საქართველოში ყოველი მეათე ადამიანი შიმშილს ებრძვის

საქართველოში ყოველი მეათე ადამიანი შიმშილს ებრძვის

მსოფლიოში ყოველ მე-8 ადამიანს საკვების ქრონიკული ნაკლებობა აქვს, საქართველოში კი ყოველი მე-10 ადამიანი იმდენად გაჭირვებულია, რომ ის სახელმწიფოს შემწეობის იმედადაა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც დახმარებას ყოველთვიურად იღებს, 442 298-ია, ანუ მთლიანი მოსახლეობის 9,8%.

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ მე-8 ადამიანს საკვების ქრონიკული ნაკლებობა აქვს. ორგანიზაციის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ სიღარიბესთან ბრძოლაში წარმატებების მიუხედავად, 842 მილიონამდე ადამიანს საკვების დეფიციტი აწუხებს. აქედან 16 მილიონი მდიდარ ქვეყნებში შიმშილობს.

როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსები აცხადებენ, შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლა თანაბრად არ მიმდინარეობს. აფრიკის სამხრეთ ქვეყნებში მდგომარეობა რთულია, ასევე არ შეინიშნება პროგრემი დასავლეთ აზიაში. ორგანიზაციის განცხადებითვე, შიმშილის დასამარცხებლად ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი ეკონომიკის ზრდაა.

რაც შეეხება საქართველოს, აქაც დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა. ყოველი მეათე ადამიანი სახელმწიფოს საარსებო შემწეობის იმედადაა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 9 თვის განმავლობაში თითქმის 1,2%-ით შემცირდა. თუ 2012 წლის დეკემბრის მონაცემებით, ბაზაში სულ 1 672 115 ადამიანი იყო რეგისტრირებული, 2013 წლის სექტემბრის მონაცემებით ეს ციფრი 1 667 324-მდე ჩამოვიდა.

თუმცა, აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში საარსებო შემწეობა დამატებით 3 931 ოჯახს დაენიშნა. სექტემბერში შემწეობებზე ბიუჯეტიდან 24 089 259 ლარი გამოიყო - 945 ათასით მეტი, ვიდრე აგვისტოში. სააგენტოს ინფორმაციით, ბაზაში რეგისტრირებულია დამატებით 18 127 ოჯახი, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000-ზე ნაკლებია, მაგრამ საარსებო შემწეობა არ მიუღიათ. მათ ნაწილს შემწეობა შეუჩერდა, ზოგიერთ ოჯახს დამატებითი შესწავლა სჭირდება, ნაწილს კი შემწეობა მომდევნო თვეებში აღუდგება.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის შეფასება კი სპეციალური მეთოდით ხდება, რომლის შეცვლა უახლოეს პერიოდში არ იგეგმება, თუმცა კრიტერიუმები დაიხვეწება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დღეისათვის სხვა კრიტერიუმით მოსახლეობის შეფასება, გარდა შინამეურნეობის ქონებრივი მაჩვენებლისა, ვერ მოხერხდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 57 001-ზე, ერთსულიანის შემთხვევაში, დახმარების სახით 60 ლარს იღებს. ორი და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ოჯახის უხუცეს წევრზე 60 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე 48 ლარი გაიცემა.

სტატისტიკურ მონაცემებში დაფიქსირებული ეს მინიმალური ცვლილება, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ ქვეყანაში გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა ასევე მინიმალურად შემცირდა და ბაზიდან ამოღებულთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, ასე არ არის და ქვეყანაში სოციალური ფონი დღემდე არ შეცვლილა. მიმდინარე ეკონომიკური პროცესები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში გაჭირვებული ადამიანების რიცხვი შემცირდა.

ექსპერტი ეკონომიკურ-სოციალურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე მიიჩნევს, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობის დადგენის ფორმულა სწორია და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

"თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 70 ათას ქულაზე მეტი ვისაც აქვს, კარგად ცხოვრობს და მას არ სჭირდება სოციალური შემწეობის მიღება. ამ 9,8%ში შედიან ის ადამიანები, რომლებიც ამ შემწეობის მიღებას ყველაზე მეტად საჭიროებენ.

რაც შეეხება თავად მეთოდოლოგიას და კრიტერიუმებს, ის მართლაც სწორადაა შერჩეული და კრიტიკას არ ექვემდებარება. მთელი უბედურება ისაა, რომ ეს არის ერთადერთი იარაღი, რომელიც სიღარიბის შეფასებისას გამოიყენება", - განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.

მისივე თქმით, 10% საქართველოსთვის არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ამ დროისთვის კონკრეტული არაფერი კეთდება, რომ ეს ციფრი შემცირდეს.

"სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადი შეტანილი აქვს 500 ათას ოჯახს, რაც ძალიან ბევრია. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროგრამით ქვეყანაში მოსახლეობის მენტალური წახალისება მოხდა. ადამიანები ერთმანეთის კონკურენტები გახდნენ. ნაცვლად იმისა, რომ მათი სიღარიბიდან გამოსავალი მოეძებნათ, სიღარიბისკენ მენტალურად გადაიხარნენ და სახელმწიფოს ხელებში შეჰყურებენ", - დასძინა კაპანაძემ.

საერთოდ, სიღარიბე კეთილდღეობის ნაკლებობის მაჩვენებელია. მისი მაჩვენებლის სიდიდე კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რის მიხედვით ანგარიშობენ მას ამა თუ იმ ქვეყანაში. თუკი დასავლეთ ევროპაში სიღარიბის მაჩვენებლის გათვლისას მნიშვნელოვანი "მისაწვდომობის კომპონენტია" (ანუ მოქალაქის ხელმისაწვდომობა სასურველი განათლების მიღებაზე, მაღალხარისხიან ჯანდაცვაზე, უსაფრთხო საკვებსა და ა.შ.), საქართველოში იგი მინიმალურ სასურსათო კალათას დამატებული მინიმალურ არასასურსათო ხარჯებთან ასოცირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპისა და ამერიკის მთელ რიგ ქვეყნებში სიღარიბის მაჩვენებლის გაანგარიშებისას ყურადღება ექცევა ისეთ კომპონენტსაც, როგორიცაა თანაფარდობა, რომელიც ოჯახის საერთო შემოსავალსა და სურსათის შესყიდვაზე დახარჯულ თანხებს შორის არსებობს. საერთოდ, ითვლება, რომ თუ სურსათზე დახარჯული თანხა საერთო შემოსავლის მესამედზე მეტია, მაშინის ოჯახი ღარიბია.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია