რომელი კანდიდატის სარეკლამო რგოლია უფრო ეფექტური

რომელი კანდიდატის სარეკლამო რგოლია უფრო ეფექტური

"პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებული პიარრეკლამები წინა წლებთან შედარებით ნაკლები აგრესიულობით გამოირჩევა. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი წინასაარჩევნო პიარაქციები კლასიკური ფორმით მიმდინარეობს", - ამბობს პიარტექნოლოგი სოსო გალუმაშვილი.

ვინ რა ხერხს მიმართა ელექტორატის მოსაზიდად, დაუშვეს თუ არა შეცდომები პარტიებმა პიარის კუთხით და რომელია ყველაზე მომგებიანი წინასაარჩევნო რეკლამა - ამ საკითხებზე "მთელი კვირა" სოსო გალუმაშვილს ესაუბრა.

- როგორ შეაფასებთ პიარის თვალსაზრისით წინასაარჩევნო გარემოს?

- მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წლებთან შედარებით წლევანდელი არჩევნები პიარის მხრივ დაბალანსებულად მიმდინარეობს. არცერთი პარტიის პიარსვლები არ გამოირჩევა იმ დონის აგრესიულობით, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი კლასიკური ფორმით მიმდინარეობს.

- თქვით, რომ პიარსვლები არ მიმდინარეობს იმ დონის აგრესიულობით, იმასაც ხომ არ გულისხმობთ, რომ პარტიები ამ კუთხით შეცდომებს არ უშვებენ?

- ვინაიდან წინასაარჩევნო გარემო არ არის დაძაბული, შეცდომებიც ნაკლებია. უხეშ შეცდომებს ვერ ვხედავ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტტექნოლოგები საკმაოდ გაიზარდნენ. ისინი დასავლეთის კოლეგებს უკვე აღარ ჩამოუვარდებიან.

ამ არჩევნებში განსაკუთრებით სამი პარტია ლიდერობს - ბაქრაძის, მარგველაშვილის და ბურჯანაძის. შევეცდები, თითოეული მათგანის დადებით და უარყოფით მხარეებზე გესაუბროთ.

მარგველაშვილს არ აქვს ერთი კონკრეტული სლოგანი. მის პიარრეკლამებში რამდენიმე ლოზუნგი ფიგურირებს, რაც, მე ვფიქრობ, მის ელექტორატს აბნევს. ის უნდა ჩამოყალიბდეს ერთ კონკრეტულ სლოგანზე და ერთი გეზი უნდა ჰქონდეს აღებული. ეს უფრო მეტ ნდობას მოუტანს.

რაც შეეხება ბურჯანაძეს, ამ მხრივ ის ყველაზე დაბალანსებულია. მას აქვს ერთი კონკრეტული მიმართულება აღებული და იმ კუთხით მუშაობს. არ უხვევს თავის სტრატეგიიდან და ეს ძალიან კარგია მისი პარტიისთვის.

რაც შეეხება ბაქრაძეს, მათი საარჩევნშო რეკლამა "ოცნების" შეუსრულებელ დაპირებებზეა აგებული, მაგრამ არ უნდა მოახდინონ ხალხის ზედმეტად გადატვირთვა. ამ რეკლამამ თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა, ამიტომ შესაძლოა, ხალხის გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია ოპონენტი პარტიის ანტიპიარი? არის თუ არა ალბათობა იმისა, რომ პარტიამ სხვისი ანტიპიარით საკუთარი ელექტორატის დაკარგვა გამოიწვიოს?

- მოწინააღმდეგე პარტიის ანტიპიარი პიარის ერთ-ერთი ფორმაა და საკმაოდ კარგიც. ამ ხერხს ხშირად მიმართავენ დასავლეთის ქვეყნებშიც და მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა. "არ შესრულდა" კამპანიით ბაქრაძემ მიიღო ის შედეგი, რაც უნდა მიეღო.

მსგავსი პიარრეკლამები განსაკუთრებით მოქმედებს ელექტორატის იმ ნაწილზე, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. ამით მერყევი ელექტორატის გადაბირება ძალიან ადვილად შეიძლება.

ანტიპიარი იმ შემთხვევაშია გაუმართლებელი, თუკი ის დეზინფორმაციას ავრცელებს და გარკვეული ნიუანსებით კანონთან შეუსაბამობაში მოდის. ასეთ შემთხვევაში მოწინააღმდეგე პარტიას შეუძლია, უჩივლოს მის ავტორს. ჩვენს რეალობაშიც მარგველაშვილს შეუძლია, უჩივლოს ბაქრაძეს.

- თქვით, რომ მოწინააღმდეგე პარტიის ანტიპიარი კარგი ხერხია ელექტორატის მოსაზიდად. შეიძლება თუ არა ასევე პიარის ნაწილად ჩაითვალოს "ნაციონალების" ყრილობა, რომელიც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ტარდება?

- ასეთი ყრილობა ყოველთვის მხოლოდ პიარისთვის არის გათვლილი. ეს სწორიც არის. ვერ ვიტყოდი, რომ ეს პიარის ხერხია. ეს არის ელექტორატთან კომუნიკაციის საშუალება და მთავარი გზავნილების ამომრჩევლამდე მიტანა.

- თქვენ რომ მერყევი ელექტორატის ნაწილი იყოთ, რომელიც ინფორმაციას პარტიების შესახებ მხოლოდ პიარრეკლამების საშუალებით იღებს, რომელი პარტიისკენ გადაიხრებოდით? როგორ ფიქრობთ, რომელ პარტიას აქვს ყველაზე მომგებიანი პიარკამპანია?

- რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. რაღაც კუთხით ყველა პარტიის რეკლამა მომგებიანია. მომგებიანია იქიდან გამომდინარე, რომ რეკლამები კონკრეტულ მასაზეა გათვლილი. გააჩნია პარტიის ინტერესებს, გააჩნია, რა ამბიციები აქვთ მათ არჩევნებში. ჩვენ ხომ არ ვიცით, კონკრეტულად ელექტორატის რა ნაწილის მოზიდვა სურთ?

როდესაც არჩევნები დამთავრდება, მაშინ უფრო გამოჩნდება. შედეგის მიხედვით გავაანალიზებთ, შეძლეს თუ არა პარტიებმა იმ ელექტორატის მოზიდვა, რომელზეც გათვალეს რეკლამები. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ პიარი არ არის მხოლოდ რეკლამა. გააჩნია, ისინი რას აკეთებენ წინასაარჩევნოდ, როგორ ამყარებენ ხალხთან კომუნიკაციას, რა ნაბიჯებს დგამენ ისეთს, რაც ამომრჩეველს მოეწონება და ა.შ.

ნინო ზედგინიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

ასევე იხილეთ: ყველაზე პოპულისტური და ცრუ წინასაარჩევნო დაპირებები

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა