PR-ის ჯანდაცვის მინისტრისეული სამედიცინო განმარტება ინტერნეტჰიტი გახდა

PR-ის ჯანდაცვის მინისტრისეული სამედიცინო განმარტება ინტერნეტჰიტი გახდა

”ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, ჭარბი ჟანგბადი და პიარი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში, დავით აქუბარდიას გადაცემა "სპექტრში".

გადაცემაში მინისტრი კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებში ჩასვლასთან დაკავშირებით მიიწვიეს. მინისტრი ამ რეგიონის მკვიდრთათვის დაგეგმილ სამედიცინო შეღავათებზე საუბრობდა. გადაცემის წამყვანმა, დავით აქუბარდიამ სერგეენკოს ურჩია, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები ჯანდაცვის სამინისტრომ უფრო მეტად გააპიაროს. რის პასუხადაც ჯანდაცვის მინისტრმა პიართან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულება განმარტა და ამისთვის სამედიცინო პრაქტიკა მოიშველია. სერგეენკომ განაცხადა, რომ ჭარბი პიარი, ისევე როგორც ჭარბი ჟანგბადი, მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

"ძალიან ზუსტი ანალოგია პიარსა და ჰაერში ჟანგბადის რაოდენობას შორის. ისევე, როგორც ჟანგბადის რაოდენობა აუცილებელია,  ამის (პიარის) გარეშე ვერ იარსებებს ვერანაირი სტრუქტურა. ჟანგბადის კონცენტრაცია უნდა იყოს შერჩეული ისე, რომ უზრუნველყოს ოპტიმალური ფუნქციონირება.

როდესაც ჟანგბადს ვაწვდით ბევრს, იმაზე მეტს, რაც საჭიროა, (ვგულისხმობ პიარს) მე გეტყვით სამ სიმპტომს და ვფიქრობ, რომ გენიშნებათ ეს სამი სიმპტომი - პირველი ეს არის აგზნება, ეიფორია, იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივად არის. მეორე ნიშანია მხედველობის დარღვევა, გვირაბისებრი მხედველობა, როდესაც მხედველობის ველი შევიწროებული გაქვს  და ხედავ მარტო იმას, რისი დანახვაც გინდა. ამის მერე  იწყება ძალიან სამწუხარო ამბები, როდესაც იწყება ორგანოების შეუქცევადი  დაზიანება, და სისტემის გარდაცვალება. ამიტომ, ჩვენ პიარს ანუ ჟანგბადს ვიყენებთ ზუსტად იმ მოცულობით, რომ უზრუნველვყოთ სისტემის ეფექტური მუშაობა, მაგრამ წლების განმავლობაში საზოგადოება შეჩვეული იყო ჭარბ ჟანგბადს და უბრალოდ, ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ჭარბი ჟანგბადი და პიარი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის",- განაცხადა მინისტრმა გადაცემის ეთერში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა