ვინც "კვირის ქრონიკის" ფურცლებზე ვიცეპოლკოვნიკ ქეთი ზარნაძის ინტერვიუს ადევნებს თვალს, მისთვის თამილა ვარდაიას სახელი ცნობილია. ესაა პატიმარი, რომელსაც ციხის ადმინისტრაციამ ბავშვი უკანონოდ ჩამოართვა და გაუშვილა. ეს ისტორია თავის დროზე ზარნაძემ მოკლედ გვიამბო. ორიოდე დღის წინ თამილა ვარდაია განთავისუფლდა და ახლა თავად მოგვიყვება, რა ხდებოდა და რა ხდება დღეს ციხეში.
- ციხეში არაფერი შეცვლილა. არ ვაზვიადებ, აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა, მედიკო ალანიას ნათესაური კლანი დღესაც მართავს ციხეს და ალანიას და, ძმა, ბიძაშვილი, ყველა იქ არის მიყვანილი სამუშაოდ. მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ: მედიკოსთან ნათესაობა და მისი ერთგულება.
- თავიდან დავიწყოთ. როდის მოხვდით ციხეში და რა მიზეზით?
- 2009 წელს, ნარკოტიკების მოხმარებისთვის, 260-ე მუხლი. პატიმრობისას ვიყავი ფეხმძიმედ, ღმერთმა არ გამწირა და გავაჩინე ჯანმრთელი ბაშვი. მაშინ კალმახელიძე რომ გამოდიოდა და ამბობდა, "მამკებს" განსაკუთრებით ვუფრთხილდებით და საუკეთესო პირობებში გვყავსო, ეს არის მწარე ტყუილი.
სანამ ფეხმძიმედ ვიყავი, ავადმყოფებთან ვიყავი ერთ საკანში. სანნაწილში ყველა დაავადებით იყვნენ მოხვედრილი ქალები და იქ ვიყავი მეც, ორსული და წლამდე ბავშვიც იქ გავზარდე. აქ ჩემი შვილი მყავდა და გვერდით ტუბიანი ავადმყოფი იწვა.
- ეს არ იყო დარღვევა?
- რა თქმა უნდა! ღმერთს მადლობა, ბავშვი ჯანმრთელი გავზარდე. მე წავიკითხე ის გაზეთი, ქეთი რომ ყვება ჩემს შესახებ, მაგრამ იქ რაღაცები არ არის ნათქვამი და იმას დავამატებ. ის გიორგი როდონაია და გიორგი ფიფია იყენებდნენ თავის ხიბლს და შური-მური ჰქონდათ პატიმარ "მამკებთან", რომ თავისკენ გადაებირებინათ.
- რა მიზნით?
- ხმა რომ არ ამოეღოთ, ამ დროს ბავშვებს არც აცრა ჰქონდათ თავის დროზე, არც პამპერსი და არც კვება. ამ დროს ეს ჩვენ გვეკუთვნოდა, სახელმწიფო ამაზე ფულს ხარჯავდა და ეს ყველაფერი მიდიოდა სხვის ჯიბეში. მე ვაღიარებდი, რომ დანაშაული ჩავიდინე და მაგიტომ ვიჯექი, მაგრამ ვითხოვდი სამართალს. ის ზეთი რომ არის ჩემი შვილისთვის გამოყოფილი და შენ სახლში მიგაქვს, ეგრე არ არის. ასევე გვაძლევდნენ ბავშვისთვის გახსნილ წამლებს, რაც ასევე დაუშვებელია.
- რას ნიშნავს გახსნილი წამალი?
- მაგალითად, მოგვცემდნენ ხველების ვიღაცის უკვე ნახმარ სეროფს. ანდა ვადაგადაცილებულ ანტიბიოტიკს, ანდა, 2 წლის ბავშვის საკვების ნაცვლად ექვსი თვის ბავშვის საკვებს, არადა კიდევ ვიმეორებ, ეს ჩვენ კანონით გვეკუთვნოდა და ამაზე რომ ხმას ვიღებდი, მწარდებოდნენ. ჩემი განეიტრალება მანამედ უნდოდა ადმინისტრაციას, იმიტომ, რომ უკვე ძალიან ვეჩხირებოდი თვალში და ეს ხდება ზუსტად ერთი წლის წინ: ერთი "კამფორა" გვქონდა, სადაც ცხრა დედა ვამზადებდით ბავშვისთვის საჭმელს. გახსოვთ, ქეთიმ მოგიყვათ, რომ მე წინასწარ ღამე ვხარშავდი საკვებს, რადგანაც დღე ამის დრო არ მექნებოდა, სხვას ვერ გავაჩერებდი დიდხანს. ალანიას ბრძანებით, დედები და ბავშვები ღამით ვიკეტებოდით და ღამე ბავშვი ცუდად რომ გამხდარიყო, თავში ქვა რომ გეცა, არ მოგხედავდა არავინ. ამ დროს, ამის უფლება არ აქვთ, ეს დარღვევაა. მთლიანი შენობა ჩაკეტილი იყო და რისი ეშინოდათ? რა აუცილებელი იყო ოთხმეტრიან ოთახში დედა-შვილის ღამით კლიტით ჩაკეტვა? მაგრამ ალანია ასე გვსჯიდა დედებს სიმართლის თქმისთვის. მოკლედ, მითხრეს ოთახში შევსულიყავი, არ შევედი იმიტომ კი არა, რომ ასეთი ხოში მქონდა, იმიტომ, რომ ხორცის მოხარშვას ველოდებოდი.
მოვიდა ზონის უფროსი ფიფია, რომელიც ამ დროს მთვრალი იყო, ვიღაცის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და, გამოვიდა, რომ ხელი შევუშალე. ეს ჩაითვალა წინააღმდეგობის გაწევაში და თმით მითრია და წავიქეცი. ბავშვმა ჩემს კივილზე გაიღვიძა და გამოვიდა. მოვასწარი ის, რომ ჩემი გოგო ჩავიხუტე და წავიდა ბავშვის გამოგლეჯა ჩემი ხელიდან, რომ ქვემოთ ჩამათრიონ. ბავშვიანად შემათრიეს ოთახში, შვილი ვერ ხვდება, რა უნდათ ჩემგან.
- არ დაემორჩილეთ ბოლომდე?
- როგორ არ დავემორჩილე, რადგანაც ვხედავ, ჩემი შვილის გაგიჟებულ რეაქციას. გათენდა დილა და მინდოდა, გამეპროტესტებინა ეს ამბავი და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ნახვა მოვინდომე ამ შეურაცხყოფის გამო. როდონაიამ გამაფრთხილა, ხელმძღვანელობას არა და კურორტს გაჩვენებო. მაპატიეთ, გახსენებაც არ მინდა, ისე ცუდად ვხდები (ტირის). 4 საათია და ამიყვანეს ადმინისტრაციაში, სადაც დამხვდა ბედნიერი სახით მედეა ალანია და კობა უტიაშვილი, ბავშვთა უფლებების დამცველი. მინდოდა ამ კაცისთვის მენახვებინა პირობები, როგორ გვიჭირდა დედებს და არც კი მომისმინა და ვხვდები, შვილს მართმევენ. ჩავიხუტე შვილი და კორიდორში გამოვედი. აი იქ უკვე დამესია ხუთი კაცი, მაგრამ ვერ მგლეჯენ ხელიდან ბავშვს. ეს ისეთი სცენა იყო, ვერ აგიწერთ. ჩემი მარი კივის უკანასკნელ ხმაზე. გადამაქციეს ზურგით და ვხედავ, რომ მარი ხელს არ მიშვებს და მე ვღმუი. უცებ ვხედავ, რომ ნემსი აქვთ ხელში და უნდა გამიკეთონ.
- რა ნემსი, ვინ ცდილობდა ამას?
- გიჟებს რომ აწყნარებენ, აზალეპტინს, ის. ექიმს ჰქონდა ხელში შპრიცი, კოლა ერქვა, გვარი არ მახსოვს. წაქცეული მარტო ვხედავდი კაცების ფეხებს. ვერ მიშველა ამ ნემსმა და ამ დროს ვხედავ, რომ ვიღაცამ შვილი მომაგლიჯა ხელიდან და გაგიჟებულმა თვალი გავაყოლე, მეშინოდა, ბავშვის ფეხები ხელში ხომ არ დამრჩა-მეთქი. გეუბნებით, სასწაული ხდებოდა. ეს კივილი და ჩემი ღმუილი ისმოდა მთელ ადმინისტრაციაში.
- ალანიაც ესწრებოდა ამ უბედურებას?
- ის თავის კაბინეტში მონიტორით უყურებდა ამ სცენას. მაგის დაგეგმილი იყო და სად გამოვიდოდა?
წამიყვანეს კარცერში, ჩემი შვილი კი გააშვილეს იმ წამშივე, გარეთ უკვე მანქანა ელოდებოდა ჩემს მარის. დავაპირე თავის ჩამოხრჩობა და კარცერში შემოუშვეს პატიმარი, რომ ჩემთვის ეყარაულა.
თავის მოკვლის მცდელობისას იმან კივილი რომ ატეხა, როდონაია შემოვიდა და დამცინა, თავი, რომ დაგიჭირეს, მაშინ უნდა მოგეკლაო. მეორე დღეს გამიშვეს ტუბის ანალიზზე, ეს რას ნიშნავს, იცით? აუცილებლად დამიდგენდნენ ტუბს და ამ შემთხვევაში მათ გასამართლებელი საბუთი ექნებოდათ ჩემი შვილის გაშვილების. არ ჩავაბარე. მერე ლევან დიღმელაშვილმა, რომელიც ალანიას სიძეა, მომიგზავნა ფსიქიატრი, როგორც გიჟს. ფსიქიატრს ვუთხარი, ვინც დედას თავის შვილს წაართმევს, იმას სჭირდება ფსიქიატრი, ის ადამიანი არ არის-მეთქი. ამ დროს ისევ და ისევ მაძალებენ, რომ აუცილებლად ტუბზე გავესინჯო და ვერ დამიმორჩილეს.
- ბავშვი ამ დროს სად არის, იცით?
- ერთ წუთში გადაიყვანეს სხვა ოჯახში ბავშვი და გამიშვილეს გარდაბანში, ერთ ოჯახში. რა არ დავწერე და ვის არ მივწერე, შვილი რომ მენახა და 2 კვირის შემდეგ მომიყვანეს ბავშვი. ეს იყო ჩამომხმარი მარი. გავსინჯე, ხელები ვუნახე, ფეხებზე "ნასკები" გავხადე და ვნახე, როგორი მოუვლელი იყო, ეს იყო ბომჟების ბავშვი. აშკარად ჩანდა, რომ ის ოჯახი კარგად ვერ უვლიდა. ამ დროს როგორ ვიხვეწებოდი, რომ ჩემი ძმისთვის გაეტანებინათ და ამას ვწერდი ყველგან, რომ ჩემი შვილი ბიძას წაეყვანა, რომ ისევ ჩემს ოჯახში ყოფილიყო. მაგრამ მანამდე, სანამ ამას მივაღწევდი, ვერაფერს ვამბობდი, რადგანაც კიდევ მეშინოდა, ახლა სხვა ოჯახში არ გადაეგდოთ ჩემი შვილი. სანამ ჩემთან იყო მოსული ბავშვი, სულ კითხულობდა, ფიფია და როდონაია უნდა შემოვიდნენო?
- როდის დაიბრუნეთ შვილი?
- ორი თვე ვომობდი, რომ ჩემს ძმას ეშვილა და არა უცხოებს. ამის გამო დიდხანს ვიშიმშილე. ეს ის დროა, უკვე ხელისუფლება რომ იცვლება და დავურეკე იმ უფლებადამცველ კობა უტიაშვილს და ვუთხარი, ხელიდან რომ გამომგლიჯეთ და სასწრაფო წესით გამიშვილეთ შვილი, რატომ ყურადღებას არ აქცევთ-მეთქი და მიპასუხა, რომ მე ვასრულებდი მედეა ალანიას ბრძანებასო, სიტყვასიტყვით გეუბნებით.
ამის შემდეგ დავურეკე ზვიად კვარაცხელიას, ალანიას სიძეს და გადავეცი ეს სიტყვები.
- და რა გიპასუხათ?
- გამითიშა ტელეფონი.
- თქვენ განთავისუფლდით "უდოთი" და რა ხდება ციხეში?
- უარესი, ვიდრე ნაცების დროს.
ალანია ხომ ვითომ წამოვიდა ციხიდან? ისევ იქ არის, მისი სული ისევ ციხეში ტრიალებს! მაგისიანია ყველა, ვინც კი ახლა ციხეშია. მედიკო ალანიას დისშვილია ფატი კვეტენაძე, ალანიას ძმისშვილები არიან ლიკა და ბაჩო ალანიები, სიძე – ლევან დიღმელაშვილი, მისი რძალი ლობჟანიძე, კონტროლიორი - მათიაშვილი, უსაფრთხოების ინსპექტორები სულ ალანიას კადრები არიან, სოცმუშაკებიც ალანიას კადრები არიან და ყველა ერთმანეთის ნათესავია...
საერთოდ, მთელი სენაკი და ნოსირი ციხეში მუშაობს, საიდანაც არის მედეა ალანია. ალანიას კადრია ციხის ახალი უფროსი გიორგი სუდაძე და მისი მოადგილე ხათუნა ჯაპავა. ყველა მაგისიანია და ყველა მაგის ხაზს აგრძელებს. ბოლო დღემდე ვგრძნობდი, რომ ისევ ალანია მართავს ციხეს და ვიმეორებ, ეს არის კლანი, რომელიც არ დაშლილა და ყველანი იყვნენ მიშას მონები. კარგად მახსოვს, ბიძინა რომ მოდიოდა, ამბობდნენ მოიცადეთ, ორ თვეში ისეთ ჩავატარებთ, ყველას დუბინკებით უკან შემოვყრით ციხეშიო და იგივე ხალხი მუშაობს, ჩემო კარგო, რომლებიც "ოცნებას" დუბინკებით ემუქრებოდა. რაც ჩემი შვილი და მე ერთად ვართ, მარის ხელი არ გაუშვია ჩემთვის.
რაც გამოვედი, სტრესის გამო მას, სამი წლის ბავშვს, დაეწყო თმის ბუდობრივი ცვენა და ამაზე დავრბივარ, სულ წამლებს ვეძებ.
მარტო ორასი ლარის წამალი უკვე ვუყიდე ბავშვს, რომელსაც ღამე არ სძინავს და სულ ციხის ცემა ესიზმრება ერთი წლის მერეც. დამყავს ფსიქოლოგთან, დამყავს პედიატრებთან და საბოლოოდ რა იქნება, ჯერაც არ ვიცი. ამ დღეებში საჩივრის დაწერას ვაპირებ პროკურატურაში. კი, ციხე კარგი არ არის და იქ მე სასჯელს ვიხდიდი, მაგრამ იმას, რასაც პატიმრებს გვიკეთებდნენ, არაადამიანობა ჰქვია.
კომენტარისთვის დავუკავშირდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, მიხეილ ღურწკაიას.
- მედეა ალანია დღესაც თუ მუშაობს თქვენთან და მის წინააღმდეგ რომ უამრავი საჩივარი იწერება გაზეთში, ეს თუა თქვენთვის ცნობილი?
- ვადასტურებ, მედიკო ალანია ჩვენთან ნამდვილად მუშაობს (პაუზა), მასზე საჩივრები ნამდვილად არ ვიცი, თუ შემოსულია.
- გაზეთებს არ კითხულობთ?
- კი, ვკითხულობ, მაგრამ რაღაც...
- ყოფილი პატიმარი თამილა ვარდაია მედეა ალანიას ადანაშაულებს უკანონო ქმედებებში, უამრავ დარღვევას აღწერს ციხეში და ასევე ამბობს, რომ ალანიას სული ჯერ კიდევ იქ ტრიალებს, რადგანაც მთელი მისი კლანი ამჟამადაც იქ მუშაობს, ანუ სასჯელაღსრულებაშიო.
- მედეა ალანია 35 წელი მუშაობდა ციხეში და არ არის გასაკვირი, რომ მისი ახლობლები იქ იყვნენ კიდევ.
- ამ რაოდენობით?
- სხვათა შორის, პროკურატურაში იყო ალანიას წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარი შემოსული, მაგრამ ფაქტები არ დადასტურდა. ძალიან კარგი იქნება, თუ ვარადია ითანამშრომლებს პროკურატურასთან. იქ გაირკვევა ყველაფერი.
თამარ ოქრუაშვილი