რა საფრთხე ემუქრებათ თბილისის მეტროპოლიტენის მგზავრებს

რა საფრთხე ემუქრებათ თბილისის მეტროპოლიტენის მგზავრებს

არც ისე დიდი ხნის წინ, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დილის საათებში ანუ იმ დროს მოხდა, როცა აქ ხალხმრავლობაა. მეტროს თანამშრომლების თქმით, ცეცხლი მატარებლის ელექტროძრავს მოედო, მოხდა სწრაფი დაკვამლიანება და ყველაფერი შეიძლება დიდი ტრაგედიით დასრულებულიყო, მემანქანეს რომ არ ეყოჩაღა და ცეცხლი დროულად არ ჩაექრო. ეს ამბავი არსად გახმაურებულა - თბილისის მერიამ იზრუნა, ჟურნალისტებს არაფერი შეეტყოთ. არადა, როგორც მეტროში დასაქმებული პერსონალი ამბობს, ასეთი შემთხვევები ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა, გიგი უგულავას უწყება კი ყველაფერს აკეთებს, ეს ამბავი არ გახმაურდეს.

"ვერსიამ" სკანდალური რამ გაარკვია - ამგვარი შემთხვევების მიჩქმალვის რეალური მიზეზი ის გახლავთ, რომ მეტროს სპეციალისტების თქმით, უგულავამ, ერთ დროს, ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი, გადაადგილების ყველაზე საშიშ საშუალებად აქცია; დღეს კი ყველაფერი კეთდება, რომ მეტროსთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი დანაშაული, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს.

რა დანაშაულს ვგულისხმობთ? - სპეციალისტების თქმით, მეტროს თანმიმდევრული ნგრევა ხელისუფლებაში ნაციონალების მოსვლისთანავე დაიწყო. აქ იმდენი დარღვევაა, ყველას ჩამოთვლა ერთ საგაზეთო სტატიაში შეუძლებელია, ამიტომ, ჯერჯერობით, მხოლოდ მთავარზე მოგახსენებთ - ისეთი შემთხვევა, როგორიცაა მატარებლის ძრავაზე ცეცხლის გაჩენა, მომაკვდინებელ საფრთხეს შეიცავს, რადგან ფულის კეთებაზე დახარბებული ნაციონალების დამსახურებით, მეტროს გვირაბები სავსეა მასალებით, რომლებიც ცეცხლის გაძლიერებას უწყობს ხელს. უკვე ვწერდით, რომ დედაქალაქის მთავრობაში მოსვლისთანავე, უგულავას ბრძანებით, თბილისის მეტროპოლიტენში სარემონტო სამუშაოები დაიწყო. პროცესი საკმაოდ კურიოზულად წარიმართა: ბევრ სადგურში კედლებიდან ჩამოხსნეს ძვირადღირებული მარმარილოს ფილები და მათ ნაცვლად, ააკრეს "პლასტიკატები", რომელიც ელიავას ბაზრობაზე, 1 კვადრატული მეტრი 5 ლარი ღირს. ცხადია, ეს ფულის მოტეხვის მიზნით გაკეთდა. სპეციალისტების თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა ქალაქის მერია უპატიებელ დანაშაულს სჩადის საკუთარი მოსახლეობის წინაშე - უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, არსებობს საერთაშორისო ნორმები, რომელთა მიხედვით, კატეგორიულად დაუშვებელია მეტროს გვირაბებში პლასტმასის გამოყენება - მეტიც, ამის გაკეთება დანაშაულად მიიჩნევა; მიზეზი გასაგებია: თუ მეტროში რაიმე მიზეზით ცეცხლი გაჩნდება, ნაკლები შანსი უნდა არსებობდეს, რომ ცეცხლი ახლომახლო არსებულ საგნებს გადაედოს, პლასტიკატი კი აალების შესანიშნავი საშუალებაა. მოკლედ, გიგი უგულავამ და ანდრო ალავიძემ, მეტროპოლიტენის თავის ძმობილ და ამფსონ ხელმძღვანელებთან - ლევან კოპლატაძესთან, მიხეილ ჭელიძესთან... ერთად კონვენციებიც უგულებელყვეს, უსაფრთხოების ნორმებიც და ის გააკეთეს, არც ერთ ქვეყანაში მეტროს მესვეურებს აზრადაც რომ არ მოსვლიათ:

მეტროს გვირაბები, პლასტიკატების წყალობით, ხანძრის კერად იქცა! "ვერსიის" წყაროს ინფორმაციით, მერიისა და მეტროს წარმომადგენლებმა იცოდნენ, დანაშაულს რომ ჩადიოდნენ, ამიტომ ცდილობდნენ, "გაეპრავებინათ" თავიანთი სქაციელი და ათასნაირ უნიჭო ჭორს ავრცელებდნენ სხვადასხვა სამსახურის დახმარებით; მაგალითად, სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ მეტროში პლასტიკატების გაკვრა საშიში არაა, რადგან ამ პლასტიკატებს მისხმული ჰქონდა ისეთი ხსნარი, რომელსაც ცეცხლი არ უჩნდებოდა. ბევრმა ეს ტყუილი დაიჯერა კიდეც, მაგრამ ეს უგულავას იაფფასიანი "ტრიუკი" იყო.

ასეთი ხსნარი მართლაც არსებობს, ოღონდ ძალიან ძვირი ღირს და მდიდრულ ოფისებში იყენებენ ხალიჩებისა და ფარდების დასამუშავებლად. მეტროსთვის კი მისი შეძენა შეუძლებელი იქნებოდა სიძვირის გამო და უაზროც, რადგან პლასტიკატი ხსნარით არ იჟღინთება... მოკლედ, სულელური ჭორები ავრცელა სახანძრომ, იმის ნაცვლად, თვითონვე გაეპროტესტებინა ის, რაც მეტროში ხდებოდა. გაპროტესტებით არ გაუპროტესტებია, მაგრამ დანაშაულის ნიშნები იმდენად დიდი იყო, რომ ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებაზე ხელი არ მოაწერა. მეტროს სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ახლა მაინც მიიღებენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ზომებს, გააპროტესტებენ მეტროპოლიტენის გვირაბების პლასტმასის მასალებით გავსებას და ამ პლასტიკატების მოხსნას მოსთხოვენ ხელისუფლებას.

საფრთხის მასშტაბების გასააზრებლად, მეტროს თანამშრომლებთან საუბრის შემდეგ, ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტებსაც მივმართეთ. ტექნიკურ უნივერსიტეტში მიწისქვეშა სათავსოებისა და სამუშაოების სპეციალისტებმა მითხრეს, რომ მხოლოდ მეტროში კი არა, ნებისმიერ შახტსა თუ სატრანსპორტო გვირაბში დაუშვებელია პლასტიკატების რაიმე ფორმით გამოყენება; მათი თქმით, მეტროპოლიტენი ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა: ხანძრის შემთხვევაში ისედაც გაუმართავად მომუშავე ვენტილაციის სისტემა ვერ უზრუნველყოფს გვირაბის დახურულ სივრცეში დაგროვილი კვამლის გაწოვას და... შესაძლო შედეგებზე წარმოუდგენელია საუბარი. მოკლედ, კოჰაბიტაციას რა ვუთხარით, თორემ მარტო ეს დანაშაულია საკმარისი უგულავასა და მეტროპოლიტენის თავკაცების პასუხისგებაში მისაცემად. ისე, საინტერესო კია, ახლა მაინც რატომ არავინ იღებს ხმას ამ დანაშაულთან დაკავშირებით? თუ, მიანცდამაინც, ტრაგედია უნდა დატრიალდეს, რომ დამნაშავეს პასუხი მოვთხოვოთ?

მეტროს თანამშრომელთა თქმით, აქ დარღვევათა მთელი კასკადია, რაც დანაშაულის ერთიან ჯაჭვს ქმნის - ასე, მაგალითად: მეტროს გვირაბები სისტემატურად უნდა ირეცხებოდეს დადგენილი ხარისხით, არადა, "ვერსიასთან" საუბრისას გვირაბებში დასაქმებული ტექნიკური პერსონალი ამბობს, რომ ეს იშვიათად ხდება; ასევე არ მუშავდება ტერიტორია შესაბამისი საშუალებებით. ამ გარემოებათა წყალობით, იქაურობა ვირთხებით, ბაღლინჯოებითა და კოღოებითაა სავსე, თუმცა ვირთხა და ბაღლინჯო რა მოსატანია იმ საფრთხესთან, რასაც სანიტარული ნორმების ეს დარღვევა შეიცავს:

სპეციალისტების მიერ დიდი ხანია დადგენილია, რომ მატარებლის ლიანდაგებზე ბორბლების ხანგრძლივი ხახუნის დროს გამოიყოფა რკინის მტვერი, რომელიც გვირაბში გროვდება და ჯანმრთლეობისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისი ზომების არგატარების შემთხვევაში, მეტროს მგზავრებსა და აქ მომუშავე პერსონალს, რკინის დაგროვილი მტვრის შესუნთქვა უწევს, რაც ძალიან მავნებელია.

ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ მეტროში მთლად უკან-უკან მიდის საქმე. მოგეხსენებათ, სატრანსპორტო ფუნქციის გარდა, მეტროპოლიტენს კიდევ ერთი დატვირთვა აქვს: ომის პერიოდში გვირაბებში მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოხდეს - ანუ მეტროს აქვს თავშესაფრის ფუნქციაც. აი, ამ ფუნქციას კი თბილისის მერია ომის გარეშეც მშვენივრად იყენებს: მეტროს პერსონალი ამბობს, რომ უგულავა-კოპლატაძემ ის ზონდერები, ადრე მიტინგებზე ხალხს თავპირს რომ ამტვრევდნენ, მეტროში, მონიტორინგის სამსახურში დაასაქმეს. ზონდერების გარდა, მეტროს სამსახურებში ნაციონალების ყოფილ სახეებსაც ბლომად შეხვდებით თურმე. მოკლედ, ვინმეს ნაციონალები თუ მოენატრება, მეტროში ნახავს - მეტრო მათ ბუდედ იქცაო, ამბობენ თანამშრომლები. არადა, ამ დროს ისე გაწმინდეს მეტროპოლიტენი პროფესიონალი კადრებისგან, რომ დღეს იქ სპეციალისტები თითებზე ჩამოსათვლელადაა დარჩენილი.

საინტერესოა ისიც, რომ უგულავა-კოპლატაძის კლანი მაქსიმალური მოგების მიღებისთვის იბრძვის. მოგეხსენებათ, დრონი მეფობენ და ცოტა ხანში კოჰაბიტაციაც დასრულდება ისევე, როგორც თბილისის მერიის არჩევნების შემდეგ დასრულდება გიგი უგულავას მერობის ხანაც. ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული უგულავას კლანში და ისედაც უზრუნველი მომავლის კიდევ უფრო გამყარებას ცდილობენ. "ვერსიის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ მიზნით ფულის გაკეთების ახალი გზა გამოჩხრიკეს: სატრანსპორტო კომპანია აპირებს თავის ბალანსზე არსებული ვითომ გამოუყენებელი და წამგებიანი ობიექტები სასწრაფოდ გაიტანოს ტენდერზე და გაასხვისოს. ტენდერი გარეშე პირთათვის თვალის ასახვევადაა მოგონილი. სინამდვილეში, მოქმედებს ნაციონალების მიერ შემუშავებული უნივერსალური სქემა, რომლის მიხედვით გაყიდული ობიექტი იაფად აღმოჩნდება კლანის რომელიმე მანამდე უცნობი წევრის ხელში ანუ მთელი ოპერაცია იმაში გამოიხატება, რომ ფული გადავა ერთი ჯიბიდან მეორეში.

აი ასეთი საქმის მოკვარახჭინებას ცდილობს მერია, რომლის დავალებით სატრანსპორტო კომპანია აპირებს ამავე კომპანიის პირველ სართულზე განთავსებული ოქროს ბირჟისა და სხვა სავაჭრო ობიექტების გაყიდვასაც, აქედან მიღებული შემოსავალი კი წელიწადში 600 ათას ლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, მას გამოუყენებელ ობიექტად გამოაცხადებენ და თუ გაასხვისეს, შემოსავლები უკვე მთლიანად კლანის ხაზინაში წავა. გასაყიდ ობიექტთა ნუსხაშია ასევე გლდანისა და ავჭალის ავტოპარკები, ავჭალის სერვისცენტრი და კიკეთის მუშათა გამაჯანსაღებელი კომპლექსი. ვაკის პარკთან არსებული საბაგიროს შენობა-ნაგებობებისა და მიწის ფართის გაყიდვაც ამ გეგმის ნაწილია. სხვათა შორის, ამ მეთოდით, წინა წლებში უკვე გააქრეს და მუშებს ჩუმად გაუყიდეს ბათუმში, დელფინარიუმთან, მათთვის აშენებული ცხრასართულიანი და ექვსასნომრიანი გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომელიც მათი შემოსავლის წყაროც იყო და დასვენების შესანიშნავი საშუალებაც.

მოკლედ, თბილისის მეტროპოლიტენში სრული განუკითხაობაა, რომელიც სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს ვინმემ, თორემ არის საშიშროება, მეტროთი მგზავრობისას, საფრთხის რისკები მაქსიმუმამდე გაიზარდოს, მეტროპოლიტენი და, ზოგადად, ქალაქის ტრანსპორტი კი ინფრასტრუქტურის გარეშე დარჩეს. მრავალი მცდელობის მიუხედავად, არც მერიაში და არც მეტროში "ვერსიის" მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. არადა, რესპონდენტების თქმით, ჩვენს მიერ მოყვანილი პრობლემები აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია - მეტროს მიწისქვეშა გვირაბები კიდევ ბევრ საიდუმლოს მალავს.

დავით დევიძე

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია