"ნაციონალური მოძრაობა" არის ერთადერთი შემდგარი პარტია, რომელსაც უნდა დაეფუძნოს დემოკრატია", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა, რაც ერთი წლის განმავლობაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაიტანა პარტია არსებობას აგრძელებს.
"ნაციონალური მოძრაობა" არა თუ არსებობას აგრძელებს, ის რჩება ქართული დემოკრატიის დასაყრდენი იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველა პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო, დაწყებული "მრგვალი მაგიდიდან" დამთავრებული "მოქალაქეთა კავშირით" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ქრებოდა. ამ თვალსაზრისით "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთადერთი შემდგარი პარტია, რომელსაც უნდა დაეფუძნოს დემოკრატია, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერს სჭირდება განახლება, ყველაფერს სჭირდება ახალი სისხლი. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება პარტიაში. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ყველა რაიონული ორგანიზაცია თვითონ აირჩევს თავმჯდომარეს. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ პარტია გადადის კოლექტიურ მმართველობაზე და პოლიტსაბჭო მიიღებს ყველა ფუნდამენტურ გადაწყვეტილებას. ასევე, ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე პარტია გამოაცხადებს პრაიმერს, რომ უზრუნველყოფილი იყოს შიდა კონკურენცია", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, დემოკრატია ეფუძნება პარტიებს და პარტიების შეჯიბრითობას და ამ თვალსაზრისით აუცილებელია ქვეყანაში ძლიერ, იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტია არსებობდეს.
"ამ თვალსაზრისით მინდა ვთქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შედგა. მე ვისურვებდი კიდევ სხვა პარტიებიც შემდგარიყო, რაც იქნებოდა მყარი გარანტი საქართველოში დემოკრატიის ურღვევობის", - განაცხადა გიგი უგულავამ.
სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" რიგით VI ყრილობა მიმდინარეობს.