ განიხილება, უკან გაიტანეს...

- კი, აღარ განიხილება, მაგრამ მცდელობა ხომ იყო? ეს იყო გათვლილი იმ შემთხვევაზე, თუ დავით უსუფაშვილი გახდებოდა პრემიერ- მინისტრი, უცხოეთში გასვლის აკრძალვა ვისზე გავრცელდებოდა, ჩვენ არ ვიცით. მიხეილ სააკაშვილი ამას აკეთებდა ცემა- ტყეპით, მაგრამ ამათ დააპირეს ცოტა რბილად, ანუ კანონის მოშველიებით.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან აქტიურად მუშაობენ დღეს როგორც შიდა, ისე გარე ძალები, ეს იცის პრემიერ- მინისტრმაც. თუ მან ექსპერტებთან შეხვედრისას თქვა, - როცა წავალ, მთავრობას არ გავაკონტროლებო, ახლა ამბობს, - რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული კონტროლი მექნებაო... ამავე დროს, ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს "გავარვარებული" "ნაციონალები" "ქართულ ოცნებაში"არიან, მათ კოალიციის სხვადასხვა პარტიებს შეაფარეს თავი და როგორც კი განკარგულებას მისცემენ, დაიწყეთო, ეგრევე დაიწყებენ. არსებობს ძალიან დიდი შანსი, რომ თვითონ პარლამენტშივე დაიწყოს დიდი არეულობა.

- ივანიშვილს არ უხსენებია "ნაციონალები", მან თქვა, ჩემს გუნდში არიან ისეთები, რომლებიც არევას შეეცდებიანო...

- კი, ბატონო, ბიძინა ივანიშვილმა ერთი- ორზე მიანიშნა, მაგრამ იქ არის 5- 7 ადამიანი, რომელიც სიტუაციას მალე დაძაბავს. როდესაც რუსები გასცემენ მითითებებს, სიტუაცია ქუჩაშიც აირევა, პარლამენტშიც, "ნაციონალებიც" გამოჩნდებიან, "ზონდერებიც" და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებიც. აქ ძალიან სერიოზული წრედი იკვრება. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში რაღაც გარკვეულ ძალებს დაემატებიან მამალი "ნაციონალები" და შიგნითვე შეიტანენ არეულობას.

- იქნებ დავაკონკრეტოთ, რა ძალები აპირებენ არეულობის დაწყებას?

- მოდი, ასე დავაყენოთ საკითხი, - რამდენია დღეს უმრავლესობაში უკმაყოფილო? იქ არის 7- 8 კაცი, რომლებიც უკმაყოფილებას ვეღარ მალავენ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ამათ ემატება უმცირესობა. ახლა პრემიერ- მინისტრს შიგნითვე უკიჟინებენ, - თქვენ მემკვიდრეს ვერ დატოვებთ, პარლამენტმა უნდა აირჩიოსო. რა თქმა უნდა, კანონით ასეა, პარლამენტმა უნდა აირჩიოს პრემიერ- მინისტრი, მაგრამ უკვე არის საშიშროება, რომ ივანიშვილს არ დაუმტკიცონ თავისი მემკვიდრე. მას უსვამენ შეკითხვას, - რომ არ ავირჩიოთ შენი მემკვიდრე, მერე, რაო? ეს დეპუტატები, რომლებიც ასე ლაპარაკობენ კულუარებში, თავიანთი მოქმედებებიდან გამომდინარე, მიუღებლები არიან პრემიერ- მინისტრისთვის. ვიმეორებ, ბატონმა ბიძინამ სიმართლე თქვა, შიგნით ჰყავს მას ისეთი ადამიანები, რომლებიც სიტუაციას აურევენ. პრემიერს თავისი მემკვიდრის არჩევის შემთხვევაში აუცილებლად შეექმნება პრობლემები.

- უკვე ვრცელდება ინფორმცაია, რომ გუბაზ სანიკიძემ თითქმის დატოვა უმრავლესობა. მე საერთოდაც მაინტერესებს, სად გაქრა კახა შარტავა, სად არის რეზო შავიშვილი და რატომ დადუმდა გუბაზ სანიკიძე? ეს ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ აქტიურები, ვიფიქრებდი, ასეთები არიან- მეთქი, მაგრამ მათი წარსულიდან გამომდინარე, თან მაეჭვებს, თან ვფიქრობ, დუმილი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.

- არ ვიცი, გუბაზ სანიკიძე წავიდა თუ არა უმრავლესობიდან, მაგრამ, ფაქტობრივად, ეს ადამიანი არ ითვლება უმრავლესობის წევრად, საერთოდ, გაჩუმებულია და არ ჩანს. ჩემი ინფორმაციით, მათ თავიდანვე ვერ მოილაპარაკეს ბიძინა ივანიშვილთან და დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში. ჩემი აზრით, ცოტა ხანში "ფორუმი" სხვა გზას დაადგება.

სხვათა შორის, ძალიან მაფიქრებს "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოს ამბავიც, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო ალაპარაკდა. გავიხსენოთ, ამას წინ უძღოდა ირაკლი ალასანიას ტელევიზიით გამოსვლა, მან ახსენა ეს ვიდეო და ისიც თქვა, გამოძიებული არ არისო. არა მგონია, ეს ვიდეო აფხაზეთიდან იყოს ატვირთული, მაგრამ აქ მთავარი ირაკლი ალასანიას აქტიურობა იყო. ამით ის შინაგან საქმეთა მინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილს დაუპირისპირდა...

- რა თქმა უნდა, ირაკლი ალასანიას შეეძლო დაერეკა ირაკლი ღარიბაშვილისთვის და ამის შესახებ ეკითხა.

- რატომღაც, ირაკლი ალასანიას ეს თემა არჩევნების წინ გაახსენდა, მან წამოსწია ეს თემა და დაარტყა ირაკლი ღარიბაშვილს. თუკი მას გამოძიების რესურსი არა აქვს, მაშინ ჩემს ძალებს ჩავრთავო. საინტერესოა, მართლაც, რატომ არ დაელაპარაკა ღარიბაშვილს და მიანცდამაინც ახლა რატომ წამოსწია ეს თემა? ხომ არ დაადგა უკვე ირაკლი ალასანია სხვა გზას? ძალიან დიდი შანსია, რომ არჩევნების შემდეგ ირაკლი ალასანია კოალიციას დაემშვიდობოს და თავისი ამბიციები დაიკმაყოფილოს. ორივე ირაკლი წარმატებული მინისტრია, მაგრამ აქ უკვე ალასანიას მხრიდან დაიწყო პოლიტიკური დაპირისპირების პროცესი. ვიმეორებ, რატომღაც მას "თალიბანის" თემა დღემდე საერთოდ არ ახსოვდა და ახლა უცებ ამოაგდო. ზუსტად ახლა არ არის იმის დრო, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს კრიჭაში ჩაუდგეს. ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს არჩევნების შედეგებზე. შესაძლოა, ალასანიას გულში წყენაც ჰქონდეს ჩარჩენილი, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ის საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაასახელა.

- შესაძლებელია ასეც არის, მაგრამ მაინტერესებს კიდევ ერთი რამე, - რატომ იცავს ბიძინა ივანიშვილი თავის მთავრობის წევრებს მუდმივად და მაშინაც კი, როცა არაფერს ეკითხებიან?

- სწორედ ეგ უნდა მეთქვა ახლა, ბიძინა ივანიშვილი მუდმივად დაკავებულია თავისი ხელისუფლების გათეთრებით. ჩამოვთვლი იმ მინისტრებს, რომლებსაც არ სჭირდებათ დაცვა: სერგეენკო, ღარიბაშვილი, არის კიდევ ერთი- ორი მინისტრი, რომელიც საქმეს აკეთებს, დანარჩენები საერთოდ არ ჩანან. ივანიშვილი დღეს მარტო მუშაობს ამ ორ- სამ კაცთან ერთად. ივანიშვილი ცდილობს, ხალხს ჩაუდოს თავში, რომ მისი მინისტრთა კბაინეტი არის ქმედითი და ძალიან ძლიერი, მაგრამ ეს ასე არ არის. დაუკვირდი, ექსპერტებთან შეხვედრისას და ჟურნალისტებთანაც მუდმივად აქებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ირაკლი ღარიბაშვილს, ამას იმიტომ აკეთებს, რომ მთავრობას მლთიანად გაუკეთოს სახელი, ანუ ამ კაცს რაც აქვს სატრაბახო, მხოლოდ იმით ტრაბახობს.

- ესე იგი, ივანიშვილი სხვა მინისტრებს ვერ აჩენს?

- შეიძლება ასეც ითქვას, საერთოდ, მინისტრზე ბევრი რამეა დამოკიდებული, ხვალ ღარიბაშვილს უცბად თავში რომ მოუვიდეს აზრი და პოლიციას ვიღაცების დარბევის ბრძანება მისცეს, რა თქმა უნდა, ისინი უსიტყვოდ შეასრულებენ. ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რა ბრძანებებს იძლეოდა ვანო მერაბიშვილი და რა ბრძანებებს იძლევა ირაკლი ღარიბაშვილი, აქ ძალიან კარგად ჩანს მისი სინდისი და უსინდისობა. სიტყვა "სინდისს" ვახსენებ იმიტომ, რომ ზოგიერთ სამინისტროში და პარლამენტშიც, ამის დეფიციტია. ბიძინა ივანიშვილი კი არ უნდა დაელოდოს, რომ პარლამენტში ვინმე სიტუაციას არევს, არამედ უნდა გაატაროს პრევენციული ზომები, თორემ შეიძლება პროცესები უმართავი გახდეს. რომ არ იყვნენ "ნაციონალები" და გარე ძალები ჩასაფრებულები, შეიძლება დუმილი უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ვდგავართ ფეთქებად ზღვარზე. არჩევნებამდე ყველანაირი გართულება ხელს აძლევს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც, ალბათ, დამეთანხმები, სიტუაციების გამოყენების დიდოსტატია.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

ასევე იხილეთ: ვინ და როგორ გეგმავს ივანიშვილზე ტერაქტის მოწყობას?

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა