სირიაში მეომარი ქართველი ქალი მსოფლიოს ნომერ პირველ სნაიპერად აღიარეს!

სირიაში მეომარი ქართველი ქალი მსოფლიოს ნომერ პირველ სნაიპერად აღიარეს!

პატივცემულო მკითხველო, ვიდრე წინამდებარე წერილის კითხვას შეუდგებოდეთ, მანამდე აუცილებლად გაეცანით ცნობას, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სირიიდან გამომიგზავნეს:

"ამა წლის 26-27 სექტემბერს სირიაში, დამასკოში ჩატარდა 134 ქვეყნის ერთობლივი ფართომასშტაბიანი შეკრება, რომელსაც 30 ათასზე მეტი მებრძოლი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ შეკრებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას კავკასიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის 3031 მებრძოლმა და იჩქერიის ლეგიტიმური პრეზიდენტის ჯოჰარ დუდაევის 4200 მებრძოლმა.

მსოფლიოს 134 ქვეყნის მებრძოლებმა განიხილეს მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით ეროვნული ძალების გაერთიანების პერსპექტივა. აღსანიშნავია, რომ ამ შეკრებაზე 134 ქვეყნის ქრისტიანულ-მაჰმადიანური სამყაროს მებრძოლებმა, სირიაში თავდადებული ბრძოლისათვის გმირის წოდება მიანიჭეს 38 წლის ქართველ გოგონას მართა სავანელს და აღიარეს როგორც პირველი სნაიპერი ქალი მსოფლიოს მასშტაბით.

აღნიშნული შეხვედრა თავისი მასშტაბით პირველია ბოლო 20 წლის განმავლობაში.

ლაშა გამსახურდია, სალომე მწითური, ზაზა ჟორდანია, ევა კაიშაური, ლევან კორინთელი, გიორგი ჩოლოყაშვილი, დავით ჯანდიერი, ლუკა ჯაველიძე, სანდრო მარიამიძე - სულ 3034 მებრძოლის სახელით.

სირია, დამასკო, 30 სექტემბერი".

ცნობაზე ხელმომწერთა შორის სამი ჩემი ნაცნობია - ქალბატონი სალომე მწითური და ბატონები - დავით ჯანდიერი და სანდრო მარიამიძე.

თუ გახსოვთ, ქალბატონ სალომე მწითურთან ერთხელ საგაზეთო ინტერვიუ ჩავწერე, რომელიც ამ ორიოდე წლის წინათ შორეული ლონდონიდან დამიკავშირდა და სისხლის ცრემლებით, ქვითინით მიამბო თავისი და თავისი მეგობრის - დავით ჯანდიერისა და სანდრო მარიამიძის საშინელი თავგადასავალი...

იმ ავადსახსენებელ 1993 წელს, როცა საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გროზნოდან ზუგდიდში ჩამოვიდა, სალომე მწითური, დავით ჯანდიერი და სანდრო მარიამიძე სტუდენტები იყვნენ, რომლებიც პირველი პრეზიდენტის მხარდასაჭერად თბილისიდან ზუგდიდს ჩავიდნენ... ბალტინის კრეისერებისა და ტანკების გამოჩენის შემდეგ, როცა წინააღმდეგობის მოძრაობა მოიშალა, ზუგდიდში შევარდნაძის ხუნტის ჯარები შევიდნენ, ხოლო გამსახურდია დევნილობის უკანასკნელ და სისხლიან გზას დაადგა, სალომე მწითურმა, დავით ჯანდიერმა და სანდრო მარიამიძემ ზუგდიდიდან გაღწევა ვერ შეძლეს. ისინი სხვადასხვა ოჯახებს აფარებდნენ თავს... 1993 წლის ნოემბრის ერთ დაწყევლილ ღამეს, ოჯახს, სადაც ისინი იმალებოდნენ, მხედრიონელთა კბილებამდე შეიარაღებული რაზმით დოდო გუგეშაშვილი მიადგა, რომელმაც აპრიალებული ნაჯახით დავით ჯანდიერს ფეხი მოაჩეხა, სანდრო მარიამიძეს ცხვირი და ყურები დააჭრა, ხოლო სალომე მწითურს ცალ ხელზე ხორცი აათალა და მერე თითებიც დააჭრა!..

ეს ყველაფერი, ქალბატონმა სალომე მწითურმა, რა თქმა უნდა, მე, თქვენ მონა-მორჩილს, ინტერვიუში ქვითინით მიამბო...

17-18 წლის გოგო-ბიჭები ასე დასახიჩრებულები და ნაწამები, გონდაკარგულები დაყარეს გზის კიდეზე...

ცხონებულმა გოჩა ესებუამ და მისმა რაზმმა იპოვეს შემთხვევით ბავშვები, გონზე მოიყვანეს და სამივე ბათუმში ჩაიყვანეს.

დიდი მემედ-ბეგის ღირსეულმა შვილიშვილმა - ბატონმა ასლან აბაშიძემ ჭკუაშერყეული და ქართველთყლაპია ქართველების მიერ ნაწამებ ახალგაზრდებს უპატრონა, მოაკეთა, მოამჯობინა, მერე ყველას ფული მისცა და საზღვარგარეთ გაგზავნა...

დღეს ისინი სამშობლოდან შორს, შორეული სირიის, ირანისა, ერაყის, საუდის არაბეთის, ეგვიპტისა თუ ავღანეთის მზის ქვეშ იღვწიან და იმ დღეზე ლოცულობენ, როცა საქართველოსთვისაც მოუწევთ "მკლავის გამამაცურება".

მე, როგორც ჩუბინიძე, დამასკოდან გამოგზავნილ ცნობაში მოხსენიებულ ქალბატონ მართა სავანელს ვულოცავ მსოფლიოს ნომერ პირველ სნაიპერი ქალის, ანუ ჩუბინის ღირსეული ტიტულის მოპოვებას და ვუსურვებ, საქართველოს დაუძინებელი მტრებისთვის ტყვია არასოდეს აეცდინოს!.. რაც შეეხება შინაურ მაოხრებელ გზირებს, რაკი ზვიად გამსახურდიამ თავის დროზე ისინი სატყვიედ ვერ გაიმეტა, იქნებ ქალბატონმა მართა სავანელმა იყოჩაღოს და მარილით გატენილი "ვითოჟირი" მაინც ბუთქოს სააკაშვილსა და მის ხროვას უკანალში, რაც, ვფიქრობ, მათ გველაძუობისა და ქვეგამხედვარობის სურვილს აუცილებლად წაუხდენს!

ისე კი, აღარ მორჩა ქართველთა მამლუქობის ისტორია...

აფსუს, მართლაცდა, ვის ომში მიდიხართ, ბიჭებო?..

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია