რაჭაში რთველის მიმდინარეობის პროცესს სამართალდამცავები დააკვირდებიან

რაჭაში რთველის მიმდინარეობის პროცესს სამართალდამცავები დააკვირდებიან

რაჭაში რთველის მიმდინარეობის პროცესზე მონიტორინგი განხორციელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა, ჯიშების აღრევის თავიდან ასაცილებლად, კონტროლის პროცესში სამართალდამცავებიც ჩაერთვებიან.

დავითაშვილის შეფასებით, რაჭის რთველი ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ რაჭა ხვანჭკარის სამშობლოა.

"ხვანჭკარა არის ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი რუსეთში, უკრაინაში, დსთ-ს ქვეყნებში. ხვანჭკარა იმდენად შეზღუდული რაოდენობით მოდის, ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, რამდენად არის ნამდვილი საქართველოში წარმოებული ხვანჭკარა. ჩვენ შევხვდით ადგილობრივ მევენახეებს, გლეხებს, რომელთა სურვილია, დაცული იყოს ის ღირსება და სახელი, რასაც ხვანჭკარა ჰქვია. ვეცდებით, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად განვახორციელოთ მკაცრი მონიტორინგი რთველის მიმდინარეობის პროცესში. ჩვენი სააგენტო აღრიცხავს ჩაბარებულ თითოეულ კილოგრამ ყურძენს, რათა არ დავუშვათ სხვა წითელი ყურძნის შემოდინება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი ინფორმაციით, მონიტორინგი  რთველის მიმდინარეობის პროცესში, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

"ეს კეთდება, რათა არ მოხდეს ჯიშების აღრევა, ჯიშური სიწმინდის დარღვევა და მკაცრი ადმინისტრირებით მივიღოთ ნამდვილი "ხვანჭკარა", რომელიც ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ღვინოა. იმისთვის, რომ პროცესი სწორად წარიმართოს, იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და სწორი ადმინისტრირება მაღალ დონეზე შესრულდეს, შინაგან საქმეთა სამინსიტრო იქნება ჩართული", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ რთველი რაჭაში კვირის ბოლომდე დასრულდება.

ლევან დავითაშვილი უკვე რაჭაში იმყოფება და განმარტავს, რომ რთველის მიმდინარეობის პროცესს მთელი კვირის განმავლობაში უშუალოდ უხელმძღვანელებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია