ნიკა რურუა - გიორგი მარგველაშვილის მეგობარი და მომავალი დრამერი...

ნიკა რურუა - გიორგი მარგველაშვილის მეგობარი და მომავალი დრამერი...

პროფესიით კინორეჟისორია, თუმცა 90-იან წლებში ქვეყანაში არეულობის გამო, სამართლის შესწავლა უფრო პერსპექტიულად მიიჩნია და თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა, იქიდან სამშობლოში რომ დაბრუნდა, პოლიტიკაში ჩაება. ჯერ პარლამენტის წევრი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახლდათ, მოგვიანებით კი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად დანიშნეს. განვლილ წლებზე, მისი შეხედულებით წარმატებულ ნაბიჯებსა და შეცდომებზე, ახლანდელ საქმიანობაზე სასაუბროდ, ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას - ნიკოლოზ რურუას შევხვდი.

- ბატონო ნიკა, პირველ რიგში მაინტერესებს, ამჟამად რას საქმიანობთ, რითი ხართ დაკავებული?

- "შვედეთის ინსტიტუტში" (გერმანული "გოეთეს ინსტიტუტის" მსგავსი დაწესებულება) მყავს მომავალი ჟურნალისტების ჯგუფი, რომლებსაც დასავლური დემოკრატიის ისტორიასა და სამართლის თეორიაში ვუკითხავ ლექციებს. გარდა ამისა, რამდენიმე მეგობართან ერთად, ინტერნეტ-გაზეთი "ივერია" დავაფუძნე, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ქართულენოვანია და საკმაოდ ბევრი მკითხველიც ჰყავს. საიტის ინგლისურენოვანი ვერსიაც იგეგმება, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან თანხებთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, ბანკნოტები ხეზე არ იზრდება... არსებობს ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც გაჭირვებული ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებებს, ჰოსპიტლებსა და კლინიკებს უსასყიდლოდ ეხმარება ტექნიკით. მინდა, რომ ეს ტექნიკა ჩვენი რეგიონების კლინიკებისთვის მოვიძიოთ და გადავცეთ. ამის თაობაზე ორ გუბერნატორს უკვე ვესაუბრე (მათ ვინაობას ჯერჯერობით არ გაგიმხელთ). 3-4 თვეში ეს პროცესი უნდა დამთავრდეს. ასევე გაგეცინებათ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ მთელი წელი, რითიც შემიძლია, ვეხმარები იმ ადამიანებს, რომლებთანაც, როგორც კულტურის მინისტრს, მქონდა ურთიერთობა. ბევრი მათგანი მირეკავს და დახმარებას ან სამინისტროსთან შუამდგომლობას მთხოვს.

- კულტურის სამინისტროში კიდევ არსებობენ ის ადამიანები, რომლებიც თქვენს თხოვნებს შეასრულებენ?..

- როცა გამოუვალი მდგომარეობა შექმნილა და სამინისტროსა და არტისტებს შორის კომუნიკაცია არ შემდგარა, პირადად მინისტრთან, გურამ ოდიშარიასთან მიშუამდგომლია.

- ანუ, ახალ მინისტრთან კარგი ურთიერთობა გაქვთ?

- ნამდვილად კარგი ურთიერთობა მაქვს. ეს საქმისთვის საჭიროა. არ მიმაჩნია ცივილიზებულად, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა ერთმანეთი პიროვნულად შეიძულონ. რაც გურამმა მკითხა, ყველაფერზე გულწრფელი პასუხი გავეცი. რჩევებიც მივეცი, რომელთაგან ბევრი გამოიყენა კიდეც... არ მჯერა იმ ხალხის, ვინც ამბობს, რომ პოლიტიკა დამღლელი და ბინძურია. არსებობს ბინძური, დამღლელი, უინტერესო და ბრიყვული პოლიტიკა, მაგრამ საინტერესო პოლიტიკაც არსებობს და ვცდილობ, ამ საქმეს ვემსახურო...

- ბატონო ნიკა, თქვენს წარსულზეც მინდა გკითხოთ. მუსიკალური განათლება გაქვთ...

- მართალია. მუსიკა ძალიან მიყვარს. 8 კლასის შემდეგ, ბალანჩივაძის სახელობის მესამე მუსიკალურ სასწავლებელში გადავედი. მერე კი თეატრალურ ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე.

- მუსიკალური კარიერა რატომ არ განაგრძეთ?

- მუსიკა მიყვარდა, მაგრამ მუსიკოსობა არასოდეს მინდოდა. ფორტეპიანოზე ვუკრავდი. ახლა დრამზე დაკვრას ვსწავლობ. მაქვს ამის დრო და დიდ სიამოვნებასაც მანიჭებს.

- ვიცი, რომ ბევრ მუსიკოსს საზღვარგარეთ სწავლასა და კარიერის "გაკეთებაშიც" ეხმარებით...

- ნამდვილად ასეა. როცა მინისტრი ვიყავი, ეს ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო. დღესაც, რითიც შემიძლია, ყველას ვეხმარები. ერთ-ერთი მათგანია ბექა გოჩიაშვილი. სხვათა შორის, მისი ახალი დისკი, რომლის შექმნაშიც ვეხმარები, "გრემის" კონკურსზე იქნება წარდგენილი. ბექა პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელიც ამ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. სამწუხაროდ, კულტურის სამინისტრომ წელს მისი სწავლის საფასურის გადახდაზე უარი თქვა, თან ეს - ბოლო წელია. ამიტომ ბექას სწავლა პრეზიდენტის ფონდმა დააფინანსა.

- მუსიკის სიყვარულის გამო დააარსეთ ბათუმის ჯაზფესტივალი და წელს არც ეს პროექტი დააფინანსა კულტურის სამინისტრომ...

- ჯაზი ძალიან მიყვარს და ამ ფესტივალის დაარსების იდეაც ამიტომ გამიჩნდა, თუმცა მას ეკონომიკური დატვირთვაც აქვს: ბათუმი საკურორტო ქალაქია და ეს პროექტი მის განვითარებას ძალიან უწყობს ხელს. აჭარის ბიუჯეტში მილიონობით ლარი შემოდის, რადგან სეზონზე, ყველაზე მეტი ბენზინი, სასტუმროს ოთახი და ალკოჰოლური სასმელი იყიდება. სამწუხაროდ, კულტურის სამინისტრომ ამ ფესტივალის დაფინანსება მართლაც შეწყვიტა, რაც ჩემთვის ცოტა გაუგებარია. წელს პატარა მასშტაბით მაინც ჩატარდა მეშვიდე ფესტივალი და ძალიან კარგია, რომ ჩატარდა. ჯაზი არის ენა, რომლითაც შეგიძლია, მსოფლიოს ელაპარაკო. გენიალურია ფოლკლორი, მაგრამ ჯაზი - უნივერსალურია...

- კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაბარება რამ განაპირობა?

- მამაჩემი კინოს მხატვარია და ფაქტობრივად, გადასაღებ მოედანზე გავიზარდე. ჩემს არჩევანზე კი გავლენა იმ გარემომ იქონია, რომელშიც ვცხოვრობდი. ქართულ კინოს თავისი სახე და ტრადიცია აქვს და არ შეიძლება, რომ ის დაიკარგოს. ამჟამად, პირველ რიგში, დრამატურგიაა მისახედი. ახალგაზრდებმა წერა უნდა ისწავლონ. მინისტრობისას კინოსთვის ბევრი რამ გავაკეთე. თაკო ტატიშვილი (კინოცენტრის იმჟამინდელი ხელმძღვანელი. - რედ.) და კინოცენტრი ნამდვილად კარგად მუშაობდნენ. გარდა ამისა, ჩამოვიყვანეთ სერიოზული ევროპელი სპეციალისტები და რამდენიმე კარგი ტრენინგი ჩავუტარეთ სტუდენტებს, სადაც, სხვათა შორის, მწერლებიც მოვიდნენ. მეტის გაკეთება ვეღარ მოვასწარით. ჩვენმა მწერლებმა რომ სცენარების წერა ისწავლონ, ამით თვითონაც ფულს იშოვიან და კინოსაც დაეხმარებიან.

- როგორც ვიცი, სტუდენტობის დროსაც აქტიურად იყავით პოლიტიკაში ჩაბმული. "ნაციონალურ მოძრაობაში" როგორ აღმოჩნდით?

- ჩემი სტუდენტობის დროს საბჭოთა კავშირი დაიშალა. მაშინ კერძო პროდიუსერები არ არსებობდნენ, სახელმწიფოს მხრიდან კი ყოველგვარი დაფინანსების სისტემა მოიშალა, ამიტომ სწავლა სამართლის სფეროში განვაგრძე. გადავწყვიტე, რომ ეს სფერო ჩემს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა და სამწუხაროდ, დღესაც ძალიან სჭირდება... სამართლის ფაკულტეტი ამერიკაში დავამთავრე. იქიდან რომ დავბრუნდი, ერთმა მეგობარმა ზურაბ ჟვანია გამაცნო. მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ არ არსებობდა. მე და ჟვანიას კიდევ რამდენიმე საერთო მეგობარი გვყავდა და ასე ჩავერთე პოლიტიკაში. აქტიური სტუდენტი ნამდვილად ვიყავი, ომშიც საკუთარი ნებით წავედი...

- რამდენი წლის იყავით, ომში რომ წახვედით?

- ზუსტად არ მახსოვს - 22-23 წლის ვიქნებოდი. "მხედრიონელებთან" ერთად ვიყავი. 800 მათგანი იქ დაიღუპა.

- "მხედრიონში" რატომ იყავით?

- მაშინ ქართული ჯარი არ არსებობდა. გვარდიაც ემბრიონულ მდგომრეობაში იმყოფებოდა. ომში ვნახე ის უთავბოლობა, რაც არავის ბრალი არ იყო, მაგრამ ამავდროულად, ყველას ბრალი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ, ფაქტობრივად, დაგვენგრა ყველაფერი. სამოქალაქო ომმა ახალი სახელმწიფო სისტემის მშენებლობა გამორიცხა და ამ პერიოდში ომის წამოწყება არასწორი ნაბიჯი იყო. იქ ჩასვლისთანავე მივხვდი, რომ ეს წაგებული ომი გახლდათ. ბევრი ვაჟკაცობის მოწმე გავხდი. ბიჭები ყველანაირი წვრთნისა და მომზადების გარეშე ებმებოდნენ ომში და იღუპებოდნენ. მაგალითად, ჩემი მეგობარი, ლევან აბაშიძე საღამოს ვნახე და მითხრა, რომ დილით აფხაზეთში მიდიოდა (მაშინ თბილისში ცოტა ხნით ვიყავი ჩამოსული). ჩავიდა თუ არა, იმავე დღეს დაიღუპა... რომ ამბობენ, იქ რაღაც მხეცობები ხდებოდაო, - ტყუილია. მხეცობები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სეპარატისტების მიერ დაქირავებული მეომრების მხრიდან დაიწყო მაშინ, როცა ჩვენმა ძალებმა სოხუმი დატოვეს. ამის შესახებ პროკურატურაში 500-მდე საქმე დევს. ეს არის წარმოუდგენელი მხეცობის ფაქტები, დაუცველი ხალხის წინააღმდეგ - ნამდვილი ეთნიკური წმენდა.

- 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თქვეს, რომ ომის დაწყებისთანავე საქართველო დატოვეთ და საზღვარგარეთ გაემგზავრეთ...

- საქართველოში ომი რომ დაიწყო, მაშინ ამერიკაში გახლდით. შვებულება მქონდა და ჩემს მეგობარს, ჩვენს ელჩს ამერიკაში ვესტუმრე. ცხინვალში მდგომარეობა რომ დაიძაბა, უშიშროების საბჭოდან დამირეკეს და ჩამოსვლა მთხოვეს. მაშინ საქართველოს მიმართულებით ფრენები აღარ იყო, ამიტომ შემოვლითი გზით მომიხდა სამშობლოში დაბრუნება. ისეთ დროს ჩამოვედი, როცა რუსების მხრიდან დედაქალაქზე შეტევას ველოდით.

- ამ ომის დროს პარლამენტის წევრი იყავით. იმავე წლის ოქტომბერში კი კულტურის მინისტრად დაგნიშნეს. ამ თანამდებობაზე და რატომ დათანხმდით?

- პრეზიდენტმა ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად შემომთავაზა. მაშინდელი კულტურის მინისტრი, გია ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრად გადაიყვანეს. მოსაფიქრებლად 2-3 დღე ვთხოვე. ვიფიქრე, ავწონ-დავწონე, მივხვდი, რომ ეს ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იყო და ამიტომ დავთანხმდი. გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა მამასაც ვკითხე. მან მითხრა: - უამრავ ისეთ ადამიანთან გექნება საქმე, ვისაც ვერაფერს გააგებინებ, ამიტომ ბევრი ნაწყენი გეყოლება და მაგ გადაწყვეტილების მიღებას არ გირჩევო.

- ბატონი ვახტანგის სიტყვები მაშინ აგიხდათ, როცა რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის მმართველის პოსტიდან გაათავისუფლეთ. მაშინ უამრავი ადამიანი იყო თქვენზე განაწყენებული...

- მამას სიტყვები მხოლოდ მაშინ არ ახდა. უბრალოდ, ეს გადაწყვეტილება გახმაურდა, თორემ კიდევ ბევრი სხვა ადამიანისთვის მიწევდა მეც და ჩემს მოადგილეებსაც "არას" თქმა. უარით ბევრი გამისტუმრებია, მაგრამ ახლა არც ერთ ასეთ "არას" არ ვნანობ. პრეზიდენტმა დამირეკა და მითხრა, - სტურუა არ გაათავისუფლოო, - მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. არავის აქვს იმის უფლება, რომ ვიღაცას მეორეხარისხოვან მოქალაქედ აგრძნობინოს თავი. ადამიანი ხომ ეროვნებას არ ირჩევს. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც დადებითად იმოქმედა ბატონ რობერტზე: როგორც ვიცი, ის საუბარში ეთნიკურ ეპითეტებს აღარ იყენებს.

- ამბობენ, რომ თქვენი მინისტრობის დროს, საქართველოდან გასაყიდად გადიოდა ნივთები, რომლებსაც ხელოვნების ნიმუშის სტატუსი ჰქონდა მოხსნილი...

- ტყუილია და ცილისწამება! სისულელეა ეს ყველაფერი. სტატუსის მოხსნის უფლება არ გვქონდა. ვისაც საკუთარი კოლექციიდან რომელიმე ხელოვნების ნიმუშის გაყიდვა სურდა, მას ვაძლევდით საბუთს. მახსოვს, ერთხელ ფიროსმანის სურათი გაიყიდა ასე. ეს კარგია ნახატისთვისაც, ფიროსმანისთვისაც და საქართველოსთვისაც. ფიროსმანის ოთხი მოპარული ტილო ნამდვილად დავაბრუნეთ, რომელიც ჩუმად იყიდებოდა...

- სტალინის ძეგლის გაუქმების ერთ-ერთი ინიციატორი იყავით. რას ფიქრობთ ამაზე ახლა, როცა ამ ძეგლის ძველ ადგილას დაბრუნება გადაწყვიტეს?

- ძველ ადგილას კი არა, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში დადგმას უპირებენ, რაც ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა. სტალინი საკმაოდ ანტიქართული და ანტიდემოკრატიული მოვლენაა. რადგან ეთნიკურად ქართველი იყო, იმას არ ნიშნავს, რომ ბრმად უნდა გვიყვარდეს. სტალინმა დააქუცმაცა საქართველო, შეიწირა ჩვენი ერის ნაღების უმრავლესობა, იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტირანი მსოფლიოს ისტორიაში. სტალინის ძეგლის მუზეუმის ეზოში გადატანა იმას ნიშნავს, რომ მთლად არ გვემეტება გადასაგდებად. ჩემი აზრით, ეს ქანდაკება უნდა დახერხო და გაყიდო ჯართად ან სულაც - სუვენირებად, ზედ კი უნდა დაეწეროს: "სტალინის ქანდაკების ნატეხი - გორიდან". ამ მომგებიან იდეას ვთავაზობ კულტურის სამინისტროს...

- ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრების რესტავრაციაზეც საუბრობდით, თუმცა, როგორც ვიცი, რეალურად, ერთი ძეგლიც არ აღგიდგენიათ...

- მაშინ თურქეთის კულტურის სამინისტროსთან დავიწყეთ მოლაპარაკებები, მათი თანხმობაც მივიღეთ, მაგრამ ამის სანაცვლოდ, აქაური მეჩეთების რეაბილიტაცია-რესტავრაცია მოითხოვეს. ეს საკითხი გაჩერებულია. ამაში ერევა საპატრიარქო თავისი მოსაზრებებით, რაც პრობლემის გადაწყვეტას აფერხებს.

- ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის სამშობლოში ჩამოსვენებისა და დაკრძალვის იდეის ავტორი და ორგანიზატორი ხართ. როგორც ვიცი, თქვენი წინაპარი ქაქუცას რაზმის წევრი იყო...

- მამაჩემის ბაბუა - გიორგი 1924 წლის აჯანყების დაფინანსებისთვის დახვრიტეს. ის თბილისის ორგანიზაციის უფროსი იყო. სხვათა შორის, მისი ფოტო და განაჩენი "ოკუპაციის მუზეუმის" დაარსებისას, უშიშროების საბჭოში აღმოვაჩინე. რაც შეეხება ქაქუცას ჩამოსვენებას, ჩვენი ეროვნული გმირის უკანასკნელი სურვილი ასეთი იყო და ეს სურვილი უნდა აღსრულებულიყო. ჩემი იდეა ნამდვილად იყო და ამას მხარი დაუჭირა პრეზიდენტმაც და მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემაც.

- ქვეყნის სათავეში კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი რომ მოვიდეს, პოლიტიკას დაუბრუნდებით?

- ჩემს პოლიტიკოსობას არავისი დაბრუნება არ სჭირდება. მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი საქმიანობა არანაკლებ მნიშვნელოვანია. განათლება ჩემთვის პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ ვარ იქ, სადაც ვარ. ადრე თუ გვიან, რასაკვირველია, დავუბრუნდები პოლიტიკას. ამისთვის კი "ნაციონალების" დაბრუნება არ არის საჭირო. ჩემს მეგობრებთან ერთად ვიქნები, რომლებიც ზოგი "ნაციონალურ" მოძრაობაშია, ზოგი საერთოდ, არანაირ მოძრაობაში არ არის...

- "ქართულ ოცნებაშიც" გყავთ მეგობრები?

- გიორგი მარგველაშვილი ჩემი მეგობარია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელია, აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს... რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რომელ გუნდშია?! მთავარია, რომ პოლიტიკოსი იყოს ქვეყნის ერთგული, პატრიოტი და დასავლური ორიენტაციის მქონე ადამიანი. პრორუსული კანდიდატისა და ძალის გამარჯვების შემთხვევაში, დავკარგავთ დასავლეთის მხარდაჭერას. შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნებში არ უნდა გაიმარჯვოს არც ბურჯანაძემ და არც ნებისმიერმა სხვა პრორუსულმა ძალამ. მარგველაშვილზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პრორუსული კანდიდატია, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის არ მესმის და არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს (თუკი აქვს) რუსეთთან. ეჭვი მქონდა, რომ მას ჰქონდა რაღაც ვალდებულებები თავისი კაპიტალის გადასარჩენად, მაგრამ ეს მხოლოდ ეჭვია და ამის დამამტკიცებელი საბუთი არ მაქვს... საგარეო საქმეთა სამინისტრო მთელი წელია, ჩუმად ყოფნითა და "ბუჩქებში ჯდომით" ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რადგან არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არც დეკლარაცია, არც დადგენილება, არც რეზოლუცია არ მიღებულა ოკუპაციის წინააღმდეგ. ოკუპაციაზე გაჩუმება პრობლემას არ "აქრობს", ამაზე თვალის დახუჭვა დამაზარალებელია. როგორც კი ხელებს ჩამოვუშვებთ, გაგვანადგურებს, როგორც სახელმწიფოს. ამიტომ ყველა დემოკრატიულად განწყობილ, თავისუფლებისმოყვარე ძალებს ვურჩევ, რომ დადგნენ ერთად საქართველოს ფუნდამენტური ინტერესების სადარაჯოზე...

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია